ნიკარაგუა გზაგასაყარზე

ედუარდო მონტეალეგრე
დანიელ ორტეგა – ნიკარაგუის პრეზიდენტი და სანდინისტების ლიდერი, 2011 წლის ხელახალი არჩევნებისთვის ემზადება. იგი ხელისუფლებაში დასარჩენად, კონსტიტუციის ცვლილებებს გეგმავს. ნიკარაგუის პოლიტიკურ არენაზე ამჟამად რამდენიმე ძალა ებრძვის ერთმანეთს – მოქმედი პრეზიდენტი, სანდინისტი დანიელ ორტეგა, კონსტიტუციურ-ლიბერალური პარტიის ლიდერი არნოლდო ალემანი და ლიბერალური ალიანსის კანდიდატი ედუარდო მონტეალეგრე.
დანიელ ორტეგასა და რამდენიმე მერის სარჩელის საფუძველზე 2009 წლის ოქტომბერში ნიკარაგუის უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციის 147-ე მუხლში მოცემული შეზღუდვა გააუქმა. ეს უკანასკნელი გულისხმობდა, რომ ნიკარაგუაში არჩევითი თანამდებობის პირებს, როგორიცაა პრეზიდენტი, მერი და ა.შ., თანამდებობის მხოლოდ 2 ვადით დაკავების უფლება აქვთ. ოღონდ არა ზედიზედ 2 ვადით, როგორც მაგალითად ამერიკაშია. ამ პუნქტის შეცვლით თანამდებობაზე მყოფ პირს ამგვარი უფლება მიეცა.
მსგავსი შეზღუდვები ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანას აქვს, მაგრამ უკანასკნელ წლებში სულ უფრო ბევრი აუქმებს. ორტეგამდე იგივე ვენესუელისა და ეკვადორის პრეზიდენტებმა, უგო ჩავესმა და რაფაელ კორეამ, გააკეთეს. 2009 წლის მარტში ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ ზელაიაც ცდილობდა, რეფერენდუმის გზით შეზღუდვა გაეუქმებინა. მაშინ ამ ინიციატივას ჰონდურასის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაცია მისცა და პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა.
ორტეგას ამჟამად კონსტიტუციაში ახალი კორექტივების შეტანა სურს. ამას იგი თვითნებურად, პროცედურების დარღვევით აკეთებს. ეს პრეზიდენტს მმართველობის შენარჩუნებისა და არჩევნების მოგებისთვის სჭირდება. შესწორებები გულისხმობს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოცემას, სადაც ვადაგასული, 1987 წლის კონსტიტუციიდან ნორმებია დამატებული. მათ თანახმად, თანამდებობის პირებს ვადის გასვლის შემდეგ უფლება ექნებათ დარჩენის და საქმიანობის გაგრძელების, მანამ სანამ შემცვლელი არ დაინიშნება.
ნიკარაგუის პრეზიდენტის ეს მანევრები ფართო პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ქვეყნის ინსტიტუტების გაუარესებას გამოიწვევს. ორტეგამ სასამართლო თავისი მომხრეებით დააკომპლექტა. კონგრესში მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცედურების თავის არიდებისთვის და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, იგი სასამართლოს იყენებს. ყოფილი სანდინისტები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი ზუსტად იმ ავტორიტარულ მმართველობას უბრუნდება, რომლის წინააღმდეგაც ერთ დროს იბრძოდა.
ის სანდინისტას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ლიდერი იყო. ორტეგამ სომოზას დიქტატურა დაამხო. კონტრას დაჯგუფება სანდინისტების წინააღმდეგ იბრძოდა, რომელთაც დახმარებას ამერიკა უწევდა. ორტეგამ კონტრას აქტივისტები დაამარცხა და 1979-1990 წლებში ხელთ ქვეყნის სადავეები ჩაიგდო. 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ორტეგამ ყოფილ მოკავშირესთან, ოპოზიციის ეროვნული გაერთიანების ლიდერ ვიოლეტა ბარიოს დე ჩამოროსთან წააგო. ორტეგა კვლავ გავიდა არჩევნებზე 1996 წლის ოქტომბერში და 2001 წლის ნოემბერში. პირველად არნოლდო ალემანთან, ხოლო მეორეჯერ ენრიკე ბოლანოსთან დამარცხდა.
ორტეგას პოლიტიკა ოპოზიციაში ყოფნისას უფრო ზომიერი გახდა და მარქსისტული პოზიციიდან დემოკრატიული სოციალიზმისკენ განიცადა ევოლუცია. ორტეგას პოლიტიკა მოიცავდა სოციალურად კონსერვატიულ თემებსაც. 2006 წელს სანდინისტებმა მხარი დაუჭირეს მკაცრ კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ.
დანიელ ორტეგა კვლავ ანტიამერიკულ ბანაკშია. 2008 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ვენესუელის პრეზიდენტი, სოციალისტი უგო ჩავესი მას 10 მილიონ ბარელ საწვავს აძლევს. შემოსავალი 500$ მილიონია. თანხა პირდაპირ ორტეგასთან მიედინება და არა ეროვნულ ბიუჯეტში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის მოქრთამვის მიზნით, მან აღიარა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა.
ორტეგას აღზევებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა არნოლდო ალემანის კონსტიტუციურ-ლიბერალურ პარტიასთან სტრატეგიულმა პაქტმა. ამ ორი პარტიის ალიანსი გაძლიერებასა და სხვა პარტიათა ზრდის თავიდან აცილებას ცდილობდა. მთავარი ამ პაქტში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის პროცენტული ზღვარის 45%-დან 35%-მდე დაწევა იყო. ამ ცვლილებამ ორტეგას 2006 წლის არჩევნებში წარმატება მოუტანა. ხმების 37,99%-ით ის კვლავ პრეზიდენტობას დაუბრუნდა. ახლა ის ვადის გაგრძელებაზე ზრუნავს.
ორტეგას საარჩევნო არენაზე კონკურენციას 64 წლის არნოლდო ალემანი უწევს. მან თავისი კანდიდატურა ივლისში წარადგინა. ალემანი ნიკარაგუის ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიო კორუმპირებულ პირთა ათეულის წევრია. 2003 წელს 100$ მილიონის მითვისებაში ამხილეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სანდინისტებისა და კონსტიტუციურ-ლიბერალების მიერ ხელახლა დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა. გასულ წელს ის გაათავისუფლეს.
მნიშვნელობით მესამე პოლიტიკური ძალა ნიკარაგუის ლიბერალური ალიანსია. ის ალემანის პარტიიდან გასულმა ყოფილმა პრეზიდენტმა ენრიკე ბოლანოსმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ედუარდო მონტეალეგრემ დააფუძნეს. ეს ძალა ლიბერალებთან ერთად ნიკარაგუის კიდევ ერთ ისტორიულ პარტიას – კონსერვატორებსა და დისიდენტ სანდინისტებს აერთიანებს. მომავალ არჩევნებში აქტიურად მონაწილეობს ნიკარაგუის ლიბერალური ალიანსის კანდიდატი ედუარდო მონტეალეგრე.
უკანასკნელ არჩევნებში სანდინისტებმა 37%, ხოლო ამ 2-მა ლიბერალურმა პარტიამ 26-26% მიიღეს.
სხვა კანდიდატების გამოჩენის იმედი ჯერ კიდევ არის. ოპოზიციურ პარტიებს შორის დაძაბულობა კვლავ გრძელდება. ასევე ეჭვის ქვეშაა პრაიმერის საკითხიც. წინასწარი არჩევნები 6 მარტს არის დაგეგმილი. შესაძლოა, თარიღი შეიცვალოს. პოტენციური კანდიდატები ყველასთვის კარგად ცნობილია. მონტეალეგრემ უარი განაცხადა ალემანთან ალიანსზე და პრაიმერის ჩატარება კატეგორიულად მოითხოვა. მან პირობაც კი დადო, რომ თუ ვერ გაიმარჯვებდა, პოლიტიკიდან წავიდოდა. არჩევნები კი 2011 წლის ნოემბრამდე არ იგეგმება.

კომენტარები