გამარჯვების ფორმულა - ალუდას გზა

საქართველოში, საჯარო სივრცის მოსაპოვებლად გლობალიზმისა და რელიგიური ნაციონალიზმის ჭიდილს ერთი კანონზომიერება ახასიათებს: მაშინ, როცა მოვლენა უნივერსალური არგუმენტებით არის აღწერილი, რელიგიური ნაციონალიზმი მასთან წინააღმდეგობისას მარცხდება. თუ არგუმენტაციას ლოკალური ან მარგინალური კონტექსტი განსაზღვრავს, რელიგიური ნაციონალიზმი იოლად ახერხებს გამარჯვებას. თუმცა, თოქ-შოუ ბარიერის შემდეგ ეს ბალანსი დაირღვა.

გამარჯვებული კოკა-კოლა
რელიგიურმა ნაციონალიზმმა პირველი მასშტაბური შეტევა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში მაკდონალდსისა და კოკა-კოლას წინააღმდეგ წამოიწყო. ამის მიუხედავად, მაკდონალდსის სასადილოებში დღეს რიგები დგას, კოკა-კოლა კი ქართული სუფრის განუყრელი ნაწილია.

ამავე პერიოდში ქართველი ფუნდამენტალისტების დიდი წინააღმდეგობის შემდეგ თბილისს რომის პაპი ესტუმრა. საპატრიარქოს ცივი დახვედრის მიუხედავად, სპორტის სასახლეში პონტიფექსმა კათოლიკური ლიტურგია შეასრულა, რომელსაც პოლიტიკოსები და ინტელიგენციის წარმომადგენლებიც კი დაესწრნენ.

იბრძოდნენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში ეთნიკური კუთვნილების ჩანაწერის გამოც. მათი მარცხი კი იმის მანიშნებელი იყო, რომ „ქართველი” სამართლებრივად, ეთნიკურობას კი არა, მოქალაქეობას აღნიშნავს.

მოითხოვდნენ ჰარი პოტერის ქართული გამოცემის აკრძალვასაც. ფაქტია, რომ დღეს მას სხვადასხვა თაობის ადამიანები სიამოვნებით ყიდულობენ და კითხულობენ.

ვერ მოხერხდა დენ ბრაუნის რომანის დავინჩის კოდის მიხედვით გადაღებული ფილმის კინოგაქირავებიდან ამოღებაც. მმკ-ს აქციების ფონზე, რუსთაველის კინოთეატრში ერთდროულად ორ დარბაზში მიმდინარეობდა ჩვენება.

საპატრიარქოს პოზიციის მიუხედავად, დიდი ათეულის პროექტის გადარჩენა მართალია ბოლო მომენტში, მაგრამ მაინც გახდა შესაძლებელი. მასში შეტანილ მცირე ცვლილებას თუ არ ჩავთვლით, წმინდანების „განსჯა” კიდევ რამდენიმე გადაცემის განმავლობაში გაგრძელდა.

რევოლუციის შემდეგ რელიგიური უმცირესობების ღია და ორგანიზებული დევნაც შეწყდა. ამავდროულად, დემოკრატიასთან, ლიბერალიზმთან, ადამიანის უფლებებთან ერთად, რელიგიის თავისუფლების ფასეულობისა და მნიშვნელობის აღიარებაც მეტ-ნაკლებად მოხდა.

მაკდონალდსი თუ რომის პაპი, სათვალიანი კეთილი ჯადოქარი ბიჭუნა თუ დიდი ათეულის სატელევიზიო პროექტი, იეჰოვას მოწმეები თუ დავინჩის კოდი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ დომინოს პრინციპით გაზიარებული გლობალური პროდუქტებია. როდესაც საჯარო სივრცეში ეს არგუმენტი რელიგიურ ნაციონალიზმს უპირისპირდებოდა, ეს უკანასკნელი მარცხს განიცდიდა. ასეთ შემთხვევებში არც საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ჭრიდა და არც გეენის ცეცხლით დამუქრება.

სამეფო ვნება
ამ ორთაბრძოლაში რელიგიური ნაციონალიზმის არსენალიც გამოიკვეთა, მაგრამ, ჯერჯერობით, მისი ყველა იარაღი ჰაერში ისვრის. მარცხი იწვნია სამეფო ოჯახის შექმნის იდეამ. იგი ისეთმა უნივერსალურმა ფენომენმა გააფერმკრთალა, როგორიცაა ოჯახური ღალატი და სექსუალური ლტოლვა („კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა:რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!”)

ამას წინათ საპატრიარქოში „მოდერნიზებული” ქართული ტრადიციული მოდის ჩვენება გაიმართა, ხოლო მანამდე პატრიარქმა ჩოხებით სიარულის იდეოლოგიური მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ ქართველმა მართლმადიდებლებმა ტრადიციული სამოსი სწორედ გლობალიზმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად უნდა ატარონ. მაგრამ ჯინსი, ჯერჯერობით, უშეღავათოდ ამარცხებს ჩოხა-ახალუხებსა და ჩიხტიკოპებს. თვით მართლმადიდებელი მშობლები და სახალხო მართლმადიდებლებიც კი უპირატესობას კოსმოპოლიტურ მოდას ანიჭებენ.

ამ ეტაპზე რელიგიური ნაციონალიზმის ენა ლიბერალიზმისა და დემოკრატიის უნივერსალურ ენას ღიად ვერ ეწინააღმდეგება და მას მხოლოდ ფსევდოლიბერალიზმად და ფსევდოდემოკრატიად მოიხსენიებს. ხოლო უშუალოდ დემოკრატიისა და ლიბერალიზმის საპირწონედ საპატრიარქო „მართლმადიდებლურ იდეოლოგიას” და მონარქიის იდეას ახმოვანებს, მაგრამ იგი აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით რუსეთს, ზვიად ძიძიგურსა და მალხაზ გულაშვილს.

დამარცხებული წმინდა გიორგი
მაშინ, როცა ლოკალურ ანდა მარგინალურ ანუ საყოველთაო გაზიარებას მოკლებულ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რელიგიური ნაციონალიზმი, როგორც წესი, იმარჯვებს. ლაშა ბუღაძეს საპატრიარქოში პირველი რუსის გამო ახსნა-განმარტებების მიცემა და ბოდიშის მოხდა მოუწია.

საქართველოდან აშშ-ში მადლის გადინების დაუშვებლობის მოტივით ჩაიშალა ქართული კულტურული მემკვიდრეობის პირველი მასშტაბური ექსპოზიცია. ჩაიშალა ინგლისური ვოლკანოს თეატრის დადგმებიც. დაიხურა ზიჩის ეროტიკული ნამუშევრების გამოფენა. მარჯანიშვილის თეატრმა, საპატრიარქოს პოზიციის შემდეგ, აღარ დაუთმო სცენა შალიკაშვილის პანტომიმის თეატრს. საპატრიარქომ წმინდა გიორგის ცხოვრების პანტომიმის ენაზე ასახვა მკრეხელობად მიიჩნია. მმკ-ს აქტიური პროტესტის შედეგად, დაიხურა რამდენიმე მხატვრის გამოფენა და პერფორმანსი. რობერტ სტურუას დღემდე განუხორციელებელ ოცნებად რჩება ვეფხისტყაოსნის ინსცენირება.

ყველა ამ შემთხვევისას მარცხის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ის იყო, რომ ამ „უცხო” ან „მკრეხელური„კულტურული მოვლენების „დაცვის” არგუმენტაცია გლობალური კონტექსტით არ იყო მხარდაჭერილი და რელიგიურ-ნაციონალისტური რიგორიზმის წინაშე „მარტო” დარჩა.

დარღვეული ბალანსი
მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო სირობის მსგავსი ლიტერატურული პროდუქტი მეტისმეტად მარგინალური გამოხატვის ფორმაა, ზემოთ აღწერილი კანონზომიერება ამ წიგნის გამო დაწყებული ბატალიების პროცესში დაირღვა.

„ლიბერალი მამათმავლები” - ეს იყო სტიგმა, რომლითაც დანიშნეს წიგნის ავტორი, უნივერსიტეტის რექტორი და ჩვენ, ვინც გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას ვიცავდით. ლოგიკის მიხედვით, ჩვენ მარცხისთვის უნდა ვყოფილიყავით განწირულნი, რადგან არც დეისაძეა დენ ბრაუნი და არც უნივერსიტეტი, ვთქვათ, მაკდონალდსის სასადილოების ყოვლისმომცველი ქსელი.

ერთადერთი, რასაც ამ შემთხვევაში შეეძლო გაეჩერებინა რელიგიური ძალადობის ესკალაცია, სახელმწიფო იყო, რომელსაც ამის გაკეთება ბოლო წელიწადნახევარია აღარ სურდა - პოლიტიკურმა კონიუნქტურამ, იმან, რომ საპატრიარქო სამოქალაქო ძალაუფლების ლეგიტიმაციის არაფორმალური წყაროა, საარჩევნო ციკლის დროს ხელისუფლება რელიგიური ნაციონალიზმის მძევლად აქცია.

თუმცა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. ლოკალურმა „თავისუფლებამ” პირველად დაძლია რელიგიური ნაციონალიზმი და რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, სწორედ იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლების დამცველად და მსხვერპლად იქცა ის ტელევიზია, რომელიც წლების განმავლობაში „ნაციონალიზმის” ინსტრუმენტად მოიაზრებოდა.

ალუდას გზა
მალხაზ გულაშვილმა ექვს მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ასეთი წყევლა წარმოთქვა: ძველად ხევსურეთში პურს, წყალსა და შაქარს თავისუფლების ინსტიტუტზე არ გასცემდნენ და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთო. ამით მან ფაქტობრივად იმ ჩაკეტილი და შეუწყნარებელი თემის მხარეს დგომისკენ მოუწოდა ქართველებს, რომელმაც ალუდა ქეთელაური შეაჩვენა და სახლიდან განდევნა.

გულაშვილმა, უნებლიეთ, მორალური და პიროვნული გამარჯვების ფორმულა შემოგვთავაზა, ოღონდ სრულიად საპირისპირო ნიშნით: იმისათვის, რომ ჩვენსავე კულტურაში, ჩვენსავე გარემოში თავისუფლად დავიწყოთ არსებობა და სუნთქვა, სწორედ ეს არის საჭირო — დავძლიოთ კოლექტივის, უმრავლესობის წნეხი, პიროვნული გამოცდილების მეშვეობით მიგნებული ჭეშმარიტებით შევძლოთ სიარული და თავისუფალი მოქალაქეების ერთობად ვიქცეთ. მაგრამ ამაში არა მხოლოდ თავისუფალი, ლიბერალურ-დემოკრატიული მსოფლიო, არამედ ჩვენი, ნაციონალური კულტურული მემკვიდრეობა უნდა დავიხმაროთ.

მმკ-ს და სმმ-ს თავდასხმის შემდეგ ბარიერის წამყვანი ნინო ჯანგირაშვილი და ალეკო ელისაშვილი აცხადებდნენ, რომ სტუმრების დაცვა მათი ვალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ იზიარებდნენ მათ პოზიციას.

პირადად მე კავკასიის დარბევამ ერთი რამ დამანახა: რელიგიური ნაციონალიზმის გამოწვევა ე.წ. ლოკალურ მოედანზე იმ შემთხვევაში შეიძლება დაიძლიოს, თუ, ერთი მხრივ, შეუვალი იქნები ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპების დაცვისას, განავითარებ თავისუფალ მედიასა და ეკონომიკას, ხოლო, მეორე მხრივ, ნაციონალურ კულტურაში, ტრადიციაში შეძლებ თავისუფლების უნივერსალური იდეალის ამოკითხვას და მის ხორცშესხმას. გადაცემა ბარიერმა იმ დღეს ჩემთვის სტუმარ-მასპინძლის ტექსტი რეალურ გამოცდილებად აქცია და გაიმარჯვა — მორალური უპირატესობა მოიპოვა.

ჩემი აზრით, თავისუფლებისმოყვარე ადამიანებმა, ე.წ. ლიბერალებმა ახლიდან უნდა შევძლოთ ქართული საერო, სეკულარული, ნაციონალური, კულტურული სივრცის გაცოცხლება, რომელიც თავისუფალი იქნება რელიგიური ფანატიზმისგან და მჭიდროდ დაუკავშირდება ზოგადსაკაცობრიო, უნივერსალურ, გლობალურ კონტექსტს.

ამ გზაზე რელიგიურ ნაციონალიზმს მისივე სიმბოლური ენა კი არ უნდა წავართვათ, ვთქვათ, ჩოხებითა და ჯვრიანი ქუდებით კი არ უნდა დავიწყოთ სიარული ან ხატები გამოვფინოთ საჯარო დაწესებულებებში, არამედ მას ის უნდა დავუპირისპიროთ, რაზეც საქართველოში საყოველთაო კონსესუსი და აღიარება არსებობს: სახარება, გიორგი მთაწმინდელი, ვეფხისტყაოსანი, გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა, ილია, გრიგოლ ფერაძე, მერაბ მამარდაშვილი, ქალაქური მრავალფეროვნების კულტურა — თავისუფლების, უნივერსალიზმისა და ტოლერანტობის ქართული ენა და მისი სიმბოლოები.

უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი კულტურული ტრადიცია, ჩვენი წარსული მკაფიოდ ამბობს ალუდა ქეთელაურისა და ჯოყოლას უარს ფანატიზმზე, შეუწყნარებლობაზე, კოლექტიურ აზროვნებაზე, სუსტის ჩაგვრაზე, ხოლო ის გზა, რომელსაც ჭეშმარიტებისთვის დევნილები ადგებიან, ერთადერთი წინაპირობაა თავისუფლებისა და ბედნიერების მოსაპოვებლად.
 

კომენტარები