თურქეთთან საზღვრის მართვა გამარტივდა

თურქეთთან საზღვრის მართვა გამარტივდა: ახალი სისტემის მიხედვით, ორმაგი საბაჟო შემოწმება უქმდება. საჭირო დოკუმენტების რაოდენობა ნახევრდება. წინასწარი გათვლებით, ეს ინიციატივები საკონტროლო პუნქტებზე გასატარებელ დროს 40%-ით შეამცირებს. შედეგად, საბაჟო შემოწმების მომლოდინე ადამიანი 6-7 საათს მოიგებს. ახალი წესები გავრცელდება არა მხოლოდ საქონლის გადამტან საბარგო მანქანებზე, არამედ ნებისმიერ ტრანსპორტზე, რომელიც საზღვარს გადაკვეთს.
ამ გამარტივებას ორი მიზანი აქვს. პირველი, საქართველოს, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლის ტრანსპორტირებისთვის სატრანზიტო დერეფნის როლის განმტკიცებაა. მეორე კი – ქვეყანაში ტურისტთა ნაკადის გაზრდა.
ყველაზე დიდი დენადობის ხუთ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა) შორის, თურქეთი, 2010 წლის 9 თვეში საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა. ამ ქვეყნიდან საქართველოში ყველაზე მეტი შემომსვლელი – 18 ათასი ადამიანი ივლისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები – 12 ათასი – თებერვალში. თებერვლის თვეში თურქ ვიზიტორთა რაოდენობა აზერბაიჯანიდან შემოსულებს 1.2-ჯერ, სომხეთიდან – 1.1-ჯერ, რუსეთიდან – 2.4-ჯერ, ხოლო უკრაინიდან – 2.9-ჯერ აღემატებოდა.
ამავე, 2010 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიც იყო. ის ექსპორტის მიხედვით – 155 მილიონი აშშ დოლარით ანუ მთლიანი ექსპორტის 15.4%-ით, აზერბაიჯანის შემდეგ სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მთლიან ექსპორტში წილის მიხედვით, თურქეთი მხოლოდ 0.4%-ით ჩამორჩება აზერბაიჯანს. თურქეთში ექსპორტის ღირებულების უდიდესი ნაწილი – 59 მილიონი აშშ დოლარი შავი ლითონების ჯართზე მოდის. იმპორტის მიხედვით, ქვეყანა უპირობო ლიდერია – 527 მილიონი აშშ დოლარით და მთლიან იმპორტში 17.1%-იანი წილით. ამ თანხიდან 24 მილიონი აშშ დოლარი სამკურნალო საშუალებებზე მოდის. ეს მაჩვენებელი, იმავე აზერბაიჯანთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ მეტია.
საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე ორი საბაჟო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს. ერთი სარფში, ბათუმიდან 20 კილომეტრის მოშორებით და მეორე – ვალეში. 2011 წელს კარწახში მესამე ასეთი პუნქტი ამოქმედდება.

კომენტარები