3 მოპოვებული და 2 დაკარგული

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ეგიდით თბილისში მალტას 1:0 აჯობა, რიგაში კი ლატვიასთან ფრედ 1:1 ითამაშა.
თემურ ქეცბაიას გუნდი 4 მატჩში მოპოვებული 6 ქულით მესამე ადგილზეა: საბერძნეთს და ხორვატიას, შესაბამისად 2 და 1 ქულით ჩამორჩება, ისრაელს და ლატვიას კი 2 ქულით უსწრებს. უქულო მალტა ბოლო ადგილზეა.
ეროვნულს ოფიციალური ტურნირი ასე კარგად არასდროს დაუწყია. ჩვენმა გუნდმა უკვე იმაზე მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში.
ცხადია, ეს ძალიან კარგია. შესანიშნავია ისიც, რომ გუნდი წაუგებელ სერიას განაგრძობს, მაგრამ ერთ, ჩვენი აზრით მთავარ საკითხზე აქედანვე უნდა ითქვას.
თემურ ქეცბაიას არჩეული ტაქტიკა – ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაში – უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ.
არათუ მალტასთან და ლატვიასთან მატჩებმა, სექტემბერში გამართულმა ორმა ოფიციალურმა შეხვედრამაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ ერთი თავდამსხმელით ასპარეზობა, არც მეტი, არც ნაკლები, შეტევაზე უარს უდრის: ვერც ლადო დვალიშვილმა და ვერც დავით სირაძემ მეტოქეების კართან ხიფათი ვერ შექმნეს. ის ორი გოლი კი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მალტას და ლატვიას გაუტანა, უფრო მეტოქეთა მცველების უხეშ პოზიციურ შეცდომებს უნდა მივაწეროთ, ვიდრე ქართველ თავდამსხმელთა გაუთავებელ იერიშებს. ამ ორ თამაშში, განსაკუთრებით კი სექტემბრის ორ მატჩში, აშკარა იყო, რომ საქართველოს ნაკრების ერთ ფორვარდთან გამკლავება მეტოქის მცველთა ოთხეულს არ უჭირდა.
უახლოესი ოფიციალური მატჩები ჩვენს გუნდს მარტში ელის, მანამდე კი ნოემბრის ამხანაგური თამაში და კვიპროსის საერთაშორისო ტურნირია. ვიმედოვნებთ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ მატჩებში მაინც ცდის ორი ფორვარდით თამაშს. ასე ნაკრების შეტევა უფრო მძაფრი გახდება და გოლის გატანაც გაგვიადვილდება.
ზოგადად, მალტასთან და ლატვიასთან თამაშებს რაც შეეხება, ჩვენმა გუნდმა თბილისში 3 ქულა მსაჯის დამატებულ წუთზე მოიპოვა, რიგაში კი 2 ქულა იმავე პერიოდში დაკარგა.
ორივე შეხვედრაში ნაკრები თავდაჯერებული ჩანდა, თუმცა ერთი შეხედვით საიმედო დაცვამ მალტასთან ერთი, ლატვიასთან კი ორი უხეში შეცდომა დაუშვა. თბილისში მეკარემ გვიხსნა – ნუკრი რევიშვილმა მალტელთა ფორვარდის დარტყმული ბურთი მოიგერია, რიგაში კი ერთ მომენტში მასპინძლებმა ვერ ივარგეს – თავდამსხმელმა ბურთი ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა, თამაშის მიწურულს კი ბედმა გაგვიღიმა და ფორვარდის დარტყმული ბურთი რევიშვილის კარს მცირე მანძილით აცდა.
და რადგან ჩვენი მცველები ვახსენეთ, მათგან საუკეთესო მალხაზ ასათიანიც უნდა შევაქოთ. ოქტომბერში გამართულ ორივე ოფიციალურ მატჩში ის ქართველთაგან საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო. უამრავი შეტევა ჩაშალა, შეუცდომლად აზღვევდა პარტნიორებს (განსაკუთრებით უჩა ლობჟანიძეს რიგაში) და რამდენჯერმე კარგად წამოიწყო შეტევა. მალტასთან მის სოლო-რეიდზე კი მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ დიდებული იქნებოდა გოლიც რომ მოჰყოლოდა...
საერთო ჯამში, ჩვენი გუნდის ასპარეზობა ევრო 2012-ის შესარჩევში ამ ეტაპზე მხოლოდ დადებითად თუ შეფასდება. ნაკლი, ცხადია არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან ამ დროს საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა წაგებული...
ჩვენი გუნდი მომდევნო შესარჩევ მატჩებს მარტში ჩაატარებს: 26-ში ხორვატიას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი ისრაელს ესტუმრება.
• საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებში პირველად არ წააგო საწყისი 4 მატჩი!
• თემურ ქეცბაია ეროვნული გუნდის პირველი მწვრთნელია, რომელმაც საწყისი 6 მატჩი არ წააგო, რაც ნაკრების ახალი რეკორდია! აქამდე საუკეთესო შედეგი – ზედიზედ 5 წაუგებელი თამაში – ვლადიმერ გუცაევს (1998 – ლატვია 2:1, ალბანეთი 3:0, მალტა 3:1, ტუნისი 1:1, რუსეთი 1:1) და ალექსანდრე ჩივაძეს (2001 – ლუქსემბურგი 3:0, უნგრეთი 3:1, ლიტვა 2:0, რუმინეთი 1:1, 2002 – სამხრეთ აფრიკა 4:1) ეკუთვნოდათ.
• საქართველოს ნაკრების ისტორიაში წაუგებელი სარეკორდო სერია 8 თამაშს ითვლის: 1997 წელს გუნდმა დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით 3 შეხვედრა ჩაატარა (იტალია 0:0, მოლდოვა 1:0, პოლონეთი 3:0), 1998 წელს კი 5 (ლატვია 2:1, ალბანეთი 3:0, მალტა 3:1, ტუნისი 1:1, რუსეთი 1:1), თუმცა უკვე ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით.

კომენტარები