უცნაური როლან გარო

ფრანჩესკა სკიავონე
საფრანგეთის ღია პირველობა ერთადერთი მეიჯორია, სადაც ფიზიკური კონდიციები, მოწოდება და ბადესთან ხშირი გასვლა (იქ სტაბილური თამაშიც) წარმატების ასპროცენტიანი გარანტია არ არის. ნელ საფარზე იგებს ის, ვინც ხანგრძლივი გათამაშებების დროს ნაკლებ შეცდომას უშვებს. ყოველთვის ასე იყო და გამონაკლისი არც წლევანდელი როლან გარო ყოფილა.
თავიდანვე უცნაურად დაიწყო წლევანდელი ტურნირი და, რაფაელ ნადალის პროგნოზირებად ჩემპიონობას თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველაფერი უკუღმა იყო.
მეიჯორამდე ნადალის შემდეგ ყველაზე სტაბილურად დავიდ ფერერი და ფერნანდო ვერდასკო თამაშობდნენ. ორივე თუ აგებდა, მხოლოდ ნადალთან და ისიც ნახევარფინალში ან ფინალში.
ფერერმა წააგო ავსტრიელ იურგენ მელცერთან, რომელიც რამდენიმე სეზონი იხსნებოდა და წელს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. მელცერმა, ფერერის გარდა, მოუგო ნოვაკ ჯოკოვიჩსაც, ვისაც აშკარად დაეზარა ნახევარფინალში გასვლა. სერბი უგულოდ იქნევდა ჩოგანს და მსაჯისგან რუტინული გაფრთხილებაც მიიღო. მელცერმა კი ავსტრიაში ფანებს ტომას მუსტერი გაახსენა. ტომასმა როლან გარო 15 წლის წინ მოიგო.
როჯერ ფედერერი აღარ არის პირველი ჩოგანი და კარიერაში პირველად დამარცხდა ტომას სოდერლინგთან. შვედმა კი საფრანგეთში ერთი ტრადიცია დაამკვიდრა - უგებს წინა წლის ჩემპიონს, აგებს მომავალ პირველ ჩოგანთან და ვისაც უგებს, ის პირველიდან მეორე ადგილზე ჩამოდის.
ტრადიციაა ისიც, რომ სოდერლინგს ფინალში თამაში ავიწყდება. ვეღარ აწვდის, ფორჰენდზე ბევრი შეცდომა მოსდის, ბადესთან გასვლა ერიდება და მორიდებულად ეღიმება მთელი თამაშის დროს.
ჩეხებს ივან ლენდლის შემდეგ არ ჰყოლიათ დიდი სლემის პოტენციური ჩემპიონი და ტომაშ ბერდიხის დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ. გაშლილი, სწრაფი, ავანტიურული და ეფექტური ჩოგბურთით ბერდიხი ნახევარფინალში გავიდა, სადაც სოდერლინგსაც უგებდა. ჩეხმა ვერ დაიჯერა, რომ უნდა მოეგო და მეხუთე სეტში წააგო. მანამდე გახუნებული, დამძიმებული ენდი მარეი დააეისა, 6 ბრეიკი გაუკეთა და სქოთი პირველი კვირის ბოლო დღეს გამოაგდო.
მეოთხედფინალამდე მივიდა მიხაილ იუჟნიც და იქ ბერდიხთან ისე სამარცხვინოდ წააგო, რომ არ ეთამაშა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა. ისევე როგორც მელცერს, ბერდიხს და სოდერლინგს, რუსსაც კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს.
30 წლის ასაკში ქალი ჩოგბურთელები უფრო საჩოგბურთო აკადემიებს ხსნიან ან ჩოგბურთს თავს ანებებენ, წონაში იმატებენ და ახალგაზრდა მეგობართან ერთად სადმე ერთობიან. ფრანჩესკა სკიავონემ კი ამ ასაკში მეიჯორი მოიგო და კარიერაში უმაღლეს, მეექვსე ადგილამდე ავიდა.
იტალიელი ქალი პირველად გავიდა მეიჯორის ფინალში, პირველად გახდა ჩემპიონი და პირველად აქვს იდეალური შანსი, სეზონი საუკეთესო ხუთეულში დაასრულოს. ივლისიდან სკიავონეს, კონკურენტებთან შედარებით, ცოტა სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი და, სულ მცირე, ელენა დემენტიევას და კაროლინ ვოზნიაცკის უნდა გადაასწროს. როლან გაროზე იტალიელმა ვოზნიაცკის 59 წუთში მოუგო.
ერთადერთხელ გავიდნენ როლან გაროს ფინალში დები უილიამსები. რვა წლის წინ სერენამ მოიგო და წელს ფინალში არც ერთი არ ყოფილა. არ უნდა გასულიყო და ვერც გავიდა. ვენუსმა მიკროტრავმით ითამაშა და ნადია პეტროვას „შემოელახა”, სერენას კი მომავალმა ფინალისტმა სემი სტოსურმა აჯობა.
დიდი სლემის რომელიმე ტურნირის გარეშე დაასრულებს კარიერას ელენა დემენტიევა და, ალბათ, მეტს იმსახურებდა. ყოველთვის ძალიან ცოტა აკლდა ჩემპიონობამდე, ერთხელ ფინალიც წააგო და სკიავონესთან ნახევარფინალში ისეთი ტრავმა მიიღო, სულ ცოტა, ორ თვეს ვერ ითამაშებს.



 

კომენტარები