თავისუფლების კუნძული კარს უღებს თავისუფალ ბაზარს

ყველამ, ვინც კუბაში ცხოვრობს და იქ მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს, იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკის სოციალისტური მოდელი არ მუშაობს. ამას თავად კუბის ეკონომიკური მოდელის ავტორი მიხვდა. შოკისმომგვრელი იყო ფიდელ კასტროს განცხადება. მან ამერიკელ ჟურნალისტთან, ჯეფრი გოლდბერგთან საუბრისას განაცხადა: “კუბის ეკონომიკური მოდელი უკვე ჩვენთანაც ვეღარ მუშაობს”. მოგვიანებით ფიდელ კასტრომ უარყო ეს გამონათქვამი და არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა.
Human Rights Watch-ის მიხედვით, “კუბა ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება ლათინურ ამერიკაში, რომელიც პოლიტიკური აზრთა სხვაობის პრაქტიკულად ყველა ფორმას ახშობს”. იმ სიტყვების ავტორი ფიდელ კასტრო რომ არ ყოფილიყო, მას ხელისუფლებასთან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. ერთ-ერთი კანონის მიხედვით, ადამიანს “საშიში” და არასოციალისტური ტენდენციების გამოაშკარავებისათვისაც კი აპატიმრებენ.
ფიდელ კასტროს რეჟიმთან 350 ათასი პოლიტპატიმარი ასოცირდება. 60-იან წლებში 14 ათასი კუბელი დახვრიტეს. ადამიანთა უმოწყალო ხოცვა, ზღვაში დახრჩობა და იძულებითი შრომის ბანაკები 102 ათასი კუბელის სიკვდილის მიზეზი გახდა. ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობა 6,4 მლნ-ს შეადგენდა. განმათავისუფლებლებმა, კასტრომ და ჩე გევარამ, პროცენტულად უფრო მეტი ხალხი დახოცეს, ვიდრე ფაშისტურმა გერმანიამ საფრანგეთში.
ალბათ, კუბის მთავრობამ გააანალიზა კომუნიზმის კრახი და ეკონომიკაში გარკვეული ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. ხელისუფლებამ 2011 წლის აპრილისათვის სახელმწიფო სექტორში დაახლოებით მილიონი სამუშაო ადგილის შემცირება განიზრახა. ამის შესახებ კუბის პრეზიდენტმა 2010 წლის 1 აგვისტოს განაცხადა. მისი სიტყვებით, ყოველი მეხუთე თანამშრომელი უბრალოდ ზედმეტია.
რაულ კასტრომ ქვეყნის გამგებლობის სადავე 2006 წელს აიღო ხელთ. მან არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება კუბის ეკონომიკის ქრონიკული არაეფექტიანობის თაობაზე. გასულ თვეს პრეზიდენტმა ნაციონალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას განაცხადა – „ჩვენ სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ, რომ კუბა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც აუცილებელი არ არის მუშაობა”. ნიკელზე, რომელიც ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქტია, ფასებმა დაიწია. საერთაშორისო ეკონომიკურმა კრიზისმა შეამცირა ტურისტთა რაოდენობა. 2008 წელს კუნძულმა ქარიშხლის გამო დიდი ზარალი განიცადა. აგრარული მამულების უმეტესობა არაპროდუქტიულია, რის გამოც კუბა საკვები პროდუქტის 80%-ის იმპორტს ახდენს. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ხელისუფლებამ ეკონომიკაში რადიკალური რეფორმების გატარება გადაწყვიტა.
სექტემბრის ბოლოს იწყება სახელმწიფო სექტორიდან პერსონალის მასობრივი დათხოვნის მეორე ტალღა. იმისათვის, რომ უმუშევრებმა შეძლონ ახალი სამსახურის მოძებნა, კუბის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ კერძო სექტორზე რიგ აკრძალვებს გააუქმებს. კერძო სექტორი ემბრიონივით განვითარებას იწყებს.
ოფიციალური მონაცემებით, კუბაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დაახლოებით 5,1 მილიონი ადამიანი მუშაობს. შემცირება შეეხება კუბის დასაქმებული მოსახლეობის 10 პროცენტს. კერძო სექტორი, რომელსაც ეკონომიკის მხოლოდ 5% უჭირავს, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ყველა დათხოვნილის სამსახურით უზრუნველყოფას. სიღატაკეში მცხოვრები მოსახლეობის ყოფა ალბათ უფრო გაუარესდება.
კასტროს გეგმის მიხედვით, სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად რიგი რეფორმებია გათვალისწინებული. მაგალითად, კერძო კოოპერატივების შექმნა და მათი გაფართოება. ამ რეფორმების ზუსტ თარიღზე კუბის ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს.
სახელმწიფო საწარმოებსა და ორგანოებში ადგილთა შემცირება მასშტაბური რეფორმების მხოლოდ ნაწილია. რაულ კასტროს გეგმებს თუ გავითვალისწინებთ, სახელმწიფო ეკონომიკაში ჩარევას თანდათანობით შეზღუდავს. უახლოეს მომავალში გაიზრდება მრეწველობის დარგების სია, სადაც დაიშვებიან კერძო მეწარმეები. თუმცა ჯერ უცნობია ეკონომიკის რომელი სფეროები აღმოჩნდება კერძო საკუთრების ხელში.
შეგახსენებთ, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში კუბამ სოციალიზმის მშენებლობის კურსი აიღო. ის საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით სარგებლობდა (წელიწადში 5 მილიარდი აშშ დოლარი). როდესაც კრემლში წყობილება შეიცვალა, კუბელებს საკუთარი ეკონომიკის ნაკლოვანებებთან მოუხდათ შეჯახება. ასეთ ვითარებაში ფიდელ კასტრომ ნებადართულად გამოაცხადა კერძო წარმოება. მაღალი გადასახადებისა და მუშაობისათვის აუცილებელი ლიცენზიის მიღების სირთულის გამო ბევრი ასეთი მცირე ბიზნესი ჩავარდა.
ამ დროისათვის არასახელმწიფო სექტორში მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია დასაქმებული. თუ რეფორმები ბოლომდე გატარდება, მათი რიცხვი ნახევარ წელიწადში 15%-ს შეადგენს, მოგვიანებით კი – მოსახლეობის თითქმის მეოთხედს. იმ დროს, როდესაც კუბა სახელმწიფო სექტორს 500 ათასი ადამიანით ამცირებს, ობამას ადმინისტრაცია სახელმწიფო სექტორის გაფართოებითაა დაკავებული. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. კუბამ, შესაძლოა, სოციალისტურ ჩინეთს მიბაძოს, სადაც კომპარტიამ ძალაუფლებაზე მონოპოლია შეინარჩუნა, მაგრამ ეკონომიკაში კერძო სექტორს გზა გაუხსნა. შეიძლება კასტროს გზა საბჭოთა კავშირის გზაა, სადაც ყველაფერი პირიქით მოხდა – პოლიტიკური რეფორმები უფრო სწრაფი ტემპით გატარდა, ვიდრე ეკონომიკის მოდერნიზაცია, საბოლოო ჯამში კი, ეს რეჟიმის კრახით დასრულდა.
მოსალოდნელი ცვლილებების მიუხედავად „თავისუფლების კუნძულზე” ჯერ კიდევ შეინიშნება კომუნისტური გადმონაშთები, თუმცა ქვეყნის მმართველებს ამაზე ღიად საუბარი არ სურთ. რა საშინელებაა – კუბელთა ბედისწერა – კომუნიზმი მოკვდა, ისინი კი გვამს ჩაბღაუჭებიან.
 

კომენტარები