დრაკონის ენერგოწყურვილი

ეკონომიკურ განვითარებას თან გარკვეული გვერდითი მოვლენებიც ახლავს. ჩინეთის შემთხვევაში ეს არის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. ეს ქვეყანა დღეში 3.7 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს (სიდიდით მეხუთე მწარმოებელი მსოფლიოში), თუმცა ეს მის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. 1980 წელს ჩინეთი მსოფლიოში წარმოებული ნავთობის 3%-ს მოიხმარდა. 2010 წლისთვის ის მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელია ამერიკის შემდეგ და წლიურად 10%-ს მოიხმარს. მზარდი ენერგოწყურვილი ჩინეთს აიძულებს, დედამიწის ყველა კუთხეში ეძებოს ნავთობისა და გაზის პოტენციური მიმწოდებელი. მსოფლიოში ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნის გამო კი ის სხვა ქვეყნების ინტერესებს ეჯახება.
ცენტრალური აზია ჩინეთისთვის აღთქმულ მიწად იქცა. გეოგრაფიული მიზეზების გამო თურქმენეთსა და ყაზახეთს წლების მანძილზე არ ჰქონდათ საშუალება საკუთარი რესურსები მსოფლიო ბაზარზე გაეტანათ. რუსეთი მათგან გაზს იაფად ყიდულობდა, შემდეგ კი ევროპაში ხუთჯერ უფრო ძვირად ჰყიდდა. პეკინი ცენტრალურ აზიაში იმ ტაქტიკას იყენებს, რომელმაც აფრიკასა და ირანში გაამართლა. ჩინეთი ნავთობისა და გაზის სანაცვლოდ ქვეყნებს კაპიტალს, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნოლოგიურ სიახლეებს სთავაზობს. ყაზახეთიდან ჩინეთს დღეში 120 ათასი ბარელი ნავთობი მიეწოდება, თუმცა შესაძლებელია გაზსადენის გაფართოება. 2009 წელს გაიხსნა მსოფლიოში უდიდესი, 7 ათასი კილომეტრი სიგრძის გაზსადენი, რომელსაც თურქმენული გაზი ჩინეთამდე მიაქვს. გაზსადენის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ჩინეთი წელიწადში 40 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. პეკინი ამით არ დაკმაყოფილდა და თურქმენეთს ახალი, 4 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სესხი გამოუყო ერთ-ერთი უმდიდრესი გაზის საბადოს, სამხრეთ იოლოტანის განვითარებისათვის. ჩინეთის ჩარევის შემდეგ რუსეთში გაზის ექსპორტმა 30 მილიონიდან 10 მილიონ კუბურ მეტრამდე დაიკლო. თურქმენეთი 14 მილიონ კუბურ მეტრ აირს ირანსაც აწვდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის პრაქტიკულად ადგილი არ რჩება.
ცენტრალურ აზიაში კონკურენციის მიუხედავად, რუსეთი არ არის წინააღმდეგი ჩინეთს ენერგორესურსები მიაწოდოს. უკვე დაიწყო 4000-კილომეტრიანი, აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის ნავთობსადენის მშენებლობა. შორეულ აღმოსავლეთში უკვე მუშაობს შედარებით მცირე ნავთობსადენი, სკოვოროდინოდან დაქინგამდე. ორიოდე წელიწადში რუსეთის ნავთობექსპორტი ჩინეთში წელიწადში 50 მილიონ ტონას მიაღწევს (შედარებისთვის: რუსეთი ევროპას წელიწადში 130 მილიონ ტონა ნავთობს აწვდის).
ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში ქვეყანა შედარებით ახალი მოთამაშეა. საუდის არაბეთი ჩინეთისთვის მთავარი მიმწოდებელია (800 ათასი ბარელი დღეში), რომელსაც ირანი მოსდევს (600 ათასი ბარელი დღეში). დასავლური ეკონომიკური სანქციების გამო ირანს უჭირს ინფრასტრუქტურის განვითარება და ტექნოლოგიური განახლება. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ჩინეთი მისთვის ერთადერთი ალტერნატივაა, რომელმაც 5 წლის მანძილზე ირანის ენერგოსექტორში 120 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მაგალითად, ჩინურმა სახელმწიფო კორპორაცია სინოპეკმა ირანში ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 6.5 მილიარდი დოლარი დახარჯა.
არსებობს რამდენიმე მილსადენის პროექტი, რომელმაც ცენტრალური აზიიდან ნავთობი და გაზი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უნდა მიიტანოს. მათ შორისაა თურქმენეთ-ავღანეთ-პაკისტან-ინდოეთის გაზსადენი და ირან-პაკისტან-ინდოეთის ნავთობსადენი. მართალია, ახლანდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ორივე პროექტი მხოლოდ ქაღალდზე რჩება, თუმცა ჩინეთი დაინტერესებული იქნება ახალი ენერგომატარებლების პაკისტანზე გასვლით. ორ ქვეყანას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები აქვს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩინეთს ენერგორესურსების არა საზღვაო, არამედ სახმელეთო გზით მიღება სურს. ახლო აღმოსავლეთიდან მომავალმა ნავთობმა აუცილებლად უნდა გაიაროს ორმუზის სრუტეში, რომლის ყველაზე ვიწრო ადგილი 20 კილომეტრის სიგანისაა. სრუტის ერთ მხარეს ირანია, მეორე მხარეს კი – ომანი. მისი უსაფრთხოება ამერიკის ფლოტზეა დამოკიდებული. საზღვაო გზით ჩინეთისკენ მიმავალ ნავთობს მალაკის სრუტის (მალაიზიასა და ინდონეზიას შორის) გადალახვაც უწევს. ინდოეთის ოკეანეში ამერიკული ფლოტის არსებობა კი ჩინეთს დისკომფორტს უქმნის.
ჩინური კორპორაციები აქტიურობენ ერაყშიც, სადაც ფინანსებს არ იშურებენ ტენდერებისა და აუქციონების მოსაგებად. ახლანდელი გათვლებით, 2015 წლისათვის ერაყის ნავთობის წარმოებამ დღეში 4 მილიონ ბარელს უნდა მიაღწიოს, რითაც ირანს გაასწრებს. ჩინელები გააქტიურდნენ ამერიკის კონტინენტზეც, სადაც ნავთობით მდიდარ ვენესუელასთან კონტაქტებს აღრმავებენ. ჩინურმა კორპორაცია სინოპეკმა კანადაში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. აფრიკაში კი ჩინეთს ფეხი მყარად აქვს მოკიდებული. ანგოლა მისთვის სიდიდით მესამე მიმწოდებელია (500 ათასი ბარელი დღეში), სუდანიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან კი დღეში დამატებით 300 ათას ბარელ ნავთობს იღებს.
სახელმწიფო კორპორაციების მიერ ფინანსების უხვად ხარჯვა ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტემპების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. მეორე მხრივ, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მთავრობები თანხებს ხარჯავენ ალტერნატიული ენერგიის განვითარებაზე, ჩინეთი კი უახლეს ტექნოლოგიებში მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მსოფლიოში ნავთობის რეზერვების ამოწურვის შესახებ განსხვავებული პროგნოზები არსებობს. შესაძლოა, ოციოდე წელიწადში უძვირესი ნავთობსადენები დაცარიელდეს. იქამდე კი ჩინეთი აგრძელებს ნავთობის საბადოების ძიებას და ეს ამერიკასა და ევროპაზე უკეთ გამოსდის.

კომენტარები