რუსული რეჟიმი

რა წერია შესწორებებში - ევროპარლამენტარები იმედის, რ2-ის და POSTV-ს დასანქცირებას ითხოვენ

5 მაისს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშს, რომელსაც დამატებული აქვს შესწორებები TV იმედის, რუსთავი 2-ის და POSTV-ს დასანქცირების შესახებ. ევროპარლამენტარები ძირითად დოკუმენტს და შესწორებებს ცალცალკე განიხილავენ.

ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებულია 19 მარტით დათარიღებული ანგარიშის შესწორებები, სადაც ევროპარლამენტარები მოითხოვენ TV იმედის, რუსთავი 2-ის და POSTV-ს დასანქცირებას და მათ "ქართული ოცნების რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ფრთას" უწოდებენ.

"უმკაცრესად გმობს TV იმედის, რუსთავი 2-ის და POSTV-ს მიერ გავრცელებულ სისტემატურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებელ კამპანიებს და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც მოქმედებენ არა როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალებები, არამედ როგორც "ქართული ოცნების" რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ფრთა," - წერია ანგარიშის შესწორებაში.

შესწორებაში ასევე ნახსენებია ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი და დაგმობილია პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მის წინააღმდეგ წამოწყებულ "დამამცირებელ ნარატივებს".

"გმობს განმეორებით თავდასხმებს ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელზე, ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე, მათ შორის დამამცირებელ ნარატივებს, მანიპულაციურ რეპორტაჟებს და კოორდინირებულ მცდელობებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შელახვის მიზნით," - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება ვერ გასაღდება, როგორც კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა და, შესაბამისად, არ არის მედიის თავისუფლების წესებით დაცული.

"ხაზს უსვამს, რომ დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება, დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ წაქეზება და ანტიევროპული მტრობის ორკესტრირება არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად, რომელიც დაცულია მედიის თავისუფლებით, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ პროპაგანდას, რომლის მიზანია ავტორიტარული კონტროლის განმტკიცება და საქართველოს ევროპული გზიდან იზოლირება."

დოკუმენტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს როლს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ სტატუსს თან ახლავს.

"ხაზს უსვამს, რომ ასეთი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისა, და ძირს უთხრის პლურალიზმის, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს," - წერია შესწორებაში.

საბოლოოდ, ანგარიშის ეს შესწორება მოუწოდებს შესაბამის ინსტიტუტებს, მიიღონ შესაფერისი ზომები, მათ შორის, სანქციების დაწესება.

"მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების ევროკავშირის გლობალური რეჟიმის ფარგლებში, იმ შემთხვევაში თუ ასეთი მტრული საქმიანობა გაგრძელდება."

ამას გარდა, ანგარიშის 125-ე შესწორება მოითხოვს, რომ სანქციების სიაში საქართველოს კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრებიც შევიდნენ.

"მოითხოვს ევროკავშირის სანქციების სიაში შეტანას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრების, აგრეთვე იმედი TV-ისა და POST TV-ის იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაზე და ქვეყანაში მედიის პლურალიზმის მნიშვნელოვან შელახვაზე," - აღნიშნულია დოკუმენტში.

ერთ-ერთი შესწორება ასევე აღნიშნავს, რომ TV იმედი და POSTV გაერთიანებულ სამეფოში სანქციებს უკვე ექვემდებარებიან და მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, მათ მიბაძონ.

"აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს მიერ მიღებულ უახლეს გადაწყვეტილებას ამ მაუწყებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს გადახედონ ასეთი მედია საშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიბაძონ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი ზომები."

დოკუმენტი ასევე მოიხსენიებს ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, სასამართლოს ობიექტურობის შესახებ შეკითხვები მაინც არსებობს.
 
"აღნიშნავს, რომ მიუხედავად სისხლისსამართლებრივი გარიგებისა და კორუფციის სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობისა, ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობა იწვევს სერიოზულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, შეესაბამებოდა თუ არა სასამართლო პროცესი სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს; ხაზს უსვამს, რომ ეს საქმე ასახავს უფრო ფართო პრობლემებს პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების, არაფორმალური ძალაუფლების სტრუქტურებისა და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირებების შესახებ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით," - წერია რეზოლუციაში.
 
 

კომენტარები