კრიმინალი

შსს: დავაკავეთ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის 11 მოქალაქე, ეროვნულ დონეზე ძებნილი 3 პირი

კადრი ვიდეოდან/შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში შსს-ს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის მიერ გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე იძებნებოდნენ, ხოლო 3 პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყვნენ ძებნაში. განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ თურქულ მხარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო ნაწილი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რაზეც შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. მათ შორის: ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, რეალიზაციის, შეძენისა და ფლობის, ქურდობის, სხეულის განზრახ დაზიანების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სხვისი ქონების დაზიანების, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, სასჯელის მოხდისგან თავის არიდების, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.

დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა.

აღნიშნული პირების ადგილსამყოფლის დადგენასა და დაკავებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.

აქვე გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტიანად ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ერთად მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები