მილიონერთა ბაზრობა

ლებრონ ჯეიმსი
 NBA -ს სეზონი დასრულდა და სექტემბრის პირველ კვირამდე ლიგის ძირითადი ამბები ტრანსფერებით შემოიფარგლება. რამდენიმე გუნდმა სახე ანუ დიდი ხნის ლიდერი შეინარჩუნა, რამდენიმემ ეს ვერ გააკეთა და დანარჩენებზე უკვე მილიონერები ნადირობენ.
ფინიქსს კარგი სეზონი ჰქონდა და, სტივ ნეშის შემდეგ, ელვინ ჯენტრის ახალგაზრდა გუნდში, ყველაზე მეტს ამარე სტაუდმაიერი აკეთებდა. ქულებს აგროვებდა, მოსახსნელს ხსნიდა, მარიხუანას ეწეოდა და ორჯერ არიზონის პოლიციის დეპარტამენტშიც შეიარა. ამარეს მაქსიმალური კონტრაქტი უნდოდა და სადაც ხუთ სეზონში 100 მილიონს გადაუხდიდნენ, კარიერას იქ გააგრძელებდა.
სანზმა ვერ გაქაჩა, ნიუ იორკ ნიქსმა დაჯავშნა სტაუდმაიერი და კონტრაქტი მოლაპარაკების დაწყებიდან მეხუთე დღეს გაუფორმა. 5 სეზონი, 100 მილიონი და, თუ ნიქსი ჩემპიონი გახდება და ამარე იმ პლეი-ოფის მატჩების 80 პროცენტზე მეტში ითამაშებს, ფორვარდი ბონუსად 7 მილიონს მიიღებს. ანუ ვერ მიიღებს. ნიქსი ჩემპიონი ვერ გახდება. მედისონ სკვერ გარდენში ამარეს დახვდება მთავარი მწვრთნელი მაიკ დენტონი, რომელმაც სანზში რამდენიმე ნაყოფიერი და უტიტულო სეზონი გაატარა.
კაპიტანი და ლარი ბერდის შემდეგ გუნდის ყველაზე ქარიზმატული პერსონა შეინარჩუნა ბოსტონ სელტიქსმა. პოლ პირსი დარჩა და სელტიქსსაც ჩემპიონობის შანსი დარჩა. ოთხწლიანი ერთგულება გუნდის ბოსებმა 75 მილიონით შეაფასეს და პირსისთვის ეს პირობები მისაღები აღმოჩნდა.
დალასის მფლობელი მარკ კიუბანი უფრო მთელ გუნდს გაყიდის, ვიდრე - დირკ ნოვიცკის. გერმანელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო, მაიამისგან 6-წლიანი შეთავაზება (115.75 მილიონთან ერთად) განიხილა და განხილვის პროცესში კიუბანმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც დირკთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტზე ისაუბრა. გერმანულ-ტეხასური თანამშრომლობა ოთხი სეზონით გაგრძელდა. ნოვიცკი 80 მილიონს მიიღებს და, გუნდის ჩემპიონობის შემთხვევაში, პირადი საბანკო ანგარიში კიდევ 18 მილიონით დაუმძიმდება. ასე რომ, ამარეს კონტრაქტის მსგავსად, ბონუსი გადაუხდელი დარჩება.
ატლანტა პერმანენტულად პერსპექტიულია, ჯო ჯონსონი პერსპექტივაში ვარსკვლავია და გუნდის საჩემპიონო პერსპექტივა მიზერულია. ზაზა ფაჩულიას რესტორანში ჯო, სულ მცირე, კიდევ ოთხი სეზონი შეუკვეთავს ქათმის ფილეს, ჯორჯიაში ორ მწვრთნელს გაუშვებენ და ჯონსონს ამაში 82 მილიონს გადაუხდიან. თუ ჰოქსის ბოსები 6-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას არჩევენ, ჯო 120 მილიონს მიიღებს. ოღონდ, ყველანაირი ბონუსების გარეშე.
მთავარი ამბები მაინც აღმოსავლურია. რჩება სამი თავისუფალი აგენტი და დაახლოებით 6 გუნდი, ვისაც ამ სამიდან, სულ მცირე, ერთის დამატება უნდა.
თავისუფალი აგენტები: ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი, კრის ბოში.
მსურველები: ნიუ იორკი, ჩიკაგო, კლივლენდი, დალასი, მაიამი, ნიუ ჯერსი.
რეალობა: ჯეიმსი კლივლენდში დარჩება, უეიდი მაიამისთან მაქსიმალურ კონტრაქტს გააფორმებს და ბოში ჩიკაგოში მიიღებს მილიონებს და ტრავმებს.
რჩება სან ანტონიო. რიჩარდ ჯეფერსონმა გრეგ პოპოვიჩის დესპოტიზმს ვერ გაუძლო და იოლი ფულის შოვნა რომელიმე არაფავორიტში გადაწყვიტა. სეზონში 9 მილიონი უნდა და მესიჯი ევროპიდანაც რომ მიიღოს, უარს ნამდვილად არ იტყვის. ჯეფერსონით ოლიმპიაკოსი დაინტერესდა.
ტონი პარკერი კი უფრო ახლოსაა ნიქსთან და სტაუდმაიერთან, ვიდრე სან ანტონიო - ამ დეკადაში მეხუთე ჩემპიონობასთან. ევა ლონგორია ამარეს მეგობარ გოგონასთან იდაქალებს და ნიქსიც უაზროდ გაისვრის დაახლოებით 60-65 მილიონ დოლარს.
P.S. პარასკევს საღამოს ლებრონ ჯეიმსი კლივლენდ კავალიერიდან მაიამი ჰიტში გადავიდა

კომენტარები