ხინკლის ეფექტი

 კიკეთი. ოთხმოცდაათიანების დასაწყისი. ამაზე ცხელი ზაფხული. თბილისიდან ამოსულები ტრილერის ზომბებივით დალასლასებენ. მე და ჩემმა მეგობრებმა წინა საღამოს ბევრი დავლიეთ, თუმცა რა დავლიეთ, ზუსტად არ ვიცით - სახელად არაყი ერქვა, გემო კი ბენზინის ჰქონდა. ძლივს გავიღვიძეთ და გაღვიძებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ არც ფული გვაქვს, არც საჭმელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც წყალი. ირგვლივ - ვალები, აუტანელი ტემპერატურა, არსაიდან ხმა, არსით ძახილი და ერთ-ერთი უმძიმესი პახმელია (ამ მდგომარეობას ნაბახუსევს ვერ დაარქმევ) კაცობრიობის ისტორიაში.

რა გინდა, რომ ქნა?

პახმელიასთან ერთად პესიმიზმიც გააქტიურდა და ცოტა ხანში ეს ამბავი აუცილებლად ფსიქოზში გადაიზრდებოდა, რომ არა სასწაული - მოულოდნელად მოგვადგნენ ჩვენი მეგობარი გოგოები და ნახეთ, რა გვითხრეს: ფეხბურთი ვითამაშოთო (?) თუ წავაგეთ, თამაშის მერე სახინკლე ჩვენზეაო. თუ მოვიგეთ, საღამოს ნამცხვრები, შამპანურები და მალბოროები - თქვენზეო. რა არ შევთავაზეთ! დურაკა (კლასიკური, იაპონური, ჩეხური), ნარდი, შაში, მაგიდის ჰოკეი, ქალაქობანა, ხეზე ჩიტი, კრუგოი ლაფტა (ნეტა რას ნიშნავს, ან რა ენაზე), ჯოკერი, პოკერი, მაგრამ არა - სოკერი, სოკერი და არაფერი სოკერის გარდა! ეგრეა, სასწაულების დროსაც უნდა იწვალო.

იქვე მდელოზე ავედით, მზის გულზე. შუადღის ორი საათი ხდება და ვართ ურთულეს ფიზიკურ კონდიციებში - ხახამშრალები, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მნიშვნელობით. დედამიწის ზურგზე არ არსებობს არაფერი სახინკლის გარდა, რისი გულისთვისაც რომელიმე ჩვენგანი ამ სიცხეში ნაბიჯს მაინც აუჩქარებს, თუმცა, ამ სიტუაციაში ცოტა სირბილი აუცილებლად მოგვიწევს. ზუსტად ამის გამო, თამაშის დაწყებამდე დიდი ხმაური ატყდა კარში ჩადგომაზე (საერთოდ, პირიქითაა) და კენჭისყრამ მოგვიწია. ასანთის გადატეხილი ღერი სხვას შეხვდა.

ცეცხლი ისედაც ანთებული იყო და თამაშიც დაიწყო. ოთხამდე. სამით სამზე - ხუთამდე. მედგარი გოგოები დეგრადირებული ბიჭების წინააღმდეგ.
კოჭებშივე შევატყვე, „ცოტა სირბილი” არ გამოვიდოდა. ძალიან ორგანიზებულად, ჰარმონიულად და ბევრს მოძრაობდნენ, კაი ერთი კვირის მომზადებულები ჩანდნენ. შეძახილებიც კი ისწავლეს: ორთაშუა! შენ თვითონ! ოპააა! დამინახა! გამეხსენი! გამაყოლა! მარტო ხარ! ნელა რა, ბალეტია?! სტენკა მეთამაშე!

პირველი წუთები ცინიკურ რეპლიკებში გავატარეთ, ხოლო ვისაც ვინმეს მიმართ სიმპათია ჰქონდა, ძალიან მონდომებით, ახლო კონტაქტით იყვანდა პერსონალურად. ამ ხახუნსა და ლაზღანდარობაში ანგარიში სწორედ კდემამოსილმა მანდილოსნებმა გახსნეს და ისეთი წივილ-კივილი ატეხეს, ბიტლზების კონცერტებზე რომ იცოდნენ წინა რიგებში. მერე მეორეც გაგვიტანეს და მივხვდით, ვერ იყო საქმე კარგად.

წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად, ანგარიში ჯერ სამით სამი გახდა, მერე ოთხით ოთხი და ბოლო ბურთის დროც დადგა. ტრიუმფი ახლოვდება, ცოტაც და გადავრჩებით, უკვე იგრძნობა ცხელ-ცხელი ხინკლისა და ცივ-ცივი ლუდის დიფუზირებული ოხშივარი... და ამ დროს ხდება საშინელება, კატასტროფა, სულისშემძვრელი ამბავი - მოწინააღმდეგის თავდამსხმელი ჩვენს მეკარესთან პირისპირ გავიდა, ისიც მოატყუა და ცარიელ კართან მარტო დარჩა.

მერე რაც მოხდა, შენელებული კადრით უნდა ვნახოთ: ვიგრძენი თუ არა, რომ ვირტუალური ოხშივარი ქრებოდა, ადგილიდან მოვწყდი. ორი ნაბიჯი მეყო გადაწყვეტილების მისაღებად - ნებისმიერი მეთოდით უნდა ჩავშალო შეტევა. სახე მეღრიცება, ის უკვე ფეხს იქნევს, წამიც და გოლი გავა, ყველა ჩვენ გვიყურებს, ვერ ვასწრებ, უნდა გავფრინდე! და ავხტი, როგორც სიგრძეზე მხტომელი. ჰაერში ვიფიქრე, ტყუპ წიხლს ჩავარტყამ კოჭებში-მეთქი, მაგრამ, ეტყობა, ტვინმა მიბრძანა ამის არგაკეთება და მაკრატელივით გაშლილი შევუვარდი საყრდენ ფეხში! ტკაც! ასეთი ხმა იყო. უცნაურია, მაგრამ კი არ წამოვდექი, თავი კი არ დავხარე და გავწითლდი, არა, ზუსტად ისე გავიქეცი, როგორც მარკო ტარდელი 82-ის ფინალში, გერმანელების კარში გატანილი გოლის შემდეგ...

მოვიგეთ. გოგო გადარჩა. ხინკალიც დაუვიწყარი იყო.

ჰოდა, ქართველ ფეხბურთელებს რა ევასებათ, ან რა სჭირდებათ, ხო არ იცით? ვითომ არაფერი?

კომენტარები