ჭორი

იცოდი, რომ აშშ საიდუმლო სამხედრო დარტყმას გეგმავს ირანზე და რუსეთის ყურადღების გასაფანტავად ქართული სანაპირო დაცვის გამოყენებას აპირებს აფხაზეთთან პროვოკაციის მოწყობისთვის? არა? ის მაინც უნდა გსმენოდა, ჰილარი კლინტონი მხოლოდ პირობების შესათანხმებლად რომ ჩამოვიდა, მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას პოლიტიკური თავშესაფარი და რამე... ან ის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის პრემიერი „ჩვენ ერთი გუნდი ვართ”-ის სიმღერით რომ შეუძღვა სტუმრებს, ქართული საფეხბურთო ნაკრების ფორმაში გამოწყობილი.

ჭორები და მითქმა-მოთქმა საექსპორტო საქონელი რომ ყოფილიყო, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იქნებოდა. მგონი ამ ქვეყანაში აბსურდული მონაჩმახების დამტკიცება/უარყოფას უფრო მეტ ღონეს ახმარენ, ვიდრე ნებისმიერ ბიზნესს ან მრეწველობას. შესაძლოა, ამერიკამ მისცა დასაბამი შეთქმულების თეორიებს, მაგრამ მისი სულიერი მამა უთუოდ საქართველოა.

მე მედიას ვადანაშაულებ, რომ არსებობს რისკი, საქართველოს განადგურების სატანური მისიით ჩამოთრეულ ებრაელ-მასონ-იეღოველობაში (ხომ გეცნობათ?) დამდონ ბრალი. ქართული პრესა პირთამდე სავსეა გიჟური მოსაზრებებით, რასაც ახალ ამბებად ასაღებენ. ძლივძლივობით გადააწყდები სტატიას, რომელიც არ არის დახუნძლული ფრაზებით - „ექსპერტების თქმით”, „როგორც მოგეხსენებათ”, „კულუარებში ამბობენ”. საბოლოო ჯამში, რეპორტიორები და ფელეტონისტები (საქართველოში ამ ორ ცნებას შორის განსხვავება თითქმის არ არსებობს) უბრალოდ იგონებენ რაღაცებს. მაგალითად, ამას წინათ პრესა დაიტბორა ახალი ზღაპრით: ოქრუაშვილი, ნოღაიდელი და გაჩეჩილაძე ჯგუფს აარსებენ - მეგონა, ოქრუაშვილი მთავარი ვოკალისტია, გაჩეჩილაძე კლავიშებზე უკრავს, ნოღაიდელი კი - დასარტყამზე. ჰო, ისიც გავიგე, რომ მათი მენეჯერი ეროსი კიწმარიშვილი იქნება.

თუ აქამდე არსებობდა რაიმე ეჭვი, რომ საქართველოს არ აქვს ჭორაობისკენ მიდრეკილება, „იმედის” საყოველთაოდ ცნობილმა ტყუილმა ეს ეჭვი საბოლოოდ გაფანტა. ნებისმიერი შეფასებით, ცუდად დაგეგმილი გადაცემა ჭკვიანურ გაიძვერობამდეც ვერ ქაჩავდა, არ გახლდათ ოუშენის 11 მეგობრის სტილის ეშმაკობა:

გარდა იმისა, რომ სიუჟეტში „იმედი” გამუდმებით „იხსენებდა” მოვლენებს, რომლებიც ჯერ არ მომხდარიყო (მაგალითად, ადგილობრივი არჩევნები), ისიც თვალსაჩინო გახლდათ, რომ კადრები ზაფხულისა იყო. მაგრამ აბა ქართველები ასეთ ამბავს როგორ გააფუჭებდნენ. გადაცემის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში ყველა ყველას ურეკავდა და საზეიმოდ აუწყებდა, რუსები გვიპყრობენო. აი, ამ ჭორის ექსპორტი კი საქართველომ ნამდვილად მოახერხა. მომდევნო დღეს ამბავი უცნაურ გადაცემაზე ყველა საინფორმაციო გამოშვებამ დაიტაცა მსოფლიო მასშტაბით.

მსოფლიოს მოვლის შემდეგ „იმედის” ტყუილმა მეორე თაობის ჭორებიც დაყარა. ათასი მეტა-ჭორი გაჩნდა იმისშესახებ, თუ რა მოხდა - ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლებით დაწყებული, დაპყრობის შესახებ თავდაცვის სამსახურების ინფორმაციით დამთავრებული. იმასაც ამბობდნენ, ეს „იმედის” ერთხელ და საბოლოოდ თავიდან მოსაცილებლად მოაწყვესო. რა თქმა უნდა, ბოლოს აღმოჩნდა, რომ არც ერთი „ვარაუდი” არ შეიცავდა სიმართლის მარცვალსაც კი. თუმცა, ქართველები ხომ არასდროს დაუშვებენ, რომ სიმართლე გზაზე გადაეღობოს კარგ ამბავს.
ისა და, იცი, სინამდვილეში რა უნდოდა ჰილარის?...

კომენტარები