ინგლისის პრემიერლიგა: 11 საუკეთესო

 ინგლისის პრემიერლიგის გენერალურმა სპონსორმა ბარქლაიმ გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი და უძლიერესი ლიგის ყველა დროის ნაკრები დაასახელა.
1992 წელს დაარსებულ პრემიერლიგაში მანჩესტერ იუნაიტედი დომინირებს და სულაც არაა გასაკვირი, რომ სიმბოლურ ნაკრებში ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი და 7 ფეხბურთელი მოხვდა.
მეკარის პოზიციაზე უკონკურენტო იყო მანჩესტერელთა დანიელი გოლიათი პეტერ შმაიხელი, მცველთა შორის კი მისი ორი თანაკლუბელი მოხვდა: მარჯვენა ფლანგზე გარი ნევილი, მარცხნივ კი ფრანგი პატრის ევრა. დაცვის ცენტრში ლონდონის ჩელსის ლიდერი ჯონ ტერი არსენალის ექსკაპიტან ტონი ადამსს შეუწყვილდა.
ნახევარდაცვაში მანჩესტერ იუნაიტედის სამი მოთამაშეა: მარჯვნივ დევიდ ბექემი, მარცხნივ რაიან გიგზი, შუაში კი პოლ სქოულზი. მეორე საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად ლივერპულის სიმბოლო სტივენ ჯერარდი დასახელდა.
თავდასხმაში უკონკურენტო იყვნენ ლონდონის არსენალის კაპიტანი და ბომბარდირი ტიერი ანრი და ოლდტრაფორდელთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ერიკ კანტონა. საინტერესოა, რომ ორივე ფრანგია...
პირველი სამი სეზონის მანძილზე, ინგლისის პრემიერლიგაში 22 კლუბი ასპარეზობდა, შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა ორი გუნდით შემცირდა.
პრემიერლიგის მოგება მხოლოდ ოთხმა კლუბმა შეძლო. მანჩესტერ იუნაიტედმა 11-ჯერ, არსენალმა და ჩელსიმ 3-3-ჯერ, ბლექბერნ როვერსმა კი ერთადერთხელ. პრემიერლიგა არასდროს დაუტოვებია 7 კლუბს: მანჩესტერ იუნაიტედს, არსენალს, ჩელსის, ასტონ ვილას, ევერტონს, ლივერპულსა და ტოტენჰემ ჰოთსფურს.
ფეხბურთელთა და მწვრთ-ნელთა შორის ოლდტრაფორდული კლუბის კაპიტანი რაიან გიგზი და თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ლიდერობენ: ისინი გუნდის ყველა, თერთმეტივე ტრიუმფის უშუალო მონაწილენი არიან.

კომენტარები