თუშეთის დაცული ტერიტორიები

შეიქმნა 2003 წელს
ფართობი – 122 050 ჰა
(ევროპაში ყველაზე დიდი დაცული ტერიტორია)
საუკეთესო პერიოდი ვიზიტისთვის – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი
ესაზღვრება ხევსურეთს, კახეთს და რუსეთის ფედერაციას
კლიმატი – ზომიერი, ალპური
ხალხი – მეტად სტუმართმოყვარე

თბილისიდან ქვემო ალვანამდე მანქანით ორ საათში ჩახვალთ, ალვანიდან ომალომდე კი გზის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. გზა ომალოსკენ გადის აბანოს უღელტეხილზე, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღლა – ზღვის დონიდან 2926 მეტრზე მდებარეობს. უღელტეხილი რამდენიმე თვეა გახსნილი და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებითაა შესაძლებელი. უამინდობაში მგზავრობა რეკომენდებული არ არის.
თუ თბილისიდან გსურთ წასვლა და არ იცით ეს როგორ გააკეთოთ, მაშინ დაუკავშირდით დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას, რომელიც მანქანას დაგიჯავშნით. თუ კარგი ამინდია, თვითმფრინავით შეგიძლიათ გადაფრენა. ფრენაზე ინფორმაციასაც ნაკრძალის ადმინისტრაციაში მიიღებთ (web: www.tushetipa.ge, mob: 8 77 92 11 33, e-mail: [email protected]).
შედარებით მარტივი და იაფია თბილისიდან ალვანში ჩასვლა. აქ ტრანსპორტის შოვნა უფრო გაგიადვილდებათ.
ტურისტული მარშრუტები თუშეთში 4-დან 50 კილომეტრამდე მერყეობს. ზოგიერთი ადგილის მონახულება ფეხითაა შესაძლებელი, მაგრამ თუ უფრო ღრმად გინდათ ულამაზეს ხეობას შეყვეთ, ფარსმა, ჭეშო, გონთაი და სხვა ჯადოსნური ადგილები კარგად ნახოთ, მაშინ ცხენების დაქირავება მოგიწევთ. თუშეთში 11 ტურისტული მარშრუტი არსებობს.
ღამე შეგიძლიათ კარვებში გაატაროთ, ხოლო თუ ველური ეგზოტიკა არ მოგწონთ, მაშინ საოჯახო სასტუმროში 20 ლარად იშოვით ღამის გასათევს, სამჯერადი კვებით – 50 ლარად.
თუშეთში საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა მცენარე და ცხოველი შეგხვდებათ. ცირცელი, არყები, ფიჭვები და დეკის ხშირი ბუჩქნარი – თუშური მთების ფერდობებს ალამაზებს (ამ ყველაფერს თეთრად დაფენილი ცხვრის ფარებიც ემატება, რაც მნახველებს პატარა, კავკასიურ ექსტაზში აგდებს).
ორბები, ბატკანძერები, მთის არწივები, კირკიტები და კაკაჩები, მშვიდობიანი ჩიტებიდან როჭოები და შურთხები თქვენს გულსა და ფოტოაპარატსაც გაახარებენ. ცხოველების სიფრთხილის გამო მათ ალბათ ვერ შეხვდებით, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თუშეთში არიან დათვები, ფოცხვერები, მგლები, მელიები, გარეული ღორები, კვერნები და ყველა ვიმედოვნებთ, რომ შემორჩენილია წინააზიური ლეოპარდი, ჩვენებურად – ჯიქი. სწორედ ამიტომ, მტაცებლების გამო კემპინგი ყველგან არაა დაშვებული.
თუ თუშეთში რომელიმე დღესასწაულის დროს მოხვდებით, შეგიძლიათ ისროლოთ მშვილდი, ოჩოფეხებზე დადგეთ, იჯირითოთ... და მთავარი! ადგილობრივი უგემრიელესი სამზარეულოს შედევრებით დატკბეთ. შინაური ლუდი, ხინკალი და გუდის ყველი თუშური სამზარეულოს მთავარი ღირსშესანიშნაობებია.
საინტერესო და გასათვალისწინებელი ფაქტები:
1. თუშურ სოფლებში ღორები და ქათმები თითქმის არავის ჰყავს მოშენებული.
2. ნუ წაიღებთ ღორის ხორცს და მის შემცველ ხორცპროდუქტებს. ადგილობრივები ღორის ხორცს არ ეკარებიან და სტუმარსაც სთხოვენ, რომ მათ ადათს პატივი სცენ.
3. გუდის ყველი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტი თუშურ, ქართულ და მსოფლიო კულინარიაში. თუ უცხოელი ბრძანდებით და ეს საოცრება ჯერ არ დაგიგემოვნებიათ, მაშინ გეტყვით, რომ ეს ყველი თვისებებით ფრანგულ როკფორს ჰგავს, ოღონდ ცისფერი ობის გარეშე. გირჩევთ სასწრაფოდ ახვიდეთ თუშეთში და დააგემოვნოთ.
წლეულს თუშეთში ტურისტების რაოდენობა გასამმაგდა. სექტემბრის ბოლომდე კი ჯერაც დიდი დროა და ამიტომ, წადით თუშეთში!

კომენტარები