ამერიკული ბაზები აზერბაიჯანში?

რობერტ გეითსი და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საფარ აბიევი
6 ივნისს ბაქოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, რობერტ გეითსი. იგი შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობა და ამ ეგიდით, ავღანეთში მიმავალი ამერიკული ტვირთის ბაქოდან გადამისამართება. თუმცა, გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ დახურულ კარს მიღმა დაისვა სხვა საკითხიც - აზერბაიჯანში ამერიკული სპეციალური ძალების ბაზების შექმნა.
აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიულ გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად მონიშნული იყო სპეციალური ძალების ბაზების განლაგება მსოფლიოს 75 ქვეყანაში. ამისთვის რობერტ გეითსმა ბრძანა პენტაგონის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფა ხუთი წლის განმავლობაში. ბაზების მიზანია ბრძოლა ალ-ქაიდასთან და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან. ბაზების მასპინძელ ქვეყანათა ნუსხაში მოხვდნენ სახელმწიფოები, რომელთა ურთიერთობასაც აშშ-სთან მეგობრული არ ეთქმის. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ამგვარი ბაზა უკვე 60 ქვეყანაშია.
The New York Times-ის ცნობით, ჯერ კიდევ 2009 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საიდუმლო ამერიკული ბაზები უნდა აშენებულიყო საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში სპეციალური ძალების განთავსების აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ არ არსებობს არანაირი ზედამხედველობა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ტერორისტულ ჯგუფებზე.
პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველო და თურქეთი ადვილად შეძლებენ ბაზების განლაგებას, რადგან ამ ქვეყნებში უკვე წარმოდგენილნი არიან ამერიკელი სამხედროები. რაც შეეხება უზბეკეთს, იგი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, მაშასადამე, მისი დაყოლიება რთული იქნება. აზერბაიჯანმა კი ბაზების საკითხი შესაძლოა აშშ-სთან გაფუჭებული ურთიერთობის დასათბობად გამოიყენოს. ბოლო დროს ბაქო ვაშინგტონს აკრიტიკებდა სომხეთისადმი ლოიალური პოლიტიკის გატარებისა და თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში აქტიურად ჩართვის გამო. ბირთვულ სამიტზე ალიევის არდაპატიჟებას ოფიციალურმა ბაქომ ამერიკულ ძალებთან საერთო წვრთნების გაუქმებით უპასუხა. თუმცა, არსებობს დაბრკოლებაც. აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია კრძალავს უცხო ქვეყნების ბაზებს ქვეყნის ტერიტორიაზე.
აშშ-ს ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია ავღანეთის საკითხის მოგვარება, რაშიც მას მნიშვნელოვნად წაადგებოდა ბაქოს დახმარება, ტვირთის ტრანზიტის სახით, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში მთავრობა შეიცვალა. ყირგიზეთის ახალ ხელმძღვანელობამდე მისაღწევი დიპლომატიური გზა რუსეთზე გადის.
გეითსის აზერბაიჯანში ვიზიტისას, განსახილველ საკითხთა შორის იყო გაბალას სარადარო სადგური. ხელშეკრულების მიხედვით, გაბალაში რუსეთის ყოფნის ვადა 2012 წელს იწურება. დღის წესრიგში დგას მეპატრონის შეცვლის საკითხი. ვაშინგტონმა მოსკოვს უარი უთხრა სადგურის ერთობლივ ამოქმედებაზე და სხვა პარტნიორს ეძებს მის შესაძენად.
აღსანიშნავია, რომ გეითსის ვიზიტამდე აზერბაიჯანის პარლამენტში საუბარი დაიწყეს უცხოური სამხედრო ბაზების ამკრძალავი კანონის შესაძლო შერბილებაზე. გამოვიდნენ წინადადებით - წასულიყვნენ კომპრომისზე, „პოლიტიკური და სამხედრო ვითარების ფუნდამენტური ცვლილების” შემთხვევაში.



 

კომენტარები