საქართველოს თავსატეხი: სად ვართ და საით მივდივართ?

დასავლეთი
ვარდების რევოლუციამ, ერთი შეხვედით, წერტილი დაუსვა ჩვენს მრავალსაუკუნოვან იზოლაციას და გზა გაგვიხსნა დასავლეთისკენ. იმან, რომ ევროპის პერიფერიაზე ლიბერალური დემოკრატია წარმოიშვა, თითქოსდა, მთელი დასავლური სამყარო ენთუზიაზმითა და ემედებით აღავსო. ამბობდნენ, თუ ეს შესაძლებელია საქართველოში, რატომაც არ შეიძლება მოხდეს ევრაზიის მიუწვდომელ, უცხო და ძნელადგამოსათქმელ ახალ ქვეყნებში, ან თუნდაც რუსეთში? უკრაინის ნარინჯისფერმა რევოლუციამ სრულიად ახალი დინამიკა შესძინა დასავლეთის ენთუზიაზმსაც და “აღმოსავლური ავტოკრატიის” ქვეშ მგმინავ მეზობელ ხალხებსაც.
ნუთუ დასრულდა ისტორია და გამართლდა ფრანსის ფუკუიამას წინასწარმეტყველება? ანდა, იქნებ მართალი იყო თომას ფრიდმანი, რომელიც “ლექსუსსა და ზეითუნის ხეში” დაბეჯთებით ამტკიცებდა, რომ არათუ დემოკრატიები არ ომობენ ერთმანეთთან, არამედ ომი არ მოხდება ორ ქვეყანას შორის, თუ ორივეს მაკდონალდსი აქვს? კანტის მუდმივი მშვიდობის კონცეფციამ, რომელიც რესპუბლიკური (დემოკრატიული) წყობის კონცეფციას ეფუძნება ახალი, ეკონომიკური ნიშანსვეტი შეიძინა. მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ დროებით...
მერე ევროპაში მიხვდნენ, რომ რევოლუციურმა ეიფორიამ “კონსერვატიულ” და საიდუმლო სამსახურების მიერ მართულ რუსეთს ძილი დაუფრთხო და ჟანდარმის ფუნქცია მოანატრა; რომ ლიბერალური დემოკრატია ევროპის “გარეუბანში” ევროპული დედაქალაქებიდან და ზოგადად დასავლეთისაგან პასუხისმგებლობასა და ძალისხმევას მოითხოვდა; რომ დიპლომატიურ და სხვა სახის აქტიურობას ბუნებრივად მოჰყვებოდა შეჯახება რუსეთთან; რომ შეჯახება თავისთავად რისკიანი საქმე იყო და ღირდა კი რუსეთსა და თურქეთს შორის გამოჭყლეტილი საქართველო ყოველივე ამად?
ასე იყო თუ ისე, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოსათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემის საკითხზე. აბორტი არ მოხდა და არც მკვდარი ნაყოფი დაბადბულა. უბრალოდ, გადაწყდა, ორსულობა გაგრძელებულიყო ნაყოფის მომწიფებამდე. მაგრამ რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს, მომწიფებულია თუ არა ნაყოფი, რა დრო დასჭირდება და, რაც მთავარია, შესაძლებელია კი ერთიანი აზრის გამომუშავება ამ საკითხებზე. ჯერჯერობით უფრო მეტი კითხვაა ვიდრე პასუხი...

რუსეთი
როცა ჯერ ისევ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, რუსები ბიზანტიურ-სპარსული ქარაგმებით გვეუბნებოდნენ: აი, ჩამოდის აზერბაიჯანის, სომხეთის ან ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყნის ხელმძღვანელი მოსკოვში და ხვდება პრეზიდენტ პუტინს; საუბრობენ ეკონომიკაზე, კულტურაზე, თანამემამულეთა უფლებებზე, საერთო წარსულსა და მომავალზე, ანდა სულაც რუსული ენის სწავლების გაუმჯობესებაზე “რესპუბლიკებში”. ამ დროს რა თემებს ირჩევს სასაუბროდ საქართველოს პრეზიდენტი? ის საუბრობს უსაფრთხოებაზე, ომისა და მშვიდობის საკითხებზე. ეს არ არის საქართველოს საქმე; ჩვენ ამ თემებზე დიალოგს ვაწარმოებთ ამერიკელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან და გერმანელებთან.
საქართველოს სუვერენიტეტი რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისათვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. ამას ემატება ისიც, რომ პუტინის რეჟიმი მტრულად არის განწყობილი იმ ლიბერალური გეზისადმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ადგას. არის კიდევ ერთი მიზეზი, რასაც დაუმორჩილებლობის “მიკრობი” შეიძლება ვუწოდოთ. თუ თბილისი თავს დააღწევს რუსეთის იმპერიულ ჰეგემონიას, ეს გადამდები იქნება იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც რუსეთი თავის ვასალებად მიიჩნევს, რაც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის იმპერიული აღორძინების პუტინისეულ სტრატეგიას.
საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა (თუ არ ჩავთვლით ბალტიის სახელმწიფოებს), რომელმაც კრემლისაგან დამოუკიდებელი პოლიცია, უშიშროება და შეიარაღებული ძალები შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის უთანხმოება თავდაპირველად სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა და იგი მხოლოდ გაღრმავდა საქართველოს სუვერენიტეტის კონსოლიდაციის მომდევნო ეტაპებზე, როცა ინსტიტუციურმა აღმშენებლობამ მოიცვა სახელმწიფოს თითქმის ყველა რგოლი, იქნება ეს განათლება თუ ეკონომიკა.
რუსეთი გვეუბნება, რომ არ ცნობს ჩვენს სუვერენიტეტსა და თავისუფალ არჩევანს. პრინციპში, იგი არ ცნობს არც ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ ჩვენს ტყავზე 2008 წლის აგვისტოში, დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობისას კი რუსეთი ჯერჯერობით შედარებით “რბილ” ფორმებს სჯერდება. საკითხავია, როდემდე? ალბათ, იმ დრომდე, სანამ საქართველოს მორჯულება არ იქნება საბოლოო და შეუქცევადი.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კონტროლი სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფანსა და ჩრდილოეთ კავკასიის აჯანყებულ რეგიონებზე, რაც, რუსი სტრატეგოსების აზრით, ვერ დამყარდება, თუ საქართველო მოსკოვის კლანჭებს დაუსხლტება. თუმცა, ენერგეტიკული კონტროლი საშუალებაა და არა მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეზე კრემლის ჰეგემონიისა. მიზანი იმპერიაა, რომელიც დასავლეთის სისტემის პარალელურად უნდა არსებობდეს და კრემლიდან უნდა იმართებოდეს.
ჩვენ
საქართველო ქარტეხილების ეპოქაშია. რუსეთის კონფრონტაციას ჩვენი თავისუფლებისა და თავისუფალი არჩევანის მიმართ ემატება შიდა ბრძოლა ძველ და ახალ ელიტებს შორის. ერთ მხარესაა რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ძველი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ელიტა და მეორე მხარესაა დასავლეთზე ორიენტირებული ლიბერალური საზოგადოება. ძველი ელიტა არა მარტო უკეთესადაა ორგანიზებული, არამედ უფრო გამოცდილიცაა მაშინ, როცა ახლები გამოუცდელებიც არიან, ახალგაზრდებიცა და უფრო დაქუცმაცებულებიც. პრინციპში, ეს გასაკვირიც არაა, რადგანაც ლიბერალურობა თავისავად გულისხმობს მრავალფეროვნებასაც და კონკურენციასაც. რა თქმა უნდა, არც ძველები არიან ბოლომდე შეხმატკბილებულები, მაგრამ ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ იდეური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან, არამედ ის, რომ ლიდერობისათვის ჭიდილი პიროვნულ ხასიათს ატარებს.
რა უნდათ ძველებს? მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყნის შიგნით რუსულ-საბჭოური სისტემის რესტავრაცია, რომელსაც ისინი “ჭეშმარიტი ქართული ღირებულებებს” ეძახიან, ქვეყნის გარეთ კი - უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობა რუსეთთან ბატონისა და ყმის პრინციპზე. ძველები ამბობენ. აი, გიყურებდით თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში: დასავლეთმა არ მიგვიღო, რუსეთმა ხელი არ გაგვიშვა, ტერიტორიები დავკარგეთ და ჰაერში ვართ გამოკიდებულნი. ჩვენ რეალისტები ვართ, რუსეთი საქართველოს არ დათმობს; დროა, შევეგუოთ ამას; ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, სანამ ყველაფერი არ დაგვიკარგავს. ძველების ნაციონალიზმი ეთნიკური ნაციონალიზმია. ისინი რაღაცით იმ ებრაელებს ჰგვანან, რომლებიც სიონიზმს ებრძოდნენ და ისრაელის სახელმწიფოს შექმნას ებრაელობასა და იუდაიზმის შენახვა-გაფრთხილებას ამჯობინებდენ. ჩვენი ძველი ელიტაც ასეა. მათთვის ქართულ სახელმწიფოზე უფრო მნიშვნელოვანი ეთნიკურობა და “ქართველობის” შენარჩუნებაა.
ახალი ლიბერალური ელიტის ფილოსოფია სახელმწიფოს, ინდივიდუალიზმსა და სამოქალაქო უფლებებს ეფუძნება. ლიბერალები ამტკიცებენ, რომ ნაციონალური სახელმწიფოს გარეშე ვერანაირი ნაციონალური პროექტი (ინდივიდუალური თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კეთილდღეობა) ვერ განხორციელდება და თუ რუსეთს ჩვენს სუვერენიტეტს ვაჩუქებთ, დემოკრატიასაც წერტილი დაესმება. ამასთან, ახლები მიიჩნევენ, რომ არალიბერალური რუსეთი ვერ იქნება ის იმპერიული ცენტრი, რომელიც თავისუფლებას მოუტანს მის ქვეშევრდომს. მშვიდობა შეიძლება დაამყაროს არალიბერალურმა იმპერიამ, მაგრამ სამოქალაქო თავისუფლებებს ის ვერასდროს უზრუნვეყოფს. ახალი ელიტის მზერა ამიტომაცაა მიპყრობილი დასავლური სისტემისაკენ.

რა გზას ვადგავართ?
საბჭოთა ეპოქაში სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია პროგრესული მოვლენა იყო, რადგანაც საქართველომ გაარღვია ის 300-წლიანი იზოლაცია, რომელშიც იგი კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად აღმოჩნდა და რუსეთის გავლით დაუკავშირდა ცივილიზებულ ევროპას. ნუთუ კვლავ არის იმის საჭიროება, რომ რუსეთის “მფარველობით” ვიქონიოთ კავშირ-ურთიერთობები დასავლეთთან? მოსკოვი სწორედ ამას გვიკიჟინებს: გვიყვარს ქართველი მწერლები, მუსიკოსები, თეატრისა და კინოს მოღვაწეები, მომღერლები და მოცეკვავეები; თქვენ ოღონდ თავი დაანებეთ სახელმწიფოს და ცივ ნიავს არ მოგაკარებთ, გულში ჩაგიხუტებთ და ყველა ასპარეზს გაგიხსნითო.
თავი რომ დავანებოთ, რასიზმსა და ქსენოფობიას, რომელმაც მძლავრად მოიკიდა ფეხი რუსეთში და რაც თავისთავად ძალიან საშიში მოვლენაა, ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ მოსკოვი უფრო მაღალ კეთილდღეობასა და კომფორტს უზრუნველყოფს ქართველისათვის, ვიდრე ამას ქართული სახელმწიფო აკეთებს ან შეძლებს მომავალში? ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო თავისუფლებათა მხრივ რუსეთში საგანგაშო მდომარეობაა; ეკონომიკა ერთი მუჭა ოლიგარქიის ხელშია და ჰყვავის კორუფცია. თვით ინსტიტუციური თვალსაზრისითაც კი ბევრად უარესადაა საქმე ვიდრე საქართველოში: ბიუროკრატია ხრავს რუსეთს და ზედმეტი რეგულაციების გამო ადამიანებს თვეობით უწევთ რიგში დგომა უბრალო საბუთის მისაღებად. იგივე მდგომარეობაა დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საქმეში, იქნება ეს ყიდვა-გაყიდვა თუ კერძო ბიზნესის წამოწყება.
რუსეთის მფარველობაში შესვლა, საითკენაც ძველი ელიტა გვიხმობს, ვერც მეტ სამართლიანობას მოგვიტანს და ვერც უკეთეს ცხოვრებას. გულგატეხილი რუსები თავად მიდიან ევროპასა და ამერიკაში საშოვარზე და ჩვენთვის რისი მომცემი იქნება ასეთი იმპერიის ვასალად ქცევა?
რაც შეეხება მშვიდობასა და უსაფრთოხოებას, რომელთა დამყარებაც ისტორიაში არსებულ ყველა იმპერიას თავის უმთავრეს ამოცანად მიაჩნდა, მოსკოვს ამ მხრივაც ცუდად აქვს საქმე და დასაკვეხნი არც არაფერი აქვს. როგორ “შეარიგებს” მოსკოვი ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს, თუ ჩეჩნები, დაღესტნელები და კავკასიის მთიანეთში მცხოვრები სხვა ხალხები ვერ შემოურიგებია და ვერ დაუშოშმინებია. რა ფასი აქვს იმპერიას, რომელსაც მშვიდობაც კი არ მოაქვს?
იმპერია, რომელიც ეთნიკურად ჰყოფს თავის მოსახლეობას, ნამდვილი იმპერიაც არ არის, ხოლო რაც რუსეთმა ეთნიკური წმენდით ჩაიდინა საქართველოში, არაცივილიზებული საქციელია და მის სტატუსს, როგორც დიდი სახელმწიფოსი, იმთავითვე ფუჭ სიტყვად აქცევს.
რა თქმა უნდა, საქართველოს მართებს სტრატეგიული მოთმინება და თავშეკავება, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ არაფერი ვაკეთოთ და ველოდოთ, როდის მორიგდებიან დასავლეთი და რუსეთი საქართველოს საკითხზე. სახელმწიფო აღმშენებლობისა და ლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება სტრატეგიული მოთმინების ნაწილი უნდა იყოს.

კომენტარები