მოგზაურობა სკნელეთში

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯერი ესკიმოსებზე მიდგა და ისინიც ეზიარნენ გლობალურ აბლაბუდას, დღის წესრიგში დადგა, თუ როგორ ეწოდებინათ ესკიმოსთა ენაზე, ინუკტიტუტზე ე.წ. “მეშვიდე კონტინენტისათვის”. ბანალური “ინტერნეტი” საამისოდ არ გამოდგებოდა, ვინაიდან ესკიმოსები საკუთარ ენას პატივს სცემენ, შესაბამისად, ბარბარიზმებისგანაც იცავენ. ერთმა ჭკვიანმა კაცმა, ევა აარიაკმა, მსოფლიო ესკიმოსურ საზოგადოებას სიტყვა ikiaqqivik შესთავაზა. ეს სიტყვა ინუიტთა მშობლიურ ენაზე, “შრეებში მოგზაურობას" ნიშნავს და მოდით აქვე აღვნიშნოთ, რომ ესკიმოსები საკუთარ თავს “ინუიტებს” უწოდებენ და არ უყვართ, როცა მათ „ესკიმოსებად” მოიხსენიებენ. ასე მათთვის კრის ტომის ინდიელებს შეურქმევიათ, რაც, ამ უკანასკნელთა განმარტებით, “უმი ხორცის მჭამელს” ნიშნავს თურმე. ჰოდა, აბა ვის მოეწონება ასეთი სახელი?!

შრეებში მოგზაურობა რაღა ჯანდაბააო, შეიძლება წამოსცდეს რომელიმე თქვენგანს. შრეებში მოგზაურებს ესკიმოსები საკუთარ შამანებს, ანუ მედიუმებს ეძახიან, რომლებიც გზად და ხიდად დამდგარან რუხი ყოველდღიურობისა და ღვთაებრივი მარადიულობის გზაზე, აკავშირებენ გარდაცვლილს ჯერარდაბადებულთან, ნუნავუტს – ინუიტთან, სნეულს – განკურნებასთან და უბრალო ადამიანს – ღმერთთან. ერთი ისტორიული ანეკდოტი არსებობს ამასთან დაკავშირებით: როდესაც ამერიკელთა მთვარეზე დაჯდომის ამბავი კანადის შორეულ ჩრდილოეთში ინუიტების ყურამდე მისულა, მათ მხრები აუჩეჩავთ და უთქვამთ – დიდი ამბავი, ჩვენი შამანები ყოველდღიურად აკეთებენ ამას, როდესაც შრეებში მოგზაურობენო!

ზუსტად ვიცი ახლა, ამის წაკითხვის შემდეგ რასაც განიცდით. ამას კულტურული შოკი ჰქვია. თქვენს გონებას არ შეუძლია ამ ინფორმაციის დამუშავება, თუმცა შრეებში მოგზაურობა კვლავაც ძალადობს თქვენს ცნობისმოყვარეობაზე. ზოგიერთი თქვენგანი ესკიმოსთა, უკაცრავად ინუიტთა, გულუბრყვილობაზე ჩუმად ხითხითებს, ზოგიერთი – ზედმეტად ჭკვიანი სახით კვლავაც აგრძელებს კითხვას. ზოგმა ამ წამს დააცემინა, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, ცხვირ-პირი შეიმშრალა და კითხვა განაგრძო. ზოგს კაბინეტში ჩასთვლიმა და აღარასოდეს მოუბრუნდება ამ “ესკიმოსურ” ისტორიას შრეებში მოგზაურობის შესახებ. მთავარი კი ის არის, რომ ახლა ჩვენ განვჭოლავთ ერთმანეთის ყოველდღიურობას და ვმოგზაურობთ შრეებში... აი, კაბინეტში ჩაძინებულმა ბატონმაც გამოიღვიძა, მაგიდაზე ჩამოვარდნილი სათვალე გაიკეთა და განაგრძო კითხვა.

ამ ისტორიამ ძველი ქართული ზღაპრები გამახსენა, სადაც სივრცე სკნელური ტოპოლოგიითაა დაყოფილი: ზევით – ზესკნელია, ქვევით – ქვესკნელი. სადღაც გარდიგარდმო – გარესკნელი. ჯადოსნურ ხალიჩაზე ამხედრებული მეფის შვილები და ობოლი შარახვეტიები დევებს, ქაჯებს, ვირ-ეშმაკებს, გველეშაპებს ხოცავენ. სკნელების ფაქიზ და რთულ სტრუქტურას მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვებით აკავშირებენ და ამ ზღაპრების მოსმენისას ჩვენი პატარებიც მათთან ერთად მოგზაურობენ, შემდეგ სიზმრებში საკუთარ სკნელეთში იძირებიან და ამბავიც თავიდან იწყება. ამბავი, რომლის ბოლოც აუცილებლად კეთილი უნდა იყოს.

აი, დღესაც ვიმოგზაურე ინტერნეტში: სალომეს ახალი “ძერსკი” მოთხრობა დაუწერია, ნი2-ნიუსი აკაკი წერეთლის კომენტარს გვთავაზობს მის წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით, პარიზში ეიფელის კოშკი დაუნაღმავთ, თუ გაუნაღმავთ და ორი ათასამდე იაპონელი ტურისტი მარსის ველზე გამოუყრიათ ცხვრებივით, ქართულ ბლოგებზე კვლავ წიგნებით გარემოვაჭრეთა ბედ-იღბალი ადარდებთ, მარო მაყაშვილის დღიურების ბლოგად გარდაქმნა დაუწყიათ ჩვენებურ ghost-writer-ებს, მამაჩემი კვლავაც დაჟინებით აქვეყნებს თავის თარგმანებს ფეისბუქში, სადღაც რომელიღაც სკოლაში ფეისბუქელ პოეტთა პოეზიის საღამო იმართება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები კვლავაც გეებს დასდევენ, გეები კვლავაც ქამინგ-აუთს ერიდებიან და, ერთი სიტყვით, ძნელია მოიწყინო ინტერნეტში, რომელსაც, მე რომ მკითხო, სიტყვა “სკნელეთი” უფრო შეეფერება.

ჩვენ ყველანი ინუიტ შამანებს ვგავართ, ინფორმაციის შრეებში დაკარგულ მისნებს. ყოველი დილა ჩვენი პატარა “შრით” იწყება. შემდეგ მეზობლები იჭრებიან მასში, უდროო დროს ჩართული სიგნალიზაციით. საქალაქო ტრანსპორტი, მანქანების საცობი და სამსახურებისაკენ დაძრული ადამიანები თავიანთი პირადი პრობლემებით ეჯახებიან მას და მოქმედებაში მოჰყავთ. შემდეგ სამსახური. სამსახურში ინტერნეტი, თანამშრომლები. კვლავ ინტერნეტი. მერე მეგობრები, ოჯახი, კვლავ ინტერნეტი... შრეები, შრეები, შრეები... ჩვენ, ამ შრეებში მოგზაურობისაგან დაღლილი მგზავრები კი ვერ ვამჩნევთ, რომ ხანდახან გაჩერების და სულის მოთქმის დროა. ვჩერდებით და ცოტა ხანში ისევ უცნობ-ნაცნობი შრეებისაკენ მივემართებით, სადაც ზევით – ზესკნელია, ქვევით – ქვესკნელი, გარდიგარდმო – გარესკნელი და სიტყვა “უკანასკნელი” კი – უკანასკნელი.

კომენტარები