დანაშაული და სასჯელი

ფიფამ აღმასრულებელი კომიტეტის ორ წევრს, ქრთამის მოთხოვნაში ეჭვმიტანილ ნიგერიელ ამოს ადამუს და ტაიტელ რეინალდ ტემარიის გამოძიების დასრულებამდე შეუჩერა უფლებამოსილება.
ფიფას ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე კლაუდიო სუსლერმა ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს გამართული საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა: დღევანდელი დღე ფიფას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხაროა – აღმასრულებელი კომიტეტის ორი წევრი და კიდევ ოთხი ოფიციალური პირი ფიფას წესდების და ფიფას სადისციპლინო კოდის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. მათ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდათ უფლება-მოვალეობა და ამავდროულად, ფეხბურთში ყველა სახის საქმიანობა აეკრძალათ.
2 დეკემბერს, ციურიხში ფიფა მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატის მასპინძლებს დაასახელებს. ამოს ადამუს და რეინალდ ტემარიის თანხის სანაცვლოდ კუთვნილი ხმების გაყიდვის მცდელობა ედებათ ბრალად, ხოლო ფიფას ოფიციალურ პირებს სლიმ ალულუს, ამადუ დიაკიტეს, აჰონგალუ ფუსიმალოჰის და ისმაელ ბჰამჯეეს – გარიგებაში მონაწილეობა.
სკანდალი ინგლისურ გაზეთ სანდი ტაიმსში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ აგორდა. ირკვევა, რომ თავისი ხმა ამოს ადამუმ 800 ათას აშშ დოლარად შეაფასა – ნიგერიაში ოთხი ხელოვნურსაფარიანი მინდვრის კეთილმოწყობა სურდა, ტემარიიმ კი 2,3 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა: მას ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში საფეხბურთო აკადემიის აშენება დაუგეგმავს. ამას გარდა, ორივე მათგანი ცალკე, პირადი ინტერესებისთვისაც ითხოვდა ქრთამს.
სანდი ტაიმსის რედაქციამ ფიფას უკვე მიაწოდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მაღალჩინოსანთა საუბარია ჩაწერილი, ამავდროულად, მომხდარის ტექსტური ვერსიაც.
ფიფას ეთიკის კომიტეტი საბოლოო დასკვნას 15-17 ნოემბერს, ციურიხში დაგეგმილი მორიგი სხდომის შემდეგ გამოიტანს.
გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ევროპაში გაიმართება. ამ უფლებისთვის ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, რუსეთის საფეხბურთო კავშირი და ბელგია-ჰოლანდიის და ესპანეთი-პორტუგალიის საერთო პროექტები იბრძვიან.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა კი აშშ-ს და აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოთხ წევრს: ავსტრალიას, იაპონიას, ყატარს და სამხრეთ კორეას სურს.

კომენტარები