სხვანაირი არონის ამბავი

არონ ჩხარტიშვილი გურული გლეხი იყო. 96 წლის გარდაიცვალა.საკმაოდ დაბალი, წელში შესამჩნევად მოხრილი, პირსახე მოხუცისთვის უჩვეულოდ უნაოჭო და დაწმენდილი ჰქონდა. სოფელ ნატანებში ცხოვრობდა.

დედაჩემის დიდი ბიძა – არონ ჩხარტიშვილი.

არონი სხვანაირი იყო. სხვისთვის დაძალება კი არა, თვითონაც არიდებდა თავს სასმელს და საჭმელს. დილით ნახევარ ჭიქა არაყს გადაკრავდა, უმ კვერცხს გადაყლურწავდა, თოხს აიღებდა, ან ნამგალს, ან ფოცხს და ეზოში გავიდოდა. სულ მუშაობდა და მეზობლებს არ უყვარდათ, ნარდის თამაშიც არ იცისო, ერთს არ ჩამოგიჯდებაო და სხვა ამგვარი ხოტბანი.

ერთხელ მომიყვა არონმა: 8 წლის იქნებოდა, დილაუთენია გაუყენა მამამისმა შეკვეთილის ყანების გზას, რომ მივიდნენ, შეამჩნიეს რომ თოხის სალესი დარჩენოდათ, უკან გამოაბრუნა (მანძილი ნატანებიდან შეკვეთილამდე (თუმცა ეს ადგილიც სოფელს ეკუთვნის) ათი კილომეტრია), ამანაც მიიტანა სალესი, მაგრამ შეეშალა და მეორე, გაცვეთილი წამოიღო. მშობელმაც უთაქა და უთაქა, მერე ახალი მოატანინა. მამამისი იმ თუ მეორე ღამეს გარდაცვლილა, არონი კი ამის მერე სულ ასე მკაცრად ექცეოდა თავს.
მაგრამ შვილებს ანებრივდება. ზედმეტადაც.

მე ერთხელ ვახლდი ყანაში, ქანცი გამაძრო, ჩემზე ორჯერ მძიმე თოხი მომცა, მარტო წყალი და მჟავე კიტრი წამოიღო, რამდენიმე ძირი სიმინდი გადავქელე, თავიდან ვერ შეამჩნია, შორს გამასწრო, მაგრამ რომ მოიხედა და წაქცეული სიმინდები დაინახა, იმხელა მიკივლა, სამუდამოდ დამეკარგა თოხნის სურვილი და მალე ლექსების წერა დავიწყე.

არონი რა, არონა ერქვა, ასე ეძახდნენ.

თქვენ ალბათ გგონიათ როლში შევიჭერი და პოეტურმა ფანტაზიამ გადამძალა, მაგრამ ნაღდად ასე იყო: არონა ერთადერთი კაცი გახლდათ სოფელში, რომელსაც ყვავი ყავდა. მე რაც ვიცნობდი – ორი გამოიცვალა, პირველი წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა, მეორე არონას სიკვდილის მერე პალიასტომის ტბასთან ჩამოსვეს. ორივეს ბახა-ბახა ერქვა, მეზობლები ..ვარონას”(ვ-არონა) ეძახდნე

არონი გიჟდებოდა ზღვაზე. ზღვის წყალზე. როცა აღარ შეეძლო, სახლში მოჰქონდათ, ტაშტში ჩაუსხამდნენ, ფეხებს ჩაყოფდა და ღიღინებდა.
რაღაც სიმღერა იყო ბოლშევიკების შემოსვლასა და მენშევიკების გაქცევაზე.

არონს ქონდა ბოსელი, ანუ საძროხე, ანუ ახორი. ოღონდ საძროხე პირობითად, თხებიც იყვნენ იქ და საღორეც ჰქონდა მიდგმული. ზაფხულობით სულ ამ ბოსელში მივძვრებოდი და ოჯახში რწყილებს ვამრავლებდი.

მე მიყვარდა ბაბუა არონა, არონას ისე რა - თოხნა შენ არ იცი და არაფერიო.

ბოლოს წლების წინ ჩავედი.

არონას ცოლი მოუკვდა და ცალი თვალით დაბრმავდა. მეორეზე დიდი ლიბრი დააჩნდა.
როცა მივედი, ჯორკოზე იჯდა, გაზეთში გახვეულ თუთუნს აბოლებდა (ჯიუტად არ ეწეოდა სიგარეტს) და ძვლივს მიცნო.

ვეღარ ვმუშაობო.

არ მამუშავებენო – უფრო სწორედ.
მეათასაედ მომიყვა მეორე მსოფლიო ომის დროს ეზოში, თხემლების უკან
გათხრილი სამალავის ამბავი.
ეს სამალავი დღესაცაა.

გაიხსენა, როგორ წავიდა პირველად კინოში, როგორ კანკალებდა წინა ეკრანზე მოსიარულე ადამინების შიშით წინა ღამეს,
როგორ ჩამოვიდა პირველი ცირკი ოზურგეთში და მასხარების შორიდან ზვერა.
მარკესული ამბები იყო. წმინდა წყლის.

და კიდევ ერთი, ტრადაციულად მოსაგონარი შემთხევევაც, ოღონდ მისი ბაბუის ბაბუის დროინდელი –
ერთხელ შეკვეთილში ქრისტეფორე კოლუმბმა [:)] გამოირა, გლეხები ნაპირთან სიმინდს [:)] მარგლიდნენ, გადმოსძახა ქრისტეფორემ გემიდან; ამერიკის აღმოსაჩენად [:)] მივდივარ და წამომყევითო. ამათმა, არაო, მარგლა უნდა დავამთვროთო. მაშინ კოლუმბს გლეხების თანმხლები ქალებისთვის გადაუხედავს და შეხვეწნია: თქვენ მაინც წამოდითო, ამათმაც იუარეს – ნადს ვერ მივატოვებთო. მხოლოდ ერთმა ქალმა მოინდომა თავგდასავლებში ჩაბმა და გემისკენ გაიქცა. ქმარი გაწეულა ცოლის მოსაბრუნებლად, მაგრამ დანარჩენებს გაუკავებიათ, რა გინდა - ნატა (ასე ერქვა ქალს) თავისი ნებით წავიდაო.
დაერქვა სოფელს ნატანები.
არონა მალე იღლებოდა უკვე.
ორ კვირაში ჩაწვა.

ჩემს თვალწინ, სასიკვდილო სარაცელზე, სრულიად უგონოდ იქნევდა ხელს – თითქოს თოხნიდა. ყველა პირდაღებული ვუყურებდით – ოჯახის წევრები, ადრე მოქილიკე მეზობლები და ლამის მისი მეუღლის გადიდებული სურათიც.

p.s. ამასწინ მარტვილში დინოზავრის ჩონჩხი და ნაკვალევი აღმოაჩინეს. არიან ადამიანი – დინოზავრები (სრულიად არაცინიკური გაგებით), ამგვარი ხალხი სულ უფრო ცოტავდება. ეს ერთ–ერთი მათგანის ნაკვალევი გახლდათ, შეიძლება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი. ჩვენს წინ გაიარა.

კომენტარები