30 ივნისს უკრაინამ და შვედეთმა Gripen E-ს ტიპის 16 ერთეული ავიაგამანადგურებლის შესყიდვის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
თვითმფრინავებთან ერთად უკრაინა შეიძენს აღჭურვილობის, ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის პაკეტსაც.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ Gripen E-ს გარდა Gripen C/D ტიპების დამატებით 16 გამანადგურებელს მომავალი წლის დასაწყისში მიიღებენ.
"ასევე, პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან მიღწეული წინასწარი შეთანხმებების ფარგლებში, Gripen C/D-ს პირველი 16 თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო ძალებს უკვე 2027 წლის დასაწყისში გადაეცემა." — დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე შვედეთის თავდაცვის მინისტრ პოლ იონსონთან განიხილა თავდაცვითი თანამშრომლობა, მათ შორის Drone Deal-ის ფორმატში თანამშრომლობა და ანტიბალისტიკური საშუალებების ერთობლივი განვითარება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, დააზუსტა, რომ გამანადგურებლებს ევროკავშირის საკრედიტო დაფინანსებითა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით შეიძინენ. ამ თვითმფრინავების მიწოდება 2029 წლის დასაწყისში დაიწყება.
უკრაინული გამოცემა "Оборонка" ჯერ კიდევ თებერვალში წერდა, რომ უკრაინა განიხილავდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის გამოყენებას შვედური Gripen-ების შესაძენად და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. 2025 წლის ოქტომბერში უკრაინამ და შვედეთმა ხელი მოაწერეს JAS 39 Gripen-ის შესაძლო მიწოდების განზრახვის შესახებ შეთანხმებას. მაშინ პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინა 150 თვითმფრინავის მიღებას იმედოვნებდა და პირველი მათგანი უკვე 2026 წელს უნდა მიეღო.
2026 წლის მაისში თავდაცვის მინისტრმა ფედოროვმა განაცხადა, რომ შესყიდვის შეთანხმებას "უახლოეს თვეებში" მოაწერდნენ ხელს, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა Saab JAS 39 Gripen-ის პირველი გამანადგურებლების მიღებას მომდევნო 10 თვის განმავლობაში ელოდა.
შვედური JAS 39 Gripen-ის პირველი პარტია უკრაინას შორი მოქმედების კლასის ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტა Meteor-ებთან ერთად მიეწოდება.





