წარმატებული ლენ ტროფი თბილისში

ლენ ტროფი წყალბურთში დაახლოებით იგივე დონის ტურნირია, რაც ფეხბურთში – ევროპის ლიგა. ძალიან სოლიდური დაფინანსება, სერიოზული რუსტერი, მინიმუმ თითო ვარსკვლავი და პერსპექტივა. ლენ ტროფის პირველი ჯგუფური ეტაპის ერთი ჯგუფის მონაწილეები თბილისში შეიკრიბნენ და მომდევნო ეტაპის ოთხი საგზური გაითამაშეს.
თურქული ენკა, ებრაული ასა, ფრანგული ნიცა, უნგრული ჰონვედი, იტალიური პოსილიპო და ქართული თბილისი ლიგამუსი, ანუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი, რომელიც მთლიანად ეროვნული გუნდის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.
ოლიმპიკის სპორტული კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და თუ პროგრესი კლუბის თამაშშიც იქნება, ამ სტანდარტებს მალე თბილისი ლიგამუსიც მიუახლოვდება. რთული გზაა გასავლელი და ერთ-ორ სეზონში ყველაფრის მოგვარება არარეალურია. უბრალოდ, პროგრამა მინიმუმი შესრულდა, ლიგამუსი ლენ ტროფის შემდეგ ეტაპზე გავიდა და პირველ ეტაპზე ორი VS-ის მოგებაც მშვენიერი შედეგია.
კლუბის მფლობელებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ლიგამუსმა კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. მთავარი მოვლენა გუნდში ლეგენდარული რევაზ ჩომახიძის გამოჩენა იყო, რომელიც 2003-ში ევროპის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ორჯერ (რუსეთის ნაკრებში) ოლიმპიური მედალი (2000-ში ვერცხლი და ოთხი წლის შემდეგ ბრინჯაო) პირადად მოიგო და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია.
რევაზ ჩომახიძე: „ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. საქართველოში წყალბურთის განვითარებას ის ხალხი ცდილობს, ვინც მართლა იცის რა უნდა გააკეთოს. ამის გამო ჩამოვედი და ვეცდები, არა მარტო თამაშით დავეხმარო ქვეყანაში წყალბურთის განვითარებას. ჰონვედთან და პოსილიპოსთან წავაგეთ, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და თუ კომპლექსურად გამართულად ივარჯიშებენ, პროგრესი იქნება. ლიგამუსს ერთი ყოფილი ჩომახიძე ჰყავდა და ჰონვედში 7-8 მოქმედი ჩომახიძე იყო. სერიოზული კლუბია პოსილიპოც. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედგა და ამ ტურნირის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა”.
მოვიგეთ პირველი ორი მატჩი და ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი იყო. ოპონენტებიც შედარებით სუსტი გვყავდა, ნორმალურ ნიცასთან და ორ გრანდთან კი წავაგეთ. 37 წლის ჩომახიძე, ლეგიონერები კოდრიჩი, სტრუიჩი და პოპოვიჩი, კლუბის დანარჩენი წევრები აკეთებდნენ მაქსიმუმს, მაგრამ ჰონვედთან და პოსილიპოსთან ეს მაქსიმუმიც მინიმუმია.
ჰონვედთან 7:18 წავაგეთ. ჰონვედს სამი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და უნგრეთში ფინანსურად ყველაზე ძლიერი კლუბია. პოსილიპო ლიგამუსთან ოდნავ ნაკლებად მოტივირებული იყო. იტალიელებმა მთავარი მატჩი წინა დღეს ჩაატარეს, იტალიურად, ჭადრაკ-წყალბურთში მოუგეს ჰონვედს 9:8 და ბოლო სათამაშო დღის წინ პირველი ადგილი გაიფორმეს. მთლად ჩომახიძე ვერაა, მაგრამ პოსილიპოს მერვე ნომერი ვალენტინო გალო დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა. კლუბში, რომელიც 1925 წელს ბენიტო მუსოლინიმ დააარსა (და დუჩე დღემდე ამ კლუბის საპატიო პრეზიდენტია), გალოს სეზონში თითქმის ნახევარ მილიონ ევროს უხდიან. ვალენტინო იტალიის ნაკრების ლიდერია და ლენ ტროფის ამ ეტაპის საუკეთესო მოთამაშე იყო. შეაგდო 15 გოლი, სხვას დაახლოებით ამდენივე გაატანინა, დაცვაში კლდესავით იდგა და როდესაც ქართველმა გოგონამ იტალიელების წარდგენისას მას შუა თითი უჩვენა, „ფანს” საჰაერო კოცნა გაუგზავნა და გაუცინა.
ნიცასთან რომც მოგვეგო, შემდეგი ეტაპის წინ გასამართი წილისყრისას ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა. პირველ-მეორე ადგილებზე გასულები ერთ კალათაში მოხვდებიან და მესამე-მეოთხე ადგილებზე გასულებიც ერთად დაწყვილდებიან. მათ დაემატებიან ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილებიც და მეორე ეტაპი უკვე უბალასტოდ ჩაივლის.
მომდევნო ეტაპზე თბილისი ლიგამუსი 22-24 ოქტომბერს კოტორში (მონტენეგრო) შეხვდება იუზმეს (თურქეთი), აკადემია კატაროს (მონტენეგრო) და პანიონიოსს (საბერძნეთი). შემდეგ ეტაპზე ჯგუფში პირველ ორ ადგილზე გასულები გადიან.

კომენტარები