მამები და შვილები

იოჰან და ხორდი კრუიფები
სახელგანთქმული მამების შვილები მოლოდინს რომ ვერ გაამართლებენ, იტყვიან, მუზებმა დაისვენესო.
ამას ნაწილობრივ თუ დაეთანხმება კაცი, რადგან ფეხბურთის ისტორია ითვლის მოთამაშეებს, მამის სახელ-დიდებას რომ ვერსად გაექცნენ, მაგრამ ამავდროულად, ახსოვს ისეთი შვილებიც, მამები რომ დაჩრდილეს.
თავდაპირველად მათზე ვთქვათ, ვისთვისაც მემკვიდრეობით გადაცემული ტვირთი ძალიან მძიმე გამოდგა.
შორს რომ არ წავიდეთ, პელე გავიხსენოთ: ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდის შვილმა ედსონ შოლბი დუ ნასიმენტუმ ჯერ არჩევანით მოუკლა მამას გული – მეკარე გახდა, მერე კი, ვერც ერთ კლუბში რომ ვერ ივარგა, საბოლოოდ აურია: ნარკოტიკების მოხმარებაში ამხილეს, მოგვიანებით კი მანქანით გამვლელი იმსხვერპლა და ექვსი წელი ციხეში გაატარა...
მამასთან შედარებით, ხელი მოეცარა ყველა დროის უძლიერესი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იოჰან კრუიფის ვაჟსაც: ხორდის მამის აჩრდილი მთელი კარიერის მანძილზე თან სდევდა. ევროპის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ჰოლანდიელს ხორდი 1974 წლის დასაწყისში შეეძინა: იმ დროს ის ბარსელონას ლიდერი იყო და შვილსაც კატალონიის მფარველი წმინდანის სახელი დაარქვა. 18 წლის ხორდი კრუიფი ბარსელონას მეორე გუნდში ჩაირიცხა, 1994 წელს კი პირველ გუნდში მოხვდა, რომელსაც მამამისი წვრთნიდა. ძალიან კი ცდილობდა შვილი მამის იმედის გამართლებას, მაგრამ ვერაფერს გახდა – ორ წელიწადში ინგლისის მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, მერე კიდევ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა. დღეს ხორდი კრუიფი ლა ვალეტას ფეხბურთელია, მალტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბის...
პელეს და იოჰან კრუიფის მხარდამხარ ჩვენი მიხეილ მესხიც რომ მოვიგონოთ, უადგილო ნამდვილად არ იქნება.
დიდი მიშა 1999 წელს საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ის მართლა ლეგენდარული ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთი პირველი იმ თითზე ჩამოსათვლელ ქართველთაგან, მსოფლიო დონისა რომ ეთქმოდა. ეგაა მხოლოდ, რომ საშინელ დროს მოუწია თამაში, ქვეყანაში, სადაც კარიერის ზენიტში მყოფს ფეხბურთიდან წასვლა აიძულეს და მსოფლიოს ნაკრებიდან გამოგზავნილი მიწვევა მხოლოდ იმიტომ დაუმალეს, რომ ქართველი იყო...
მტკვრისპირელ გარინჩად წოდებული მიხეილ მესხი 1969 წელს გააცილეს დიდი ფეხბურთიდან, 80-იანი წლების დასაწყისში კი თბილისის დინამოში კვლავ გამოჩნდა მიხეილ მესხი. ისიც ტექნიკური და ნიჭიერი, თუმცა, ხორდი კრუიფისა არ იყოს, ვერც ის შეწვდა მამის დაპყრობილ მწვერვალებს: თბილისის დინამოში ერთთავად გაუგებრობაში ეხვეოდა, მოსკოვის სპარტაკში გადასულმა სსრკ-ის ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ მეტი ვერც ვერაფერი მოახერხა. უმცროსმა მიშამ წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში სევდიანად, მაგრამ ალალად თქვა: როცა მამაშენი მიშა მესხია, ძალიან ძნელია ფეხბურთის უკეთ თამაშიო...
უმცროსი მიხეილ მესხის დარად, ვერც ყველაზე დიდი ქართველი ათიანის, დავით ყიფიანის ვაჟმა შეძლო მამის დაჩრდილვა: ლევან ყიფიანის ფეხბურთელობის წლები საქართველოში მომხდარ დიდ არეულობებს დაემთხვა და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მან ძალიან ადრე დაანება თამაშს თავი. მამას ვერც უმცროსი ვაჟი, გიორგი ყიფიანი გაუტოლდა...
იგივე შეიძლება ვთქვათ მურთაზ ხურცილავას, ალექსანდრე ჩივაძის, ვიტალი დარასელიას, ზაურ სვანაძის, ვახტანგ ქორიძის, მერაბ მეგრელაძის და კიდევ არაერთი სახელგანთქმული ქართველი ფეხბურთელის შესახებ: შვილებმა მამებს ვერ აჯობეს.
მაგრამ ცხადია, გამონაკლისებიც არიან: ყველა გულშემატკივარს შეუძლია ოთხი-ხუთი ისეთი ფეხბურთელის ჩამოთვლა, მამები რომ დაჩრდილეს.
ქართველთაგან, პირველ რიგში, ზურაბ ხიზანიშვილი გაგახსენდება, 70-80-იანი წლების დინამოს მცველის ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟი, უცხოელთაგან კი პაოლო მალდინი: მამამისი, ჩეზარე მალდინი 50-იანი წლების მიწურულს და 60-იანი წლების დასაწყისში თამაშობდა მილანში, ოთხჯერ სკუდეტო მოიგო, 1963 წელს კი კაპიტნის რანგში აღმართა ჩემპიონთა თასი.
40 წლის შემდეგ, 2003 წელს მილანმა კიდევ ერთხელ მოიგო ეს პრესტიჟული ჯილდო, იმ კლუბის კაპიტანი კი (სადაც, სხვათა შორის, კახა კალაძეც თამაშობდა) მისი შვილი, პაოლო გახლდათ – იმ დროისთვის უამრავი ტიტულის მომგები და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველად აღიარებული ფეხბურთელი!
მამა-შვილი მალდინები ერთადერთნი არიან, რომლებმაც კაპიტნის რანგში აღმართეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი. სხვათა შორის, როცა პაოლომ კარიერა დაასრულა, მილანმა მაისურის ნომერი – 3 – სამუდამოდ მას უსახსოვრა, თუმცა ერთი გამონაკლისით: თუ პაოლოს ერთ-ერთი ვაჟი პირველ გუნდში მოხვდება, მას ამ ნომრით თამაში შეეძლება. დღეს უფროსი მესამეთაობელი მალდინი – კრისტიანი, მილანის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში მცველია და თან, კაპიტანი...
ცხადია, გახსენდება მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო ფორლანიც. მამამისმა, პაბლომ, 60-იანი წლების მონტევიდეოს პენიაროლის და 70-იანი წლების ბრაზილიური სან-პაულუს მცველმა არაერთი ტიტული მოიგო, 1966 წელს სულაც ლიბერტადორესის და საკონტინენტთაშორისო თასები, თუმცა შვილმა მაინც აჯობა: ევროპის ორგზის საუკეთესო ბომბარდირობაზე, ინგლისში მოგებულ ყველა საკლუბო ტიტულზე და ატლეტიკოში წლევანდელ წარმატებებზე რომ არაფერი ვთქვათ, სამხრეთ აფრიკაში მოგებული ოქროს ბურთი – ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდება – ყველაფერს გადაწონის! ამბობდა კიდეც უფროსი ფორლანი: თუ ჩემი შვილი მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდა, ურუგვაი შორს წავაო. მამა ტყუილად არ აქებდა შვილს...
იური ჟორკაეფის ხსენებაც აუცილებელია: მამამისი, ჟან ჟორკაეფი ლიონსა და მარსელში მოგებული საფრანგეთის ორი თასით თუ დაიკვეხნის, იურიმ კი უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ორი მთავარი: 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ორი წლის შემდეგ კი ევროპის.
იგივე ითქმის პეპე რეინაზეც: ლივერპულის გოლკიპერი დღეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, პრემიერლიგის საუკეთესო მეკარედ სამჯერაა აღიარებული და კიდევ არაერთ საკლუბო ჯილდოს ფლობს, მამამისი მიგელი კი, რომელიც ასევე მეკარე გახლდათ, ასეთი წარმატებებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. დაგვეთანხმებით, 1974 წელს მადრიდის ატლეტიკოში მოგებული საკონტინენტთაშორისო თასი შვილის ტიტულებს ვერ გადაწონის...
კიდევ ვინ ვახსენოთ? ალბათ, პაოლო მონტერო, ურუგვაის ნაკრების და ტურინის იუვენტუსის სახელგანთქმული მცველი, შვედი პატრიკ ანდერსონი – ახლო წარსულში ბაიერნის დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, გნებავთ, ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის საყრდენი ნახევარმცველი ხაბი ალონსო, ან არგენტინელი ხუან სებასტიან ვერონი...
მათ შეძლეს და ფეხბურთელი მამები დაჩრდილეს.
აი, მათზე კი, მეორე, ყველასთვის კარგად ცნობილი გამოთქმაა ზედგამოჭრილი...

კომენტარები