კალათბურთის დიეტა იწყება

ევროლიგები, მილიონერებისთვის დამღლელი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, იძულებითი ოლიმპიადა, მეორადი მოხმარების საგანი, ანუ საგამოფენო მატჩები – ყველაფერი ეს უკანა პლანზე გადადის. ორი კონფერენცია, ექვსი დივიზიონი, ყველაზე რეკლამირებული სპორტული ლიგა და ზაზა ფაჩულია NBA-ს რეგულარულს დაიწყებენ. წინათქმა აღმოსავლეთის კონფერენციით დავიწყოთ.

„პენსიომერების” ცირკი
პატ რაილის, საკუთარი სტატუსის განურჩევლად, ყოველთვის აჟიოტაჟი ახლდა. მოთამაშეობის დროს ბევრს, ლამაზად ყრიდა და როგორც კი ვარცხნილობას იცვლიდა, მიდიოდა ამ თემის დაღლამდე ექსპლუატაცია. მწვრთნელობისას ლეიკერსში საკუთარი ფრენჩაიზის ამუნიციიდან არმანის, ბოსის ელეგანტურ სტილზე გადასვლაც პატმა შემოიტანა. ელეიში შოუთაიმი მან, მეჯიქმა, ქარიმმა და ჯეკ ნიკოლსონმა დადგეს. მთლიანად ლიგაში რაილი დღესაც ყველაზე დიდი ესთეტია. არა მარტო ვიზუალურად, რაილი კალათბურთის ესთეტია.
მაიამიში მთავარი მწვრთნელობიდან პრეზიდენტობამდე (და პირიქით და ისევ პრეზიდენტობამდე) გზა პატმა ძალიან სწრაფად გაიარა, გუნდს ერთხელ ჩემპიონობა მოუტანა, ბევრი ასისტენტი გაამწარა და უმუშევარი დატოვა. რაილი დღესაც ყველაფერს მარტო აგვარებს და ზაფხულში ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსფერო ოპერაცია ჩაატარა. რამდენიმე საათში პატმა დუეინ უეიდს გვერდით ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში დაუყენა, შემდეგ კი დანარჩენებით შეავსო რუსტერი.
ჰიტი ქაღალდზე ფავორიტია და რეალურად – მაგარი დაულაგებელი გუნდი, სადაც სასტარტო ხუთეულში სულ ცოტა, სამი ბურთია საჭირო. ფლორიდაში პირველი კაცი უეიდია, ლებრონი პირველი კაცი კლივლენდში იყო და მთელი ტორონტო ბოშზე იყო აწყობილი.
გუნდს არ ჰყავს ძლიერი, სწრაფი ფლეიმეიქერი. უეიდი უფრო მეორე ნომერია, ლებრონი უფრო ყველაფერია და კარლოს აროიოს ამ ხალხთან ხსენება უხერხულია. მთელი რეგულარულიც სამ კაცზე გადაივლის და თუ სამივე გიგანტი ჯანზე იქნება, ჰიტი აღმოსავლეთში პირველზე გავა. არა, ალბათ მთელ გასავარდნ სტადიაზეც საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება, მაგრამ ამ ნიუანსს უკვე მეორე წრიდან დიდი მნიშვნელობა არ ექნება. პირველ წრეში მობალასტო ოპონენტის შემდეგ, მაიამის გამოცდას რეალური გუნდები, ჩემპიონობაზე დაგეშილი პიტბულები ჩაუტარებენ. ჰიტის შემადგენლობაში ბევრი ისეთი პერსონაა, ვინც იცის ფლეი ოფში თამაში და დიდ სათამაშო დროსაც მიიღებს. ჟიდრუნას ილგაუსკასი, მაიკ მილერი, ადონის ჰასლემი სამ ვარსკვლავს დაასვენებს, აპრილის მეორე კვირიდან კი რაილის ბრიგადის ნამდვილი ტესტი დაიწყება.
შაკილ ო’ნილი მერი გახდება. ბოლო დეკადის ყველაზე დიდმა დომინატორმა ეს შარშან თქვა და თავისი საარჩევნო სლოგანებიც ბლომად დაბეჭდა. შაკს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად აირჩევენ მერად, მაგრამ ტეხასის რამდენიმე კოვბოის ხმაც რომ მიიღოს, ბუნჩულა და უწყინარი მთაკაცი მაინც ბედნიერი იქნება.
ო’ნილი ბოსტონშია, სადაც დაახლოებით ისეთი კონტინგენტია, როგორც სილვესტერ სტალონეს The Expendables-ში. ბევრი ასაკში შესული, დამსახურებული ვეტერანი. იციან, რაც უნდათ. იციან, როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი და შუა გზაზე რომ არ ჩამოსხდნენ, არ დაისვენონ, მისიას ბოლომდე ვერ მიიყვანენ. მარტივია როლების გადანაწილებაც. შაკი ჯეისონ სტეთემია, რეიჯონ რონდო – ჯეტ ლი, კევინ გარნეტი – რენდი კუტური, კენდრიკ პერკინსი – ის ტიპი, ივან დრაგო რომ იყო და პოლ პირსი – მიკი რურკი. სელტიქსის სლაი დოკ რივერსია და ბლოკბასტერის ბოსივით, ყველაფერს მშვენივრად ალაგებს.
სელტიქსს ყველაზე დაბალანსებული გუნდი ჰყავს, რომელსაც დააკლდა შიდი უოლასი და დაემატა შაკი და კიდევ ერთი ო’ნილი (ჯერმეინი). მაღლების მხრივ, რივერსის ბანდა ყველაზე კარგად მომზადებული ხვდება სეზონს და თუ ძირითადმა ბირთვმა აპრილისთვის ენერგიის დაზოგვა და საუკეთესო კონდიციების შენარჩუნება მოახერხა, რაილის შემდეგ ზაფხულს კიდევ ერთი მაგარი ტიპის ყიდვა მოუწევს. ლებრონი, დუეინი და კრისი სელტიქსის გამოცდილებას, ტრადიციას და შაკის ქარიზმას ვერ გადაწონიან. შაკს მეხუთე ჩემპიონობა უნდა და კობის დაეწევა.
ჰიტის და სელტიქსის შემდეგ მოდის მეჯიქი. ორლანდოს ჰყავს დუაიტ ჰოვარდი, ანუ პირველი ცენტრი ფლორიდაში, დივიზიონში, კონფერენციაში და ლიგაში. დუაიტი ადმირალის და შაკის იდეალური მიქსია, ორმაგ დუბლებს მარტივად აკეთებს და იკარგება ფლეი ოფში. უბრალოდ, არ იცის, იქ როგორ უნდა მოიქცეს და მომენტებში იკარგება, უფრო ხშირად კი ვერ ხვდება, აქ საერთოდ რას აკეთებს. ჰოვარდის გვერდით თუნდაც ერთი იდეალური გუნდური მოთამაშე რომ იყოს, მეჯიქი ბევრად მრავალმხრივი გუნდი იქნებოდა. ასეთი მოთამაშე ვერ იქნება ვინს კარტერი, ვისაც საბანკო ანგარიში მშობლებზე მეტად უყვარს. ასეთი ვერ გახდება რაშარდ ლიუისი, რომელმაც მაზერატის ყველა მოდელის ფასი იცის და მწვრთნელის კომბინაციებს ვერ იმახსოვრებს. სხვები კი უკვე მეორე ეშელონის პერსონები არიან.
სერიოზული გუნდი ეყოლება 2-3 სეზონში სკოტ სქაილზს მილუოკიში. ენდი ბოგუტი თითქმის ვარსკვლავია, ერსან ილიასოვა თურქი კირილენკოა და ბრენდონ ჯენინგსი უკვე ვარსკვლავობს. ანუ, ყიდულობს ლოტუსს, ატარებს იარაღს, ეწევა ჰაშიშს. იქვეა ჯონ სალმონსიც.
და იქვეა ფაჩულიას ჰოქსიც. ახალი მწვრთნელით, ძველი ზაზათი და უკეთესი ალ ჰორფორდით. ჰოქსი მოიგებს 47-50 მატჩს, გაივლის პირველ წრეს და მერე რომელიმე უკეთეს გუნდთან წააგებს. ატლანტაში ყველაფერი ისევე უცვლელია, როგორც ანგუს იანგის ერთ ცნობილ ჯგუფში.

ანგელოზების ქალაქი და როდეო
დასავლეთის კონფერენცია წელსაც უფრო ღრმა იქნება, ვიდრე – აღმოსავლეთი. დასავლეთის მეათე, მეთერთმეტე გუნდი აღმოსავლეთში ფლეი ოფში გავა და დასავლეთში ლიგის ჩემპიონია.
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ახალ მოთამაშეებში 20 მილიონი დოლარი დახარჯა. ანუ, ფილ ჯექსონის გუნდს დამდეგ სეზონში ამ თანხის გადახდა მოუწევს სტივენ ბლეიკში, მეტ ბარნსში, ტეო რატლიფში და ტრეი ჯონსონში.
ტიტულის შენარჩუნებას დიდი გული, დიდი გამოცდილება და ტრადიცია უნდა, ამბობს ფილ ჯექსონი. და ალბათ, უნდა გყავდეს ერთი სუბიექტი, რომელსაც უყვარს: 1. სასტუმროს ლიფტში მიმტანთან სექსი, 2. დევიდ ლეტერმანის შოუს დროს ცოლისთვის სიყვარულის ახსნა და იმავე ღამეს ბორდელში 12 ათასი დოლარის დატოვება, 3. მილანი და რონალდინიო, 4. ლოს ანჯელესი, 5. ფული, 6. კალათბურთი.
კობი ბრაიანტი კალათბურთია და კობი იმაზე დიდია, ვიდრე მთელი მაიამი თავისი პრეზიდენტ-ლებრონებით.
ლეიკერსმა შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი, პო გასოლს მისცა პირობა, რომ გაისიდან ერთ სეზონში კობისავით 20 მილიონს გადაუხდის და ლეიკერსმა შედარებით დაბალი ანაზღაურებით დაიტოვა ის, ვინც სხვებს ამიზერებს. გუნდში რონ არტესტი დარჩა.
კალიფორნიელებს წელსაც ძალიან რთული გზის გავლა მოუწევთ. დასავლეთში პირველივე წრიდან ფლეი ოფია და არა – ქუჩის კალათბურთის ტურნირი. შარშან, როდესაც ბრაიანტის გუნდი პირველ წრეში ღლაპების ოკლაჰომას შეხვდა, 4:0 ყველაზე რეალური, პოპულარული პროგნოზი იყო. მერე დაიწყო სერია და კევინ დიურანმა ჯეფ გრინთან ერთად მაგრად მოინდომა შემდეგ წრეში გასვლა. ლეიკერსმა 4:2 მოიგო და ორი მატჩი ბოლო წამზე გასოლმა პირადად გადაარჩინა. სხვაობა ოკლაჰომას და ჯექსონის გუნდს შორის იყო პო.
ჯეკ ნიკოლსონმა მეორე წრეში სპილოს ძვლის ბინოკლი უფრო მეტჯერ გაწმინდა, ვიდრე – ინერვიულა. ბრაიანტმა პირადად შეუსრულა იუტას, რომელსაც ოკლაჰომაზე ბევრად სერიოზული შემადგენლობა და რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავდა.
ლეიკერსის ხუთეული არ შეიცვლება. ფილი (თითქმის) ყველა მატჩს დერეკ ფიშერს, კობის, არტესტს, პოს და ენდრიუ ბაინუმს დააწყებინებს. ოპტიმალური ხალხის საჭირო დროს დასვენების მხრივ, ჯექსონი სათამაშო დროს ბლეიკს, ბარნსს და საშა ვუიაჩიჩსაც გაუზრდის და ლამარ ოდომი გუნდისთვის ისეთივე შეუცვლელია, როგორც – ამერიკის ნაკრებისთვის.
ანგელოზების ქალაქის გუნდის შემდეგ, ძველი დამსახურების და ერთი ტრანსფერის გამო, ფავორიტი სან ანტონიო სპურსია. ასე იყო იმ დღიდან, როდესაც მან დრაფტზე ტიმ დანკანი აიყვანა.
ტიმის და ტეხასელების მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის ტანდემი სამაგალითო და ასაკში შესულია. დანკანი ვერ იგებს მატჩებს, იშვიათად აკეთებს 30 ქულაზე მეტს და შარშან, კარიერაში ყველაზე ცოტა საშუალო ქულა-მოხსნა-დაფარება დააგროვა.
სან ანტონიოს მთავარი ბონუსი არა რიჩარდ ჯეფერსონის შენარჩუნება და არც დასვენებული ემანუელ ჯინობილია. სპურსმა აღარ გაიმეორა რამდენიმე წლის წინ დაშვებული შეცდომა და ევროპიდან ძალიან საჭირო კაცი დაიმატა.
თავის დროზე სან ანტონიომ დრაფტზე არგენტინელი ლუის სკოლა აირჩია. მერე, პოპოვიჩი დაღალა სკოლას გუნდმა, ესპანურმა ტაუმ, ლუისის გამოსასყიდ თანხაზე ვაჭრობა გაიწელა და გრეგმა არგენტინელი ჰიუსტონს მისცა. ანუ, აჩუქა, რადგან როკეტსმა სპურსს ბერძენი ვასილის სპანულისი გადასცა, რომელსაც არც სან ანტონიოში და არც რომელიმე სხვა ამერიკულ გუნდში არ უთამაშია. სკოლა დღეს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეოთხე ნომერია.
პოპოვიჩმა იმავე ტაუს, დღეს კი უკვე კახა ლაბორალის ბრაზილიელი ფორვარდ-ცენტრი ტიაგო სპლიტერი მოიწონა, დაელოდა მოთამაშის და ესპანელების კონტრაქტის დასრულებას და სპლიტერი ტეხასში წაიყვანა.
ტიაგო ამერიკაში ისეთივე ვარსკვლავად ჩადის, როგორც თავის დროზე – ჯინობილი. სპლიტერი შარშან ესპანეთის ლიგის MVP გახდა, ფინალში ევროლიგის ჩემპიონი ბარსელონა მარტომ გაიარა და სან ანტონიოში ტიმისთან ერთად ორმაგი ცენტრი უნდა დააყენოს.
სპლიტერი არ არის ნომინალური მეხუთე ნომერი, მაგრამ ესპანეთშიც და ბრაზილიის ნაკრებშიც უფრო ცენტრია, ვიდრე – მძიმე ფორვარდი. სპურსს ამ დონის ორმაგი ცენტრი დიდი ხანია, კალათბურთიდან ადმირალის წასვლის შემდეგ არ დაუყენებია.
სან ანტონიოშია ჯინობილი და მისტერ ლონგორიაც. ტონი პარკერმა და არგენტინელმა ფენომენმა ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის ნაცვლად, ოჯახებში, ბავშვებთან ითამაშეს და პოპოვიჩის ბანაკში დასვენებულები ჩავიდნენ. ალბათ, პირველად ბოლო 5-6 სეზონში. სპურსის ერთადერთი და მთავარი პრობლემა არის ასაკი. დაღლილმა გუნდმა შარშან ფლეი ოფის პირველ წრეში დირკ ნოვიცკის მავერიქსი მიტყეპა, მერე კი სანზთან ძლივს დადიოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სან ანტონიო დასავლეთში ლეიკერსის მთავარი კონკურენტი იქნება.
 

კომენტარები