სათვალიანი ბიჭი

გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ჩვენთან ატეხილი ამბავი „ჰარი პოტერის” გარშემო? ბევრ სკოლაში მასწავლებლებმა სასტიკად აუკრძალეს ბავშვებს ამ წიგნის ხელში აღებაც კი. მათი განმარტებით, ლამის ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასი იქნებოდა სათვალიანი ბიჭის თავგადასავლის წაკითხვა. განსაკუთრებით "მართლმადიდებელი მშობლები" აქტიურობდნენ. ჩვენ რომ ბნელი ხალხი ვართ, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ძალიან ბევრმა ბავშვმა მართლა არ წაიკითხა ეს წიგნი. სხვა საკითხია მშობლის, მასწავლებლის თუ გარემოს გავლენით.

შეიძლება კიდევ დიდხანს არ გამხსენებოდა ეს ამბავი, რომ არა გუშინწინდელი შემთხვევა. ჭავჭავაძის პროსპექტზე შუქნიშანზე გადავდიოდი, რომ ვიღაც მანქანით პირდაპირ ჩემზე წამოვიდა. არ ვიცი, მართლა მაჯახებდა თუ მხოლოდ შეშინება უნდოდა ჩემი. ეგაა, სულ ბოლო წამს ამაცილა და ფანჯრიდან მომაძახა, შე პიდარასტოო. ესეც არაფერი, მანქანას სანომრე ნიშნის გვერდით წრეში ჩასმული ჯვარი ქონდა მიკრული – მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა! ამ ჯვრებს ადრე უკვე შევეხეთ. ამიტომ ამაზე თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ „პიდარასტებზე” მოგახსენებთ.
ბოდიშის მოხდით, ცოტა შორიდან მოვუვლი. წელს ცხელი აგვისტოს ბოლო დღეებში ბათუმში სასტუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ამბავი და ვნებათაღელვა იყო. საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული "ჭეშმარიტი მართლმადიდებლები" იმ საღამოს ჰომოსექსუალთა დასარბევად ემზადებოდნენ. რამდენიმე დღით ადრე ხმა დაირხა, 25 აგვისტოს 20:00 საათზე ბათუმის ბულვარზე გეი-აღლუმი მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აბორიგენი ჰომოსექსუალები, ისე უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამოსული აქტივისტებიო.

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც იმ დღეს ჩატარდა გეი-აღლუმი. არც უცხოეთიდან ჩამოსული აქტივისტები გამოჩენილან ბულვარზე და მაინცდამაინც არც აბორიგენ ჰომოსექსუალებს უსახელებიათ თავი. ასე რომ, სულ ამაო გამოდგა ჭინთვა და ფორიაქი. ეგ იყო მხოლოდ, რომ კარგად შეზარხოშდნენ. საკუთარი თვალით ვნახე, კოპებშეკრული წვეროსნები ავტომანქანების კაპოტებზე შედგმული პლასტმასის კანისტრებიდან როგორ ხშირ-ხშირად ისხამდნენ ერთჯერად ჭიქებში ღვინოს. ის კი აღარ ვიცი, ღვინო ნაკურთხი თუ ჰქონდათ. მხოლოდ ვიცი, რომ შერატონთან მდგარი ყველა აქტივისტი მამაკაცი იყო, მათში გარეულ რამდენიმე მამაკაცივით ქალს თუ არ ჩავთვლით. მათ შემყურეს უნებურად გაგახსენდებოდა გალაკტიონის „შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეები”.

რვა ხდებოდა, შემთვრალმა მრევლმა რომ იხუვლა, ხის ჯვრები და ხატები შემართა და რუსთაველის პროსპექტით კაჩინსკების ბულვარისკენ დაიძრა გუგუნით: „სა-ქარ-თვე-ლო!.. სა-ქარ-თვე-ლო!..” ვისთვის – სამწუხაროდ, ვისთვის – საბედნიეროდ, იმ საღამოს ჰომოსექსუალებს ვერსად მიაგნეს. არადა, გეები ბულვარზე რომ არ აღმოჩნდნენ, გაბრაზებულმა მრევლმა იქვე მდებარე კაფე-ბარებს დაუარა იმ იმედით, რომ იქ მაინც მიაგნებდნენ „პიდარასტებს”. თუმცა ამაოდ. მხოლოდ ერთ-ერთი კაფეს ბარმენს მოხვდა იმ საღამოს ყბაში, ისიც საყურის გამო. თუმცა ისე რბილად, რომ ის მუშტი მოთათუნებას უფრო გავდა, თურმე.

თქვენი არ ვიცი, მე კი ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოგინდეს, ვინმეს დარბევა და ჩაქოლვა. მით უფრო, როცა მართლმადიდებელი ხარ ანუ ერთ-ერთი ყველაზე მიმტევებლური კონფესია გაქვს. შეიძლება ამ ხალხის აგრესია იქიდან მოდის, რომ ისინი არა მარტო სექსუალურად არ არიან რეალიზებულნი, არამედ თვითონ ბრძანდებიან ლატენტური ჰომოსექსუალები, ოღონდ ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, და იმდენად იბოღმებიან მათზე, ვინც არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას, რომ მათი ჩაქოლვა და დასჯა უნდებათ? თავიდან ვფიქრობდი, ეს შეუმდგარი აგრესორები ძალიან სასაცილოები არიან-მეთქი. ვთვლიდი რა მათ საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ ნაწილად. არადა, ჩვეულებრივი ჰომოფობები არიან. ამათ კი მთელი მეწინავე მსოფლიო რასისტების, ქსენოფობების, ანტისემიტების და სექსისტების გვერდით განიხილავს.

ახლა თუ ჰარი პოტერსაც გავიხსენებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ”მართლმადიდებელი მშობლები” ყველგან და ყოველთვის ისე აქტიურობენ, გეგონება, დიდი ვაჟკაცები მყავდნენ და დედა ეკლესიისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ. თუმცა ერთი სათვალიანი ბიჭის რომ შეგეშინდება, მგონი, გათავებულია შენი საქმე.

დაბოლოს, როცა წარმოვიდგენ, კაფეში შევარდნილ ეგზალტირებულ წვეროსანს ხელში კომბალივით მომარჯვებული დიდი ხის ჯვრით, კლიენტებს სახეში რომ აკვირდება, ცდილობს რა მათში „პიდარასტის” ამოცნობას, ვხვდები, რომ, პირადად მე, მირჩევნია თუნდაც ის „პიდარასტი” ვიყო, ვიდრე მრევლი. თუნდაც ამის გამო შემდეგ თითოეულმა ქართველმა მითხრას: „სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”

კომენტარები