აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ამ შაბათ-კვირას ირანის ქალაქ გორუკსა და კეშმის კუნძულზე განთავსებულ რადარებსა და დრონების სამეთაურო-საკონტროლო ობიექტებზე თავდაცვის მიზნით იერიშები მიიტანა.
"გააზრებული და მიზანმიმართული დარტყმები შაბათსა და კვირას ირანის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ განხორციელდა, რომელთა შორის იყო აშშ-ს MQ-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება, რომელიც საერთაშორისო წყლების თავზე მისიას ასრულებდა" - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
CENTCOM ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს ავიაგამანადგურებელმა გაანადგურა ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, სახმელეთო მართვის სადგური და ორი მოიერიშე დრონი, რომლებიც რეგიონულ წყლებში მოძრავი გემებისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენდნენ.
სადრდლობა აცხადებს, რომ ოპერაციების ფარგლებში არც ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. CENTCOM აღნიშნავს, რომ აშშ-ს აქტივებისა და ინტერესების დაცვას ირანის გაუმართლებელი აგრესიის საპასუხოდ ცეცხლის შეწყვეტის მიმდინარე რეჟიმის პირობებშიც გააგრძელებს.




