გზაზე ერთი ქალი მიდიოდა

ვალერია ნოვოდვორსკაია – რუსეთის დემოკრატიული კავშირის დამფუძნებელი და ლიდერი. 19 წლისა იყო, კაგებემ პირველად რომ დააკავა – ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის. ორი წელი იძულებით გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სამჯერ გაასამართლეს დისიდენტური საქმიანობის გამო. ოთხი წიგნის ავტორია. იცის ექვსი უცხო ენა, მათ შორის ძველი ბერძნული და ლათინური. საკუთარ თავზე ძუნწად ლაპარაკობს.

რას დაამატებთ წარმოდგენას თუ ხატს, რომელიც თქვენს შესახებ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ?

არ ვიცი, ვის რა ჩამოუყალიბდა. რუსეთში ის არ უყალიბდებათ, რასაც ხედავენ. ცნობიერების აბერაცია სჭირთ: რასაც ხედავენ, ის არ ესმით და რაც ესმით, იმას ვერ ხედავენ. ეს ღრმა საბჭოური ტრავმაა – სსრკ–ში ადამიანებს აგიჟებდა ის, რომ ესმოდათ ერთი და ხედავდნენ მეორეს, ხდებოდნენ ლოთები და ნარკომანები, სრულიად უმწეოვდებოდნენ. სიმართლე იქნება, თუ გეტყვით, რომ ვარ თავისუფლად მოაზროვნე (вольнодумец) და პროგრესორი (ეს უკვე სტრუგაცკების რომანიდან). დემოკრატიული კავშირი – პროგრესორთა პარტიაა, ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია, აგვირჩევენ თუ არა. მთავარია, სიმართლე ვთქვათ.

მაშ რისთვის შრომობთ, ვის ესმის თქვენი, რამდენი არიან?

ნორმალური ხალხი რუსეთში დაახლოებით ხუთი პროცენტია – მემარჯვენე შეხედულებისა, სკანდინავიური ტრადიციის შემნახავნი. ამ ხალხის ცხოვრება რთულია. მათ ეადვილებათ ცხოვრება და სიკვდილი, როცა სიმართლეს ისმენენ. ძნელია იცხოვრო ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ხმალკბილა საბჭოელები ბინადრობენ. ჩვენთან ხანდახან სერიოზული ადამიანებიც მოდიან – ახალგაზრდა მეცნიერები და გვეუბნებიან, მოვედით, რათა თქვენთან ერთად მოვკვდეთ. წესიერი კაცი შეუძლებელია, არ იყოს თავისუფალი. თავისუფლება კი, როგორც კამიუმ თქვა, კატორღა იქნება მანამ, სანამ ერთი ადამიანი მაინც რჩება მონად. რუსეთში 95% მონაა და მათ შორის ყოფნა ფრიად არაკომფორტულია. წესიერი ადამიანი, თუ სურს, თავისუფალი იყოს, ამას უნდა ეწინააღმდეგებოდეს. სხვავარად ის მხდალია, მოღალატე, ხოლო თუ ქვეყნიდან მიდის – დეზერტირი. ასე პიროვნება ტყდება. ჰო, პოლიტიკური პროფილით მე პროფესიონალი ბურჟუაზიული რევოლუციონერი ვარ. მაგრამ ბურჟუაზიული რევოლუციისთვის რუსეთში მასალა არ არის; ამდენად, ჩვენ ბურჟუაზიულ რევოლუციას მხოლოდ ლიტერატურული ფორმით ვქადაგებთ. ბურჟუაზიულ რევოლუციას რუსეთში ვერ მოახდენ, სოციალისტურს – მარტივად. რუსეთი ძალიან მემარცხენე ქვეყანაა და ყველაზე საზარელი ის გახლავთ, თუ პუტინის რეჟიმი დაეცემა, პატიოსანი არჩევნების გზით ძალაუფლებაში მოვლენ არა ლიბერალები, არამედ წითლები და ყავისფრები.

ილიას უნივერსიტეტში თქვენ წაიკითხეთ ლექცია, სადაც რუსეთის ისტორიაში ხუთი ტრადიცია მონიშნეთ – სლავური, ბიზანტიური, ველური, სკანდინავიური და ურდოს ტრადიცია. ეს თქვენი კონცეფციაა, თუ არის, ვთქვათ, რუსი მეცნიერების ჯგუფი, რომელიც ამას იზიარებს?

ტრადიციების კონცეფცია ჩემია, მაგრამ ის ეწერება კარამზინის, კლიუჩევსკის, სოლოვიოვის, იანოვის (საბჭოთა პერიოდის ძალიან საინტერესო ისტორიკოსია. ემიგრირება მოუწია, სხვაგვარად – დაიჭერდნენ) ნააზრევში. რუსეთში არსებობს რაოდენობრივი თვალსაზრისით სრულიად არატოლძალოვანი ორი ჯგუფი: ერთი მხრივ, ლიბერალები და მედასავლეთეები, მეორე მხრივ – ტრადიციონალისტები და საბჭოელები, აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა. ეს არ იძლევა საშუალებას, ლეგიტიმურად განმუხტო სიტუაცია, არ გვაქვს მექანიზმი საიმისოდ, რომ, მაგალითად, პარლამენტმა მოხსნას წინააღმდეგობა. არ არსებობს სამართლებრივი ტრადიცია, აუცილებელია სამოქალაქო ომი და ერთმანეთის დახრჩობა. ასე იყო 1993 წელს.

გასაგებია, რომ მემარჯვენე ბრძანდებით, მაგრამ თქვენი მემარჯვენეობაც ცოტა უჩვეულოდ მოჩანს...

მემარჯვენე ლიბერალი ვარ, მაგრამ დემოკრატიული კავშირის მემარჯვენე ლიბერალები ძალიან განვსხვავდებით დასავლელი მემარჯვენეებისაგან. დასავლელი მემარჯვენე – რესპუბლიკელია, ეკონომიკაში ყველაფერი რიგზე აქვს, ხშირად გამოდის აბორტის წინააღმდეგ, ემხრობა სიკვდილით დასჯას. ბრიტანეთში მემარჯვენე კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან შოტლანდიის ავტონომიას და ა.შ. ჩვენ აბსოლუტური მემარჯვენეები ვართ ეკონომიკაში: მინიმალური გადასახადები და მაქსიმალური თავისუფალი განვითარება. პოლიტიკაში კი ჩვენი პროგრამა უფრო მწვანეებისას ჰგავს: ადამიანის უფლებები პრიორიტეტულია სახელმწიფოს ინტერესებთან შედარებით, თუ ტერიტორიას გამოყოფა სურს – კი ბატონო, ჩაატაროს რეფერენდუმი და გამოეყოს. რუსეთში ეს აქტუალურია, რადგან კავკასია უნდა წავიდეს. აბორტს არ ვკრძალავთ, სიკვდილით დასჯას ვეწინააღმდეგებით. რა თქმა უნდა, არ დავმდაბლდებით გლობალიზმისა და ანტიგლობალიზმის ტიპის სისულელეებამდე, ან იქამდე, როცა მემარცხენეები ავიაბაზაში მიდიან რაკეტების ჩაქუჩით დასამტვრევად. მემარჯვენეებს რუსეთში დიდხანს მოუხდათ ტირანიის პირობებში ცხოვრება, ამიტომ ადამიანის უფლებების საკითხი ჩვენთვის უპირველესია.

ერთი საბჭოთა გამოთქმა მინდა გავიხსენო: „შინაგანი ემიგრანტი”. მიიჩნევთ საკუთარ თავს შინაგან ემიგრანტად?

ემიგრანტი გაურბის კონფლიქტს, ჩვენ კი შუა გზაზე ვდგავართ, დროშას ვიქნევთ და ვყვირით. ჩვენ, როგორც ბატონი იური პოლიაკოვი – ყოფილი დემოკრატი, მშვენიერი წიგნის „100 Дней до Приказа”–ს ავტორი გვიწოდებს – ვართ მტერთა მაამებლები და სამშობლოს გამყიდველები. ჩვენ ვართ მეფისა და სამშობლოს მტრები, ნონკონფორმისტები, დისიდენტები. დისიდენტი – კარგი ტერმინია, რად გვინდა სხვა ცნების ძიება.

ოპოზიცია რუსეთში სუსტია მხოლოდ იმიტომ, რომ მედიაში არ უშვებენ?

ოპოზიციას ჰქონდა მიწვდომა მედიაზე. მას არ აქვს მანდატი რეფორმებისა და იმპერიის დანგრევისათვის. ელცინს არ ესმოდა, რა იყო მემარჯვენე რეფორმები. გაიდარმა, მადლობა ღმერთს, ეს არც აუხსნა. როცა ელცინი მიხვდა, პარლამენტი და ხალხიც მიხვდა, მოხდა სამოქალაქო ომი, ამის მერე კი ელცინმა ვეღარ გაქაჩა. მანდატი რეფორმებისათვის – დასავლური არჩევანია. ეს ნიშნავს მზადყოფნას, აიტანო ყველა სიმძიმე. რეფორმები მტკივნეულია. რუსეთში ვერ აიტანეს ვერც ლიბერალიზაცია, ვერც ფასების გათავისუფლება, ვერც პრივატიზაცია. დაიწყეს წკმუტუნი, არ გვინდა იყვნენ მდიდრები და ღარიბები, გვინდა ყველაფერი თანაბრად განაწილდესო. რეფორმების ხანმოკლე ისტორია დასრულდა 1994 წლის 11 დეკემბერს, როცა ტანკებმა ჩეჩნეთის საზღვარი გადალახეს. რუსეთის ტრაგედიაა, რომ რეფორმატორებს ძალა არ ეყოთ რეფორმისათვის და თავადაც ბოლომდე მედასავლეთეები არ აღმოჩნდნენ, არ ესმოდათ, რა არის დასავლეთი. არადა, აქ პინოჩეტისა და ჰაველის შერწყმა იყო საჭირო. ასეთი შერწყმა კი მსოფლიოში არ არსებობს. რუსეთი დაღუპა თავისუფალმა არჩევნებმა: 1993 წლის დეკემბერში უმრავლესობა ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ფაშისტებმა მიიღეს.

როცა გისმენთ ან თქვენს ნაწერს ვკითხულობ, მეჩვენება, რომ თვითირონიული ხართ...

არ ვარ თვითირონიული. თქვენ შენდეროვიჩი ნახეთ – თავისი ირონიით სამი ტელეარხი დახურა. მე კი ირონიიდან პათოსზე გადავდივარ ხოლმე. ერთ დღეს ჟურნალისტად ვიღვიძებ, მეორე დღეს – უფლებადამცავად, სხვა დროს კიდევ პოლიტიკოსად. წმინდა სამებასავით ვარ. ვენედიქტოვმა (რადიო „ეხო მოსკვის” მთავარი რედაქტორი – რედ.) კრემლის მთავარ იდეოლოგს, სურკოვს თუ არ უჩვენა ჟურნალი ჩემი პუბლიკაციით და არ დაარწმუნა, რომ ჟურნალისტი ვარ, ისე „ეხო მოსკვის” გადაცემაში „Особое Мнение” არ დამიშვებენ. ძალაუფლება რომ აიღეს, ჩეკისტებმა ყველა დაბრკოლება მომიხსნეს. აკრუტუნდნენ და მოყუჩდნენ თბილ ადგილას. საქმიანი ხალხია. ჩემს შეშინებას აზრი არ აქვს, ძალიან კარგად მიცნობენ. ესმით, რომ ვერ გამტეხავენ. თუ მიიღებენ სიგნალს, დამიჭირონ ან მომკლან, ეგრეც იზამენ, მაგრამ ზეწოლას არ ეცდებიან – უსარგებლოა.
კარგი, თქვენ პუბლიცისტი ბრძანდებით და აქვეყნებთ მწვავე, ირონიულ და კრიტიკულ ტექსტებს. მაგრამ არიან ჟურნალისტები, რომლებიც არა პათოსით, არამედ მიგნებული ფაქტებით ამხელენ ხელისუფლებას...

კი, გამოძიების უფრო ეშინიათ. სკანდალი მოჰყვა „ნიუტაიმსის” პუბლიკაციას ომონზე, როცა ომონელები მოვიდნენ და შემოგვჩივლეს, გვიჭირს და ყელამდე კორუფციაში ვართო. მე ძალიან რადიკალური ვარ საიმისოდ, რომ ვინმემ გაბედოს და ინფორმაცია მომცეს. ანა პოლიტკოვსკაია რით იყო მაგარი? იმით, რომ მარტო ჩეჩნები არ აწვდიდნენ ინფორმაციას, არამედ ზოგიერთი რუსი სამხედროც. მაგიტომ მოიშორეს. მორჩა, ასეთი ინფორმაცია აღარ არის. რუსი სამხედროები მას მხოლოდ პოლიტკოვსკაიას აძლევდნენ. ენდობოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გათქვამდა. და არც ერთხელ არავინ გაუთქვამს. ჩეკისტებს თავიანთი კეთილი სახელი არ ანაღვლებთ, ინფორმაციის კი ეშინიათ და რეაგირებენ.

გრძნობთ, რომ რუსეთში გარიყული ხართ პოლიტიკური ცხოვრებიდან?

დიახ, ჩვენ მარგინალები ვართ. ყველაფერი, რაც საინტერესოა, ჩვენში კიდეზე, განაპირას ხდება. ჩვენი მეინსტრიმი – „ედინაია როსიას” ასფალტის სატკეპნია; მოძრაობენ დათვები ბუნაგისკენ და უკან.

კომენტარები