სამედიცინო სამართალი

ტაბულას ერთ-ერთ წინა ნომერში მედიცინაში მთავრობის საქმეზე ვწერდი. იდეალურ მდგომარეობაში სახელმწიფოს საქმე ადამიანების ჯანმრთელობა საერთოდ არ არის. მაგრამ აქამდე გრძელი გზაა გასავლელი. ბოლო დროს კარგ ხასიათზე ვარ და ამისთვის მიზეზებიც მაქვს. მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო საავადმყოფოებისათვის ფულის დამრიგებელი სახელმწიფო უწყების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს გაუქმების შესახებ. მიხარია პრეზიდენტის დამაიმედებელი და დამამშვიდებელი განცხადება იმის შესახებ, რომ „სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ მათ, ვინც საკუთარი თავის დახმარების უნარს მოკლებულია”.

ამ ეტაპისათვის პრინციპულად სწორი მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯია გადადგმული, თუმცა უფრო სწრაფი რეფორმის სურვილი და უკუსვლის შიში რჩება.

ალბათ გაგვიმართლა, რომ შემთხვევის წყალობით გვყავს მთავრობა, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირს. ვიდრე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ვადა დადგება, ამომრჩეველი ხედავს თავიდან არაპოპულარული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების პოზიტიურ შედეგს და არაპოპულარულობაც მნიშვნელოვნად მცირდება. აბა რა არის მაშინ საშიში?

წარმოვიდგინოთ ასე 4-5 წლის შემდგომი საუკეთესო სურათი:

1) კითხვა. რამდენი ფული მივცეთ მთავრობას?

პასუხი. ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა ადამიანების მხოლოდ იმ ნაწილის სამედიცინო ხარჯების დასაფინანსებლად, ვისაც მკურნალობის ხარჯების გადახდის თავი არ აქვს, ანუ ღარიბებს;

დღევანდელი მდგომარეობა: ეს ხელისუფლების პოლიტიკური განაცხადია და მისი მიმღებლობა საზოგადოებაში ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება. დავუშვათ, აქ საფრთხე მინიმალურია.

2) კითხვა. როგორ ხარჯოს მთავრობამ ჩვენი ფული?

პასუხი. ფული არ უნდა მისცენ საავადმყოფოებს. ფული (იგივე ვაუჩერი) უნდა მისცენ პირდაპირ ღარიბებს;

დღევანდელი მდგომარეობა: ოთხი წელია, რაც ხელისუფლებამ ამ მეთოდის გამოყენება დაიწყო და ჯანდაცვისათვის გამოყოფილი ფულის ნახევარს უკვე ასე ხარჯავს. მიუხედავად გარკვეული კომპრომისებისა, ტენდენცია კარგია.

3) კითხვა. რა ქნას საშუალო ფენამ ანუ არაღარიბებმა?

პასუხი. თუ არ გვინდა უარესად დავიბეგროთ და ჩვენც გავღარიბდეთ, ნება უნდა ვიბოძოთ, მეტი ვიშრომოთ, ნაკლები თამბაქო მოვწიოთ. საკუთარი შემოსავლით მივხედოთ ჯანმრთელობას, ინდივიდუალური ან კორპორატიული დაზღვევა შევიძინოთ ან ურთიერთდახმარების ფონდები შევქმნათ. თუ ხელს ძალიან არ შეგვიშლიან, მოვახერხებთ რამეს;

დღევანდელი მდგომარეობა: ღვთის წყალობით, სავალდებულო დაზღვევას მთავრობა ჯერ არ გვიპირებს.

4) კითხვა. რა ვუშველოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხს?

პასუხი. სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კონტროლს, ექიმების განათლებაზე ფულის ხარჯვას და შემდგომ მათ დევნას და ეგზეკუციას.

დღევანდელი მდგომარეობა: ამ საკითხში უკვე ღვთის წყალობის დეფიციტი თვალში საცემია.

სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოებისა და ხარისხის მოტივით ბაზარზე ჩარევის მომხრეების არგუმენტია ბაზრის ასიმეტრიულობა. რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტს არაკომპეტენტურობის გამო არ შეუძლია შეაფასოს პროდუქტი (მკურნალობა), რომელსაც ყიდულობს და ამიტომ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს. თითქოს ავტომობილებისა და კომპიუტერების დამზადების ტექნოლოგიის ამომწურავი ცოდნის წყალობით ახერხებდეს სასურველი ავტომობილის ან ლეპტოპის შეძენას. ამას ემატება სადაზღვევო კომპანიების მიერ საკუთარი საავადმყოფოების მშენებლობა და ფარმაცევტული კომპანიების მიერ, საავადმყოფოების მშენებლობასთან ერთად, სადაზღვევო კომპანიების შექმნაც.

ამიტომ თავისუფალი სამედიცინო ბაზრის მოწინააღმდეგეები ენერგიას და „ექსპერტულ ავტორიტეტს” არ ზოგავენ მოსახლეობაში (მთავრობაშიც) პანიკის დასათესად – ექიმების და სამედიცინო ინდუსტრიის წინაშე დაუცველები ხართ და მთავრობას თუ არ აიძულებთ სამედიცინო ინდუსტრია მკაცრად არეგულიროს, დაიღუპებითო. სამწუხაროდ ვეჭვობ, რომ რეფორმატორი მთავრობის ნაწილიც, გულის სიღრმეში გულწრფელად იზიარებს ამ შეხედულებას.

რა საშუალებებს იყენებს მთავრობა უსაფრთხოებისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად?

– რეგულირებული განათლება;
– სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმებისათვის ლიცენზირება და სერტიფიცირება და შემდგომ ადმინისტრაციული კონტროლი, სპეციალიზებული საპოლიციო სამსახურის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ.

ეს ღონისძიებები აძვირებს ინვესტიციებს განათლებაში, აბნევს მომხმარებელს და არანაირი გავლენა არ შეუძლია მოახდინოს მომსახურების ხარისხზე და უსაფრთხოებაზე.

ჩვენთვის, ოპონენტებისათვის არჩევანის თავისუფლება ანუ მხოლოდ კონკურენცია კარგი, მაგრამ სუსტი და არასაკმარისი არგუმენტია. ჩემი ჯანმრთელობაც საკმაოდ ძვირად მეჩვენება ბაზრის ოპტიმიზაციის სამსხვერპლოზე მისატანად. აბა რა ვქნათ?

ჩემი აზრით, საჭიროა დავიწყოთ ფიქრი თუ როგორ მივიღოთ ჩვენ, მომხმარებლებმა მატერიალური კომპენსაცია სადაზღვევო კომპანიის მიერ დაპირებული მომსახურების მიუღებლობის გამო ან ექიმების უხარისხო მომსახურებისაგან განცდილი ზიანისათვის. ექიმებმა და მთლიანად სამედიცინო ინდუსტრიამ საკუთარი ჯიბის გავლით უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რასაც მომხმარებელს აყენებენ. არ მესმის რატომ უნდა ვიყო კმაყოფილი, თუ საავადმყოფოს, სადაც უშედეგოდ დავხარჯე ფული და დრო, ტკივილი და დისკომფორტი განვიცადე, მთავრობა საყვედურს ეტყვის და 1000 ლარით ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმებს? ექიმი ან სამედიცინო დაწესებულება სერტიფიკატის ან ლიცენზიის შეჩერებით კი არ უნდა ისჯებოდეს, არამედ მნიშვნელოვანი ფულადი ჯარიმით მომხმარებლის სასარგებლოდ, რაც ინდუსტრიას აგრძნობინებს მენეჯმენტის და მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდების დანერგვის მომგებიანობას. ასეთი მექანიზმის ასამუშავებლად საჭიროა, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს შემდეგ კითხვებზე პასუხი:

– რა მექანიზმით არის შესაძლებელი დავის გადაწყვეტა ან ზიანის ანაზღაურება?
– დამოუკიდებელი საქმიანობით დაკავებულ ექიმს, სახელმწიფო სერტიფიკატის გარდა, თუ აქვს ფული არაკომპეტენტურობით ან თუნდაც დაღლილობის გამო დაშვებული შეცდომით პაციენტისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად?
– ვინ შეიძლება იყო მხარეებისათვის მისაღები არბიტრი?

ვიდრე ამ კითხვებსაც არ გავცემთ პასუხებს, საზოგადოება იქნება ბიუროკრატიის და „ექსპერტების” აპოკალიფსური წინასწარმეტყველებებისაგან დაზაფრული, არ უნდა ვიოცნებოთ კარგ ექიმებზე, გამართულად მომუშავე ჰოსპიტალებზე და სადაზღვევო კომპანიებზე. რაც მთავარია, არ გვექნება ხელისუფლების კეთილი ნების იმედი – დაკავდეს რამე ნაკლებად საზიანო საქმით.

კომენტარები