საკონსტიტუციო გადატრიალება

უკრაინის კონსტიტუციურმა სასამართლომ 2004 წლის კონსტიტუციური რეფორმები არაკანონიერად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით 1 ოქტომბრიდან უკრაინის უზენაესი კანონი 1996 წლის კონსტიტუცია იქნება. შედეგად უკრაინა, საპარლამენტო-საპრეზიდენტოს ნაცვლად, შერეული, საპრეზიდენტო-საპარლამენტო სისტემა გახდა. ეს ფაქტი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ძალაუფლებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ხალხთან მიმართვისას იანუკოვიჩმა განაცხადა: „როგორც კონსტიტუციის გარანტი, მე უზრუნველვყოფ სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციას”. ამასთანავე მან ხელისუფლების ყველა შტოს სასამართლოს გადაწყვეტილების დამორჩილებისაკენ მოუწოდა.
კონსტიტუციის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც რადას 253 წევრმა 2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებების გაუქმების პეტიციას ხელი მოაწერა. უკრაინის 2004 წლის კონსტიტუცია ნარინჯისფერი რევოლუციის დროს მიიღეს. საპარლამენტო-საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა ევროპაში უკრაინული დემოკრატიის პროგრესად აღიქვეს. თუმცა, ვიქტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოს მუდმივ ბრძოლაში, საპარლამენტო სისტემამ მრავალი კრიზისი წარმოშვა. იუშჩენკომ სცადა კონსტიტუციაში პარლამენტის საშუალებით ცვლილებების შეტანა, მაგრამ ვერ შეძლო.
ძველი კონსტიტუციის დაბრუნებამ პოლიტიკური ელიტა და იანუკოვიჩის ოპოზიცია დიდ საგონებელში ჩააგდო. უკრაინელ პოლიტიკოსებს იმედი ჰქონდათ, სასამართლო 2004 წლის კონსტიტუციას არალეგიტიმურად ცნობდა. ახალი უმაღლესი კანონის მიღება კი რადას დაევალებოდა. თუმცა ხელისუფლება ასე არ მოიქცა.
იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ის კონსტიტუციის და პოლიტიკური სისტემის რეფერენდუმის საშუალებით რეფორმაციის მომხრეა. კონსტიტუციის რადას გარეშე დამტკიცებით, ის ძალაუფლებას არათუ ოპოზიციას, არამედ თავის კოალიციურ პარტნიორებსაც არ გაუნაწილებს. ამან უკვე გამოიწვია კოალიციური პარტნიორების განაწყენება. პარლამენტის სპიკერი ვლადიმირ ლიტვინი აცხადებს, რომ კოალიციური პარტნიორები შურისძიებას სხვა კანონების, მათ შორის ახალი საგადასახადო კანონმდებლობისა და ბიუჯეტის, დაბლოკვით აპირებენ.

კომენტარები