Marseille, Port Batumi

მარსელში ვარ. რესტორანია, ბათუმის პორტს გადაჰყურებს, თუმცა, ხედი არ აქვს. ჰაერი ნესტიანი ღრუბლებითაა დანისლული. პორტიდან მაზუთის სუნი მოდის, შემწვარი თევზის სუნს ერევა და საოცრად სავსე შეგრძნებას იწვევს: შეგიძლია თვალი დახუჭო და შეისუნთქო ბათუმი. ასეთი სუნი მარტო აქ იცის, ბათუმში. მარსელის ეზოში ვსხედვართ, უსახური ეზოა, არაფრით გამორჩეული, ოთხი ქოლგის ქვეშ თეთრად გაწყობილი შვიდი მაგიდა და მწვანე ელექტროგენერატორი. არც ხედი, არც არაფერი, მაგრამ აქაურობას რაღაც ნაღდი სუნი უდის. მომკალი და, მომწონს.
ბათუმურმა სერვისმა იცის რუსი ოფიციანტების კარგად გამოყენება, მაგრამ აქაც ბედი უნდა: თუ გაგიმართლა, სერვისი თავაზიანია და სასარგებლო, თუ არა და, ოფიციანტი მიმწოლია, თუ გაუვიდა, მოძალადეც. როგორც ჩანს, უფრო გაგვიმართლა: ორ კაცზე ორი მენიუ მოაქვთ - თითქმის დაუჯერებელია, რომ ორივეს ადამიანად გვთვლიან და საკუთარი არჩევანის საშუალებას გვაძლევენ. ორგზის გმადლობთ. ჩვენი არჩევანი ასეთია: მხოლოდ ადგილობრივი, შავი ზღვის თევზეული. ვიწყებთ მიდიებით, რაც მოულოდნელად იაფი - ნახევარი კილოგრამი 4 ლარი ღირს. არჩევანი ორგვარია: ღვინის ან ნივრის სოუსში. ღვინოც რომ იყოს და ნიორიც, არა? პასუხად მტკიცე Нет. კარგი, კარგი, იყოს მხოლოდ ღვინის. რამდენიმე წლის წინ მიდია მხოლოდ ხანდაზმული ბებიების ბავშვობის მოგონებებში არსებობდა, დღეს კი მელკიმორია - ბათუმის თევზის ბაზარი ორლარნახევრიან მიდიებს მიაქვს. მარტო მარსელში ამ მიდიებს ორნაირი სოუსით და მესამენაირადაც ამზადებენ: მიდიების ფლავიც კი აქვთ (5ლ). მეტი რა შეიძლება ინატროს კაცმა?
ღვინოდ - თელიანი ველი და თელავის ღვინის მარანი. ამ უკანასკნელის ტვიში (2005, 30ლ) პირის გასასველებლად კარგია, მაგრამ თევზთან და მიდიებთან ისევ მშრალს გირჩევთ: წინანდალი, მწვანე, კონდოლი. მიდიები სველ ხელსახოცთად ერთად მოაქვთ. მართალია, ღვინის სოუსის გემო სრულებით არ დაჰკრავს და ჩემთვის ზედმეტად გადათუთქულია - მაინც კარგია. თევზის ამბავი ასე გამოიყურება: აქაური რესტორნისთვის აუცილებელი ბარაბულკა (100გრ - 3ლ), სიმინდის ფქვილში შემწვარი, მაგრამ თუ ახალია, ბევრი ლიმონის წვენთან ერთად კარგად მუშაობს. სამწუხაროდ, ასეთივე მჭადის საფანლის გარსში შემწვარი გარბული - აქაურებიდან უდავოდ ყველაზე საინტერესო თევზი (100 გრ - 8 ლ). ქინძმრის სოუსი, რომელიც დამატებით შემოგვთავაზეს, უფრო მეგრულ ყაიდაზეა, ნიგვზით. თუ ამის მუშტარი ხარ, ყველა თევზს უხდება. კიდევ რა? სულუგუნიც არაჩვეულებრივი აქვთ, მაგრამ თევზთან ასეთი ყველი - ნაკლებად. რატომ მარსელი? როგორც აღმოჩნდა, რესტორანს საინტერესო ისტორია და არანაკლებ საინტერესო მულტიმედია საიტიც აქვს. თუ დაგაინტერესათ, ეწვიეთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ან პირდაპირ მარსელს, ბათუმში.  

მისამართი: გოგებაშვილის 56, ბათუმი
უბანი: პორტი
ტელ: (+995 222) 7 28 49
სამზარეულო: ქართული
საათები: 11:00 – 23:00
ბარათები: არ მიიღება
ფასი: 80 ლ (სადილი ორ კაცზე,
ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: გოგებაშვილის ქუჩასა და
პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერება აკრძალულია
www.marseille.ge


კომენტარები