“სვეცკი” სვეტი

 ყველა მწერალს თავისი საყვარელი ციტატების კრებული აქვს. ამ მხრივ უმბერტო ეკოც არ არის გამონაკლისი. მის ესეებში ხშირად ფიგურირებს ლათინური ფრაზა – pictura est laicorum litteratura. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, რაც მე და უმბერტო ეკო წიგნების საშუალებით ვურთიერთობთ, სადაც როლები ცალსახადაა გამიჯნული: ის მწერალია და მე – მკითხველი, ეს ლათინური ფრაზა მრავალ ესეში, თუ სამეცნიერო ნაშრომში შემომხვდა. მისი საშუალებით იტალიელ მაესტროს იმის თქმა სურს ხოლმე, რომ ნახატები და მხოლოდ ნახატებია “სვეცკი” ტიპების ლიტერატურაო.

ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორ იყო გაყოფილი შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოება ორ ნაწილად. პირველ ნაწილს სწავლული ბერები წარმოადგენდნენ, რომელთა უშუალო საქმიანობა წიგნებთან ასოცირდებოდა, მეორეს კი – ჩვეულებრივი ხალხი და დიდებულები, რომლებიც ტაძრების ფასადებს და მისტერიებს მისჩერებოდნენ. უმბერტო ეკოს უყვარს ხოლმე ხაზგასმა, რომ ბერების ადგილი ახლა კომპიუტერთან მჯდომმა ადამიანებმა დაიკავეს, ტაძრების ფასადებსა და მისტერიებს მიჩერებული ხალხი კი ახლა ტელევიზორს მისჩერებიაო, თუმცა რა როლს ასრულებს ამ შედარებაში ის ხალხი, რომელიც ტელევიზორს კომპიუტერში უყურებს, კვლავაც გაურკვეველია.

სიტყვა laicus და, შესაბამისად, მისგან ნაწარმოები ნათესაობითი ბრუნვის მრავლობითი laicorum კლასიკურ ლათინურში არ არსებობდა. ის შუა საუკუნეების ლათინურში ძველი ბერძნულის გავლით მოხვდა, სადაც λαϊκός ხალხთან დაკავშირებულს, ანუ “ხალხურს” ნიშნავდა. ამ სიტყვით საეკლესიო მოღვაწენი საერო პირებს მოიხსენიებდნენ და ამგვარად მიჯნავდნენ მათ საკუთარი მონასტრის კედლებისაგან. ლათინური ენის არმცოდნე უბრალო ხალხი კი ცხოვრებას ჩვეული რიტმით განაგრძობდა, სადაც ვიზუალური ინფორმაცია ტექსტუალურზე დომინირებდა.

გავიდა მრავალი საუკუნე. მონასტრის კედლებს გარეთ დარჩენილი laicus-ების სრული “ვიზუალიზაცია” მოხდა. შესაბამისად ამ ცნებამაც (laicus) ფეერიული ტონალობა შეიძინა, რომელიც სუპერთანამედროვესთან და ცივილიზაციის უკანასკნელ ნაბიჯთან გაიგივდა, ამიტომაც ლექსიკონები მას ძირითადად ორი მნიშვნელობით განმარტავენ: 1) ის, ვინც არ წარმოადგენს სასულიერო პირს, 2) “მაღალ” საზოგადოებასთან დაახლოებული პირი. აკი აღვნიშნე საერო პირებმა ლათინური არ იცოდნენ-მეთქი. ამიტომაც laicus გადააკეთეს, ან ზოგ ენაში საერთოდ სხვა სიტყვამ შეიძინა “მაღალ” საზოგადოებასთან დაახლოებულობის მნიშვნელობა, მაგალითად ასეთი სიტყვა ფრანგულში არის – monde, რუსულში – свет... მოდით ამ უკანასკნელზე შევჩერდეთ.

მავანნი ამტკიცებენ, რომ სიტყვა “სვეტი” ვაკე-საბურთალოს მკვიდრთ 1970-იან წლებში დაარქვესო და ის ირონიულად ახასიათებდა გარკვეულ სუბკულტურას, რომლის წარმომადგენლებმაც ჩუმ-ჩუმად ინგლისურის სწავლა, როკ-მუსიკის მოსმენა და “იმპორტნი” სამოსის ტარება დაიწყეს. არ ვიცი, ვერ მოვესწარი, დოკუმენტური მასალა კი ამის შესახებ ან არ არსებობს, ან ჩემთვის უცნობია, თუმცა ჩემთვის კარგადაა ნაცნობი ზედსართავი სახელი “სვეცკი”, რომელიც ამ სიტყვისგან იშვა და თანამედროვე ვიზუალურ სამყაროსთან ასოცირდება, სადაც ფორმა ბატონობს შინაარსზე და სადაც Christian Dior-ს “კრისწიან ძიორი” ჰქვია, Cartier წარმოითქმის როგორც “კარწიე” და ა.შ.

ერთ ქართულენოვან რესურსზე, რომელიც PR ტექნოლოგიების პოპულარიზაციას ეძღვნება, ამას წინათ გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “სვეცკი პრეზერვატივები სვეცკი დიზაინერისგან – უსაფრთხო სექსის ახალი როლს-როისები”. ეს სტატია ფრანგი დიზაინერის, კრისტიან ოდიჟიეს შემოქმედებას ეძღვნება. სტატიას თანდართული გრაფიკული მასალა ტექსტს ოთხჯერ აღემატება. ეს პრინციპში გასაგებიცაა, აბა სხვანაირად როგორ ავუხსნათ კითხვასგადაჩვეულ ადამიანებს, თუ როგორ გამოიყურება კრისტიან ოდიჟიეს “სვეცკი” პრეზერვატივები. აღსანიშნავია ისიც, რომ დიზაინერის სახელი და გვარი სტატიაში “კრისტიან აუდიგერ”-ადაა დამახინჯებული და ეს “უნებლიე” შეცდომა ჩემნაირ მოსაწყენ ტექსტუალურ ადამიანებსა და “სვეცკი” თაობას შორის არსებულ განსხვავებაზე მიუთითებს: სულაც არ არის იმის ცოდნა საჭირო, თუ როგორ იკითხება Christian Audigier ფრანგულად, საკმარისია ის ვიცოდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ეს სახელი და გვარი აწერია – “სვეცკია”!

უწინ თუ ნებისმიერი ნახატი თუ სურათი იყო laicus-ების პური არსობისა, დღესდღეობით ცოტა სხვაგვარადაა საქმე, მხოლოდ გრაფიკული იერსახე არ კმარა “სასვეცკაოდ”. თანამედროვე სამყაროში ბრენდები ზეობენ. ნახატი ბრენდის გარეშე კი “სვეცკი” არ არის, შესაბამისად უინტერესოა. ამას წინათ ფრანგული გაზეთი, Le Monde წერდა, რომ ვენერა მილოსელი და მონა ლიზა ბრენდებად იქცნენო, ლუვრი კი “გალერი ლაფაიეტისაგან” აღარაფრით განსხვავდებაო. ორივეგან ბრენდის ფონზე სურათის გადაღების მოსურნე ადამიანები რიგში დგანან, ორივე ადგილას ისტერიკა სუფევს: ზოგს არ სჯერა, რომ თვით მონა ლიზას ან, თვით პრადას “ბუწიკის” ფონზე იღებს სურათს, ზოგი კი – კმაყოფილებისაგან მეშვიდე ცაზეა. ამ ყველაფრის შედეგი კი კვლავ სურათებია, სოციალურ ქსელებში ატვირთული და “დალაიქებული”.

კომენტარები