სარკოზის პარტია პირველ ტურში დამარცხდა

14 მარტს, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ ტურში, მძიმე მარცხი იწვნია პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის „სახალხო მოძრაობის პარტიამ” (UMP). 21 მარტს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. საფრანგეთი 26 რეგიონად არის დაყოფილი და მეორე ტურის დასრულების შემდეგ მმართველი პარტია, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 მათგანში - ელზასსა და კორსიკაში მოიპოვებს გამარჯვებას.
ფრანგები რეგიონულ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფაში რეგიონული დონე მხოლოდ 1986 წელს გაჩნდა. რეგიონების ძალაუფლება შეზღუდულია და, ძირითადად, საჯარო მომსახურებებზე - სატრანსპორტო სისტემის, სკოლებისა და მუზეუმების მართვაზე - ვრცელდება. გამოკითხვების მიხედვით ფრანგების მხოლოდ 29%-ს შეუძლია საკუთარი რეგიონის მმართველის დასახელება. რეგიონული არჩევნების შედეგების მცირე მნიშვნელობა ამომრჩეველს თამამი გადაწყვეტილების საშუალებას აძლევს. მაგალითად, 2004 წელს (ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის პერიოდში), რეგიონული არჩევნები სოციალისტების ტრიუმფით დასრულდა.
რამ განაპირობა საპროტესტო მუხტი საფრანგეთში? მეზობლებთან შედარებით საფრანგეთის ეკონომიკა უკეთ გაუმკლავდა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს: 2009 წლის უკანასკნელ მეოთხედში საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 0.6 %-ით გაიზარდა, განსხვავებით გერმანიისგან, სადაც ზრდა საერთოდ არ ყოფილა; ფრანგულ ბანკებს არ დასჭირდათ სახელმწიფოსგან სუბსიდირება; ქვეყნის 40 უდიდესი კომპანიის საერთო მოგებამ ჯამში 47 მილიარდი ევრო შეადგინა.
მიუხედავად ამისა, ფრანგებს აქვთ უკმაყოფილების მიზეზი. მთავარ პრობლემად უმუშევრობა რჩება, რომლის დონემაც უკვე 10%-ს გადააჭარბა. უმუშევრობის მაღალი დონის მიზეზი არის სოციალური სახელმწიფოს ევროპული კონცეფცია - სოციალური დახმარებებით, აფრიკელი ემიგრანტები უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე თავის ისტორიულ სამშობლოში, ამიტომ სამსახურის ძიებისგან თავს იკავებენ. სამსახურის შოვნა კი ისედაც ძნელია: ხისტი შრომის კანონმდებლობა აბრკოლებს სამუშაო ადგილების შექმნას; სამსახურში აყვანისა და დათხოვნის პროცედურები მკაცრად რეგულირებულია, ისევე როგორც პირობები - 35 საათიანი სამუშაო კვირა. სარკოზის ინტერვენტულ მიდგომას მხოლოდ დროებითი შედეგი მოაქვს. მან ფრანგულ ნავთობკომპანია ტოტალს ერთ-ერთი გადამამუშავებელი საწარმოს დახურვა გადააფიქრებინა, ელიზეს რეზიდენციაში დაიბარა ფრანგული კომპანიების ხელმძღვანელები და დათმობები საღამოს საინფორმაციო გამოშვებათა დაწყებამდე გამოსტყუა, მაგრამ ეს არ კმარა. სახელმწიფო მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს საჭიროებს.
სარკოზის კიდევ ერთი ინიციატივა საპენსიო ასაკის (ამჟამად 60 წელი) გაზრდაა. ეს ცვლილება საფრანგეთში ახალ საპროტესტო ტალღას ააგორებს, რასაც რეგიონულ არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხიც შეუწყობს ხელს. თუმცა, სარკოზის აქვს კოზირები: საპარლამენტო უმრავლესობა და პოპულარული პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი. საფრანგეთის პრეზიდენტმა, შესაძლოა, ჟაკ შირაკის ტაქტიკას მიმართოს: მტკივნეული რეფორმები პრემიერ- მინისტრს გადააბრალოს და გაათავისუფლოს იგი.


 

 

კომენტარები