გარუჯვის საიდუმლოებები

 ზღვის სეზონი დაიწყო და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა: როგორ გავირუჯოთ ისე, რომ კანს არ ვავნოთ, არ დავიწვათ და, თან, ზღვიდან დაბრუნებულები, გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. ამისთვის მაწონი და სხვა ხალხური მეთოდები ნაკლებად გამოგადგებათ. უკეთესია, უფრო კარგად გავიგოთ, რას წარმოადგენს გარუჯვის პროცესი, რა საფრთხეს შეიცავს მზის სხივები, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან პრობლემები და როგორ მოვიქცეთ, თუ ეს პრობლემები მაინც შეგვექმნა.

***
ზოგადად, ულტრაიისფერი სხივი სასარგებლოა. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, თუმცა, ამ დადებით ეფექტს მზეზე 15 წუთით გასვლაც ჰყოფნის. სხვა შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დამცავი საცხები, რასაკვირველია, ცნობილი ბრენდების პროდუქცია.
დამცავი საშუალების წასმა აუცილებელია პლაჟზე გასვლამდე ოცი წუთით ადრე, რათა ის კანში გაჯდეს და მავნე სხივებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს. დამცავის გამოყენება სულაც არ ნიშნავს, რომ ის გარუჯვას ხელს შეუშლის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უფრო ეფექტურად აისხლეტთ რადიაციულ გამოსხივებას და არ მიიღებთ დამწვრობას. ამით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების, დისკომფორტისა და ტკივილის გარდა, მზის გულზე დიდხანს დაუცველად ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული დაავადებები.
დამცავი საცხები ძირითადად SPF-ით (Sun Protection Factor) განსხვავდება ერთმანეთისგან და იმისთვის, რომ ის სწორად შევარჩიოთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ საკუთარი კანის ფოტოტიპს.

კანის ფოტოტიპები
1. პირველ ტიპს მიეკუთვნებიან ცისფერთვალება, ქერა ან ჟღალთმიანი ადამიანები თეთრი კანით. ისინი ყველაზე ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მზე, პლაჟზე გასვლის პირველივე წუთებიდან წვავს და არა - რუჯავს. მზის ქვეშ სულ მცირე ხნით ყოფნაც კი იწვევს შეწითლებას, დამწვრობას და წყლულოვანი ბუშტუკების წარმოქმნას. ამიტომ აუცილებელია, მოერიდოთ შუადღის მზეს და პლაჟზე ყოფნისას ნებისმიერ ამინდში გამოიყენოთ საცხი მაღალი დაცვის დონით. რეკომენდებულია SPF 60.
2. ასევე ქერა ან ჟღალთმიანი ადამიანები, ოღონდ თაფლისფერი თვალებით. აქ მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, თუმცა, დამწვრობის რისკი, რასაკვირველია, რჩება. ზღვაზე ყოფნის პირველ დღეებში უმჯობესი იქნება ასევე SPF 60 გამოიყენოთ და როდესაც კანი ფერის შეცვლას დაიწყებს, გადახვიდეთ SPF 20-ზე.
3. წაბლისფერთმიანები, თაფლისფერი თვალებით და ღია ფერის კანით. ეს ტიპი ყველაზე გავრცელებულია და მზესთან საკმაოდ „კარგი ურთიერთობაც” აქვს, თუმცა, თავიდან აქაც სიფრთხილეა საჭირო - SPF 30. კანის ფერის შეცვლისთანავე შესაძლებელია მინიმალური SPF-ის მქონე საცხის გამოყენება, თუმცა, სულ იგნორირება - არავითარ შემთხვევაში. გახსოვდეთ, რომ საცხი გიცავთ არა მარტო დამწვრობისგან, არამედ მავნე სხივებისგანაც.
4. შავგვრემანები მუქი თმით, მუქი კანით და თვალის მუქი ფერით. როგორც წესი, ეს ადამიანები თავიდანვე ზომიერად ირუჯებიან და დამწვრობის საფრთხე თითქმის არ ემუქრებათ, მაგრამ მაინც გირჩევთ SPF 6-ის გამოყენებას პროფილაქტიკისა და კანის დატენიანების მიზნით.

პლაჟზე
გასარუჯად ყველაზე კარგი, უსაფრთხო დროა დილის 11 საათამდე და საღამოს ოთხის შემდეგ. მზე ყველაზე ადვილად ეკიდება სხეულის შემდეგ ნაწილებს: ცხვირი, შუბლი, მკერდი, მხრები, წვივები და მუხლები. ამიტომ ეს განსაკუთრებით ნაზი ნაწილები უფრო კარგად და უფრო დიდი SPF-ის მქონე საცხით უნდა დაიმუშაოთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ, ყველა სხვა მონაცემთან ერთად, საცხი წყალგამძლეც იყოს, რადგან ულტრაიისფერი სხივები წყალში 0,5 მეტრამდე აღწევს და სიღრმეზეც არ კარგავს მავნე ზემოქმედებას.
თუ ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ტანს პირსახოცით გაიმშრალებთ, მაშინ საცხი აუცილებლად თავიდან უნდა წაისვათ დამცავი ფენის აღსადგენად. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ - წყალი და ქვიშა მზის სხივების 30%-ს ირეკლავს, ანუ არსებობს საშიშროება, რომ ქოლგის ქვეშაც დაიწვათ. ამიტომ ჩრდილშიც გამოიყენეთ დამცავი საშუალებები. გარდა ამისა, სანაპიროზე ყოფნისას არ უნდა მოგატყუოთ ქარიანმა ამინდმა, რადგან ამ დროს ორგანიზმი სათანადოდ ვერ გრძნობს სითბურ დასხივებას და სხივებიც შეუმჩნევლად და ულმობლად წვავს კანს. ასეთ ამინდში დამწვრობის ყველაზე მეტი შემთხვევა აღინიშნება.
გარუჯვისას ნუ ისარგებლებთ დეზოდორანტებით და სუნამოებით - კოსმეტიკურ საშუალებებში არსებულმა ნახშირწყალბადებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ძირითადად შეწითლებით ვლინდება) და დამატებითი პრობლემა შეგიქმნათ. და კიდევ - ტუჩის კანი არ გამოიმუშავებს მელანინს. შესაბამისად, ის განსაკუთრებით დაუცველია და აუცილებელია დამატენიანებელი საცხის წასმა.
სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ აუცილებლად მიიღეთ გრილი შხაპი კანის დასამშვიდებლად, შემდეგ კი წაისვით გარუჯვისშემდგომი სპეციალური დამატენიანებელი, რომელშიც შედის ვიტამინები B5 და E - პირველი ხელს უწყობს მზის სხივების მიერ განადგურებული კანის უჯრედების აღდგენას, მეორე კი კანის სტრუქტურას აწესრიგებს. ამ პროცედურების შემდეგ ნარუჯი უფრო დიდხანს რჩება, რადგან კანი დაცულია აქერცვლისგან.

დამწვრობის მკურნალობა
თუ ვერ მოასწარით ტაბულას საზაფხულო ნომრის შეძენა და დამწვრობა თავიდან ვერ აიცილეთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, დაივიწყეთ მაწონი, მაიონეზი, არაჟანი და სხვა ხალხური მეთოდები და მიიღეთ მაქსიმალურად ცივი შხაპი, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა წაისვათ დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო. მიიღეთ ბევრი სითხე, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები, ხოლო თუ სიცხემ აგიწიათ, დალიეთ სიცხის დამწევიც.
იმ შემთხვევაში, თუ თორმეტი საათის განმავლობაში დამწვრობა არ დაგიამდათ, მიაკითხეთ ექიმს დამწვრობის ხარისხის დასადგენად და მკურნალობის უფრო ეფექტურად გასაგრძელებლად...
და მთავარი: მზის სინათლის ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინს, ნივთიერებას, რომელიც ტვინს აწვდის ინფორმაციას, რომ ყველაფერი კარგადაა. შესაბამისად, მზე და გარუჯვა დადებით ფსიქოლოგიურ ეფექტს იძლევა. უბრალოდ, წესები უნდა დაიცვათ.
ბედნიერ დასვენებას და ლამაზ ნარუჯს გისურვებთ!

კომენტარები