ჰალალ–ბურგერი vs. სამარხვო შაურმა

დღევანდელ სვეტსაც შეკითხვით დავიწყებ: თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რა განსხვავებაა მოგზაურობასა და ტურიზმს შორის? ამ შეკითხვაზე პასუხი წითელ ავტობუსებში იმალება ევროპის ცენტრალურ ტურისტულ მექებში რომ დაჰქრიან. გადაიხდი დღეში ოც ევროს, ჩაჯდები ამ თავმოხდილ წითელ ავტობუსში და შინ დაბრუნებისას გრჩება ილუზია, რომ ამა და ამ ქალაქში იყავი. მაგალითად რომში ჩაუვლი კოლიზეუმს, პალატინუსის ბორცვს, პიაცა დელ პოპოლოს, ვილა ბორგეზეს, ვატიკანის კედლებს, ტრაიანეს ფორუმის ნანგრევებს... ვია დელ კორსოს გავლისას ექსკურსიამძღოლი თითით მიგანიშნებს, რომ აი, იქ არის ტრევის შადრევანიო... და საღამოს სასტუმროში რომ დაბრუნდები, კმაყოფილებისაგან ტკბილად გეძინება.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ტურიზმი მოგზაურობისაგან ერთი მნიშვნელოვანი ელემენტით განსხვავდება. ის არ ითვალისწინებს კულტურულ შოკს. ტურისტი ვერასოდეს შენიშნავს კიოლნის ჰაუპტბანჰოფში მტლაშამტლუშით გართულ ლესბოსელებს (შემდეგ ამიხსნა ჩემმა მეგობარმა, რომ კიოლნი გერმანიის გეი/ლესბოსური დედაქალაქიაო), ვერასოდეს გადააწყდება მილან-გენუის მატარებელში ორ მონაზონს, რომლებმაც ჩემი ორი ბებია გამახსენა და ვერასოდეს შენიშნავს ალმა-ატაში ჯორჯიან ფასტფუდის ქსელს, სადაც შაურმის მაგივრად შეცხელებული ხინკლები, კუპატები და ხაჭაპურები იწონებენ თავს. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ტურიზმი მოგზაურობაა პრეზერვატივით, სადაც პრეზერვატივის როლს ექსკურსიამძღოლი ასრულებს, რომელიც ტურისტებს სწორედ კულტურული შოკისგან იცავს და არა – ვენერიული დაავადებებისგან.

შაურმასთან დაკავშირებით ორჯერ განვიცადე კულტურული შოკი. პირველი თურქეთში და აზერბაიჯანში ყოფნისას მივიღე, სადაც ჩემთვის ნაცნობ შაურმას დონერად იხსენიებდნენ. მერე ვიკადრე, ჩავიხედე ლექსიკონში და აღმოჩნდა, რომ თურქულში dönmek და çevirmek – ორივე ტრიალს ნიშნავს და შედეგად მათგან ნაწარმოები döner თურქულში ეწოდა ამ ფენომენს, çevirme კი არაბულის გავლენით shawarma გახდა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მეორე კულტურული შოკი პარიზში მეწვია, უცბად წახემსება და შაურმის დაგემოვნება რომ დავაპირე. სანდომიანი სახის არაბმა ფული რომ გამომართვა და რამდენიმე წუთში შაურმას გაახლებო რომ მითხრა. მეც ეს რამდენიმე წუთი რაიმეთი რომ შემევსო, გარშემო აბრებისა და წარწერების კითხვა დავიწყე. საშაურმეში გამოსაჩენ ადგილას რაღაც დოკუმენტი იყო გაკრული თავისი ბეჭდითა და ხელმოწერით. ახლოს რომ მივუახლოვდი თვალები გამიფართოვდა, ასეთი რამ პირველად ვიხილე – დოკუმენტი მყიდველებს არწმუნებდა, რომ ამ საშაურმეში გამოყენებული ხორცი “ჰალალი” იყო, რასაც ევრი-კურკურონის მეჩეთის სასულიერო პირი აწერდა ხელს და შესაბამისი ბეჭდითაც ამოწმებდა.

“ჰალალ”-ი განსხვავებით “ჰარამ”-ისგან არაბულად ნებადართულს ნიშნავს („ჰარამ” – აკრძალულია) და შაურმის შემთხვევაში იმ დიეტოლოგიურ წესზე მიუთითებს, რომელიც მუსლიმანურ სამყაროში საქონლის დაკვლას და მის შემდგომ დამუშავებას ითვალისწინებს. საინტერესოა ისიც, რომ ამ სიტყვებისგან ქართულში სიტყვები – ალალი და არამი – მივიღეთ და საშაურმეში გაკეთებული განცხადება თითქოს მეუბნებოდა – ალალი იყოს ეს შაურმა შენთვისო, თუმცა ჩემი განცვიფრება სულ სხვა რამემ გამოიწვია, თავად კულტურული შოკი ხომ პარალელურ კულტურებს შორის არათავსებადობის, ან მსგავსების გამოვლენაში მდგომარეობს?! სანამ აზრს გავაგრძელებ მანამდე იმასაც დავამატებ, რომ რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ჰალალ-ბურგერების ქსელი გაიხსნა, სადაც თითოეულ ასეთ “ზავეძენიაში” ადგილობრივი მამაოს, უკაცრავად მუფთის ხელმოწერილი დოკუმენტი ინახება, მუსლიმთათვის ჰალალ-ბურგერის საკვებად ვარგისობის შესახებ. ზემოხსენებული კულტურული შოკი კი იმ ფაქტის გააზრებამ გამოიწვია, რომ ჩვენებური “სამარხვო შაურმა”, რომლის სამარხვოობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც ვერ იპოვით თბილისურ საშაურმეებში, თავისი არსით არაფრით განსხვავდება არც ჰალალ-შაურმისაგან და არც ჰალალ-ბურგერისაგან.

კომენტარები