რვიდან სამი ლონდონშია

ტომაშ ბერდიხი
 11 ნოემბრამდე პრო-ტურზე კიდევ უამრავი ტურნირია ჩასატარებელი, სეზონის ბოლო აკორდი კი ლონდონში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი, ანუ ATP World Tour Finals იქნება. ტურნირი, რომელშიც ტრადიციულად, მთელი წლის განმავლობაში ერთეულებში ნაჩვენები შედეგებით და სარეიტინგო ქულებით რვა საუკეთესო მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას.
ბანგკოკის ტურნირამდე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ესპანელი რაფაელ ნადალის შემდეგ, ლონდონში თამაშის უფლება მოიპოვეს სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, რომლებიც კლასიფიკაციაში, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებზე იმყოფებიან. ნადალმა ლონდონში გამოსვლა და სეზონის ბოლოს პირველი ჩოგნის სტატუსიც ამერიკის ღია პირველობის მოგებით გაიფორმა.
ესპანელი ბანგკოკში ჩავიდა, ტურნირის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე კი აღნიშნა, რომ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშოს. ნადალის თქმით, მარჯვენა მუხლი მას დღესაც აწუხებს და ისე სურს სათამაშო განრიგის გადანაწილება, რომ 2011-ში საუკეთესო ფორმაში იყოს.
ნადალს სეზონის შემაჯამებელ ტურნირში სამჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა და სამივეჯერ უფინალოდ დარჩა. 2006-07 წლებში რაფაელი ნახევარფინალში გადის, შარშან კი ესპანელმა ჯგუფში ცუდად, უმოტივაციოდ ითამაშა და გასავარდნ ეტაპზეც ვერ გავიდა. ნახევარფინალში რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ ფედერერს მოუგო, ხუან მარტინ დელ პოტრომ შვედი რობინ სოდერლინგი დააეისა და ფინალში რუსმა არგენტინელს ორ სეტში შანსი არ დაუტოვა.
ნადალისთვის უხერხული საფარი არ არსებობს, მაგრამ ესპანელი არაკომფორტულად გრძნობს თავს ლონდონის დახუთულ დარბაზსა და ძალიან სწრაფ ჰარდზე, რომელიც უიმბლდონის ბალახის შემდეგ ყველაზე სწრაფი კორტია პრო-ტურზე. თუ დიდი სლემის ტურნირებზე ნადალს დასვენების შანსი ეძლევა და ორ კვირაში მინიმუმ 5 დღეს არ თამაშობს, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეები თითქმის ყოველდღე გადიან კორტზე. ერთდღიანი ფანჯარა ყველას ეძლევა და ტურნირი ერთ კვირაში მთავრდება.
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი ლეგენდარულ ივან ლენდლს აქვს. გაამერიკელებული ჩეხი ზედიზედ ცხრაჯერ (1980-88) გადიოდა ფინალში და ხუთჯერ ჩემპიონი გახდა. მოგებული ფინალებით ლენდლივით ხუთგზის ტრიუმფატორია პიტ სამპრასი, მაგრამ საერთო შედეგით და მოგება-წაგების პროცენტული მაჩვენებლით ივანი საუკეთესოა.
ლენდლი: „ნადალის მესმის. რთულია, მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარო და ბოლოში, როდესაც იდენტურ დონეზე სათამაშოდ არც ძალა გყოფნის და არც მოტივაცია, გახვიდე კორტზე და სამიდან ორი მატჩი წააგო, ან თუნდაც ჯგუფიდან გახვიდე და მერე გავარდე. ნადალი ჩემპიონია და სეზონის მაღალ დონეზე დასრულება უნდა. ჩემ დროს განრიგი ნაკლებად დატვირთული იყო, მაგრამ მაინც ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევდა. უბრალოდ, დღევანდელი ჩოგბურთი ზედმეტად ძალისმიერი გახდა და ყოველი მოგება დიდ ენერგიას გართმევს. ნადალი ფიზიკურად საუკეთესოდ არის მომზადებული, მაგრამ 100 მატჩის ერთ დონეზე ჩატარება მისთვისაც არარეალურია”.
პირველი სამეულის დღევანდელი მაჩვენებელი ასეთია: 1. ნადალი – 12 025 ქულა, 2. ჯოკოვიჩი – 7 145, 3. ფედერერი – 6 735.
დარჩენილი ხუთი საგზურისთვის კი მეოთხედან მეოცე ადგილებამდე მყოფები იბრძოლებენ. წელს ქულები თანაბრად გადანაწილდა და იმავე სტანისლას ვავრინკას, რომელიც 1 855 ქულით მეოცე პოზიციაზეა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მაინც აქვს.
დარჩენილ ტურნირებზე ყველაზე მეტი ქულა ჯოკოვიჩს და დავიდენკოს ექნებათ დასაცავი. სერბი შარშან ლონდონის ტურნირამდე ჯერ პეკინში გახდა ჩემპიონი, შემდეგ ბაზელის ფინალში ფედერერი დაამარცხა და პარიზის მასტერსზეც საუკეთესო გახდა (ფინალში 6:2, 5:7, 7:6 გაელ მონფილზს მოუგო). დავიდენკოს კი 1 400 სარეიტინგო ქულის დაცვა მოუწევს. რუსი შარშან ფენომენალურ ფორმაში სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში შევიდა და წელს ძალიან რთული სათამაშო გრაფიკი აქვს. თან, ნიკოლაის მანამდე არც ერთი მასტერსი არ მოუგია და საბონუსო ქულებითაც ბევრით ჩამორჩება ლიდერებს.
პირველ ათეულში შედარებით მშვიდად უნდა იყვნენ სქოთი ენდი მარეი (მეოთხე ადგილი, 5 035 ქულა) და ორმეტრიანი შვედი რობინ სოდერლინგი (4 910). სკანდინავიელმა წელს დიდი სლემის ტურნირებზე ბლომად ქულები აიღო, როლან გაროზე შარშანდელივით ფინალი ითამაშა და ფრანგულ თიხნარზე როჯერ ფედერერს მოუგო.
დავიდენკოზე ერთი ადგილით უკან, ანუ მეშვიდე პოზიციაზეა ჩეხი ტომაშ ბერდიხი, მაგრამ უიმბლდონის ფინალისტს დარჩენილი ორი მასტერსიდან (შანხაი, პარიზი) ერთ-ერთის ფინალი ავტომატურად მოუტანს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.
უმოტივაციო ენდი როდიკი მეათეა და ბოლო ინფორმაციით, ამერიკელი რვა საუკეთესოში რომც მოხვდეს, ლონდონში არ გაფრინდება. მის მეუღლეს 9 ნოემბერს პეპსის სარეკლამო რგოლში იღებენ და როდიკს მიზერული სეზონის დასრულება საყვარელ ადამიანთან ერთად ურჩევნია, ვიდრე – სოდერლინგისგან ან ჯოკოვიჩისგან შერცხვენილს. ტურნირზე მოხვედრის ძალიან კარგი შანსი აქვს კიდევ ერთ რუსს, მიხაილ იუჟნის, რომელიც ამერიკულ მეიჯორზე ნახევარფინალში გავიდა და იქ ნადალთან წააგო. იუჟნი 3 295 ქულით მეცხრეა, მაგრამ დარჩენილ ტურნირებზე ბევრი ქულა არ ექნება დასაცავი და სხვებთან შედარებით, თავს მშვიდად გრძნობს.
ისევ ლენდლი: „მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. ბოლო წლებში ლიდერები სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩადიან იქ, რაც ჩემთვის გაუგებარია. 1982-ში ჯონ მაკინროიმ ტურნირის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე მარჯვენა მუხლი იტკინა. ექიმებმა თამაში აუკრძალეს, მაგრამ ის კორტზე მაინც გავიდა და ტკივილგამაყუჩებლებით ფინალამდე გაძლო. ტრავმა რომ არ მიეღო, ფინალსაც მოიგებდა. მთელი სეზონი დიდ ენერგიას ხარჯავ და მთავარ ტურნირზე ჩასვლა გეზარება? ჩემთვის ეს გაუგებარია. ნადალი დიდი ჩემპიონია და ვიმეორებ, მისი შემთხვევა განსაკუთრებულია, მაგრამ სხვებმა არ უნდა აარიდონ თავი ამ დიდ მოვლენას”.
წლევანდელი ტურნირი შეიძლება იმითაც იყოს განსაკუთრებული, რომ მასში არც ერთი ამერიკელი არ იქნება. როდიკზე უკვე მოგახსენეთ და უახლოესი ორი იანკი, მარდი ფიში (19) და სემ ქუერი (21) ჭერქვეშა ტურნირებზე თავს ისე კომფორტულად ვერ გრძნობენ, როგორ ღია ჰარდზე. ამ ორიდან უკეთეს ფორმაში ფიშია, რომელსაც წელს ჰარდზე ნადალის შემდეგ პროცენტულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

კომენტარები