ცუნამი და მეგაცუნამი

 2004 წლის 26 დეკემბერი. ინდონეზიის კუნძულ სუმატრადან ჩრდილო-დასავლეთით, ადგილობრივი დროით 7 საათზე, 58 წუთსა და 53 წამზე, მიწისძვრამ ოკეანის ფსკერი შეაზანზარა. როგორც გეოლოგები ამბობენ, დედამიწის ქერქში მოხდა ტექტონური ფილების ძვრა, რომლის დროსაც ტრილიონობით ტონა ნივთიერება გადაადგილდა და თვალის დახამხამებაში წყალქვეშ თითქმის 1600-კილომეტრიანი ნაპრალი წარმოიშვა. ხატოვნად რომ ვთქვათ, მიწა გასკდა.

ეს იყო 9-მაგნიტუდიანი მიწისძვრა - ერთ-ერთი უძლიერესი ბოლო 40 წლის მანძილზე. მეცნიერთა შეფასებით, ამ დროს გამოთავისუფლდა 28 000 ხიროსიმას ატომური ბომბის სიდიდის ენერგია. მიწისძვრა იმდენად მძლავრი იყო, რომ მან ეპიცენტრიდან 2000 კმ-ით დაშორებულ ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში შენობების კედლები შეარყია. წყალქვეშა ბიძგმა წყლის უზარმაზარი მასა ზედაპირისკენ დაძრა და წარმოშვა ტალღა, რომელმაც ყველა მიმართულებით დაიწყო გავრცელება, ზუსტად ისე, როგორც გუბეში ქვის ჩაგდების დროს ხდება ხოლმე. ნაპირებიდან შორს, ოკეანის ზედაპირზე, ეს ტალღები თითქმის შეუმჩნეველი იყო - მათი სიდიდე ანუ, როგორც ამბობენ, ამპლიტუდა 30 სმ-ს არ აღემატებოდა. ამიტომ გემები მას ვერც კი გრძნობდნენ, მაგრამ როცა ის უახლოვდებოდა ნაპირს, სადაც ოკეანის ზედაპირი და ფსკერი ერთმანეთს უახლოვდება, ტალღის სიდიდე თანდათანობით მატულობდა და ნაპირთან უკვე რამდენიმე მეტრს აღწევდა. გამანადგურებელი წყლის მასა თვითმფრინავის სიჩქარით - 800 კმ/სთ - უახლოვდებოდა ხმელეთს... ეს იყო ცუნამი.

8 საათსა და 23 წუთზე ცუნამი, რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ, კუნძულ სუმატრას ნაპირს მიადგა. ეპიცენტრთან უწყინარი ტალღა უკვე 9-მეტრიან გიგანტად ქცეულიყო, ხმელეთის სიღრმეში 4 კილომეტრამდე შეიჭრა და გზად ყველაფერი წალეკა. 9 საათსა და 23 წუთზე მომაკვდინებელი წყლის მასა შრი ლანკას სანაპირო სოფლებს დაატყდა თავს, ათი წუთის შემდეგ - ტაილანდის ნაპირებს. ტალღის სიმაღლე 5-10 მეტრი იყო და 10 წუთის განმავლობაში უზარმაზარი ფართობი დაფარა. საერთო ჯამში, ცუნამიმ მოიცვა ათზე მეტი ქვეყნის სანაპირო: ინდონეზია, მალაიზია, ინდოეთი, შრი ლანკა, მიანმარი, ბანგლადეში, ტაილანდი, სინგაპური, მალდივი, სეიშელის კუნძულები, სომალი და სხვები. ეს უკანასკნელი ეპიცენტრიდან 4500 კმ-ით იყო დაშორებული.

ცუნამიმ შეცვალა რელიეფი, სანაპირო ზოლის მოხაზულობა, ხოლო რამდენიმე კუნძული მთლიანად შთანთქა. ადგილის გეოგრაფია შეიცვალა.

რა არის ცუნამი?
ცუნამი არის ტალღების ნაკადი (უმეტესწილად ოკეანეებში), რომელთაც წარმოშობს წყალქვეშა მიწისძვრა, ზვავი ან ვულკანური ამოფრქვევა. ცუნამი შეიძლება გამოიწვიოს ასტეროიდის დაცემამაც წყლის ზედაპირზე. ტალღის სიგრძე (ანუ მანძილი ტალღის ერთი წვეროდან მეორემდე) ზოგჯერ 100 კილომეტრს აღწევს, სიმაღლე კი ნაპირებთან, როგორც წესი, 3 მეტრამდეა. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება 30 მეტრამდე გაიზარდოს. ამავე დროს, ღრმა ოკეანეში ცუნამის ტალღის სიმაღლე იმდენად მცირეა, რომ მას მეზღვაურები ვერ გრძნობენ და ამდენად, საშიშიც არ არის. სახიფათო ისინი ხდება მხოლოდ ნაპირთან.

ცუნამი ყველაზე ხშირია წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით იაპონიის ნაპირებთან. შიდა ზღვებში ძალზე იშვიათია. შავ ზღვაზე ეს მოვლენა შემჩნეული არ ყოფილა. ცუნამის არაფერი აქვს საერთო მიმოქცევით ტალღებთან.

ცუნამი ისტორიულ და პრეისტორიულ ხანაში
დამანგრეველი ცუნამის შესახებ ცნობები შემონახულია ისტორიულ წყაროებში. დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მიწისძვრისშემდგომ ცუნამის სხვადასხვა დროს ჩინეთში, იაპონიაში, ჩილეში, ალასკაზე. 1886 წლის ვულკან კრაკატოას მიერ გამოწვეულმა ტალღებმა კუნძულ ჯავას გადაუარეს.

ცუნამი შედარებით იშვიათია ატლანტის ოკეანეში. ის მოჰყვა 1775 წელს მომხდარ ცნობილ ლისაბონის მიწისძვრას, რომელმაც, ადამიანების სიცოცხლესთან, შენობებთან და მატერიალურ სიმდიდრესთან ერთად, პორტუგალიის, როგორც ერთ-ერთი უმდიდრესი სავაჭრო ქვეყნის, დიდებაც შეიწირა. ამ კატასტროფის შემდეგ პორტუგალიამ დაკარგა ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს როლი ევროპაში და მას მერე ვეღარც აღიდგინა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში გეოლოგებმა აღმოაჩინეს მინიშნებები პრეისტორიული ხანის ცუნამიზე, ე.წ. მეგაცუნამიზე, რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა. აფრიკის სამხრეთ და ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე ქანებში, რომელთა ასაკი იყო 3.5 მილიარდი წელი, მათ ნახეს არამიწიერი წარმოშობის ნივთიერება, სავარაუდოდ, ასტეროიდის ნარჩენი. ამან აფიქრებინა მეცნიერებს, რომ დედამიწას, რომელიც იმ დროს „მხოლოდ” მილიარდი წლის იყო, დაეჯახა ასტეროიდი, რამაც გამოიწვია გლობალური მასშტაბის ცუნამი. გიგანტურმა ტალღებმა რამდენჯერმე გადაუარეს დედამიწის ზედაპირს. წყალმა შთანთქა ყველაფერი, მთების გარდა, მათ შორის, ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობა. კონტინენტების ფორმა რამდენიმე საათში ძირეულად შეიცვალა.

ცუნამი და ადამიანი
ცუნამის სიმძლავრე დამოკიდებულია მიწისძვრის სიდიდეზე, ეპიცენტრთან სიახლოვესა და რელიეფზე. ამიტომ ყოველი ასეთი მოვლენა ინდივიდუალურია. ცუნამის უმრავლესობა საფრთხეს არ წარმოადგენს და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს ადამიანმა.

ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე, ეკვატორთან ახლოს, ტროპიკულ ზონაში, ზამთარი არ არის, დეკემბერშიც ცხელა: ტემპერატურა +30°-მდე ადის. ამიტომ სითბოსა და მზეს მოწყურებული ევროპელი ტურისტები ხშირად ჩადიან იქ დასასვენებლად ზამთრის თვეებში. 2004 წელსაც უამრავი ტურისტი ჩავიდა იქ შობის შესახვედრად. დღესასწაული ტრაგედიად იქცა.

სტიქიის ასეთ მძლავრ გამოვლინებას არავინ ელოდა, მათ შორის, არც ისინი, ვისაც მიწისძვრაზე დაკვირვება და ცუნამის გამაფრთხილებელი განგაშის სიგნალების ამუშავება ევალებოდა. საერთო ჯამში, ამ კატასტროფის შედეგად, 283 000 ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული ცუნამი.

მსხვერპლი ბევრად ნაკლები იქნებოდა, ადამიანები დროზე რომ გაეფრთხილებინათ მიწისძვრის შესახებ და ელემენტარული ცოდნა ჰქონოდათ, როგორ მოქცეულიყვნენ ასეთ დროს.

ცუნამის დროს დამახასიათებელია სანაპიროზე წყლის მოულოდნელი, სწრაფი და დიდი მანძილით უკან დახევა, რომელსაც რამდენიმე წუთში მოსდევს კოლოსალური ტალღის მოზღვავება. ეს რამდენიმე წუთი შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა თავი გადაირჩინოს. ტრაგედიის ერთი თვითმხილველი, რომელიც სასტუმროს მაღალი სართულიდან ადევნებდა თვალს სურათს, ყვებოდა, როგორ დაიხია უეცრად წყალმა უკან და მოაშიშვლა ფსკერის დიდი ნაწილი. ქვიშაზე გამოჩნდა თევზები და ნიჟარები. ცნობისმოყვარე ადამიანებმა, იმის ნაცვლად, რომ გაქცევით ეშველათ თავისთვის, დაიწყეს ზღვის „ნობათის” კრეფა, იღებდნენ სურათებს და სულ უფრო უახლოვდებოდნენ ოკეანეს. ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, მათ თავზე აღიმართა წყლის უზარმაზარი კედელი და დიდი სიჩქარით წამოვიდა მათკენ. თითქმის ვერავინ ვერ გამოასწრო...
მცოდნე ადამიანები კი მაშინვე მიხვდნენ, თუ რას ნიშნავდა ოკეანის უკან დახევა - ცუნამის ერთგვარი გაფრთხილება. ამ დროს ისმის ხოლმე სპეციფიკური ხმა, თითქოს გიგანტური სასრუტი წყალს ისრუტავდეს. მათ სასწრაფოდ მიაშურეს ამაღლებულ ადგილებს და ცდილობდნენ, სხვებიც გაეფრთხილებინათ. ერთ-ერთი ბრიტანული გაზეთი წერდა, რომ ტაილანდში მყოფმა ინგლისელმა სკოლის მოსწავლე გოგონამ, როცა დაინახა ოკეანის უკან დახევა, გაახსენდა გეოგრაფიის გაკვეთილზე ნასწავლი, თუ რას ნიშნავდა ეს და ამით თავისი ოჯახი დაღუპვას გადაარჩინა.

ჩვენთან ბოლო წლებში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულები საკმაოდ პოპულარული დასასვენებელი ადგილი გახდა. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ტურისტებმაც იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ცუნამის საფრთხის შემთხვევაში.

კომენტარები