აშშ-ირანი

ტრამპი: ირანი გუშინ შეთანხმებას დათანხმდა, შემდეგ ერთ საათში გემს დრონი ესროლა

დონალდ ტრამპი, 2026 წლის 15 მარტი.
Nathan Howard/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანი აშშ-სთვის სასურველ შეთანხმებას დათანხმდა, შემდგომ კი ჰორმუზის სრუტეში ხომალდს თავს დაესხა. მისივე თქმით, აშშ-მ ირანი საპასუხოდ "საშინლად დაბომბა" და ახლა ჰორმუზის სრუტე გახსნილია. 

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ირანული მხარე "ძალიან, ძალიან ბოროტია" და მათ "ავადმყოფები" უწოდა.

ამის შესახებ ტრამპმა NBC-ის ეთერში საუბრისას ილაპარაკა.

"გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია. მათთან შეხვედრები გვქონდა. გუშინ შეთანხმებას დათანხმდნენ - ჩვენთვის იდეალურ შეთანხმებას, არანაირი ბირთვული შეიარაღება, არანაირი ის, არანაირი ეს, არაფერი, ყველაფერზე უარი თქვეს. ამის შემდეგ ოთახი დატოვეს და ერთ საათში გემს დრონი ესროლეს. ვუთხარი: "ხალხო, თქვენ ავად ხართ. ავადმყოფები ხართ". - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა მიიტანა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში მიმავალ გემს შეუტია.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადების თანახმად, დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს თავს დაესხა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, IRGC-მ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა და აშშ-ს "აგრესიას" მკაცრი პასუხით დაემუქრა.

კომენტარები