აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანში ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, თუ ახალი ლიდერი წინას მსგავსი იქნება. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან ილაპარაკა.
"ყველაზე უარესი სცენარი იქნებოდა, ეს (რედ. - წარმატებული ოპერაციები) გავაკეთოთ და ვიღაც მოვიდეს ძალაუფლებაში, ვინც წინასავით ცუდი იქნება. ეს შეიძლება მოხდეს. არ გვსურს ეს მოხდეს. ეს ყველაზე უარესი იქნებოდა." - თქვა ტრამპმა.
ამას გარდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს აიათოლა ალი ხამენეი.
"ადამიანთა უმეტესობა, ვისზეც ვფიქრობდით, მკვდარია... ვიღაცებზე ვფიქრობდით იმ ჯგუფიდან, რომელიც მკვდარია. ახლა გვყავს სხვა ჯგუფი. შეიძლება ისინიც მკვდრები არიან, ცნობების მიხედვით. როგორც ჩანს, მოდის მესამე ტალღა, მალე აღარავინ გვეცოდინება.
ვენესუელა ისეთი შესანიშნავი იყო - ჩვენ მივიტანეთ იერიში და მთავრობა ხელშეუხებელი დავტოვეთ და გვყავს დელსი [როდრიგესი], რომელიც ძალიან კარგად იქცეოდა, გვქონდა მთელი მმართველობითი ჯაჭვი და ურთიერთობა მშვენიერი იყო." - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, განიხილავს თუ არა შაჰის მემკვიდრის, რეზა ფეჰლევის კანდიდატურას, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ განიხილავს, თუმცა ბევრი არ უფიქრიათ. მისივე თქმით, უმჯობესია, თუ ახალი ლიდერი ირანიდან იქნება.
"როგორც ჩანს, ის არის [შესაძლო ვარიანტი]. კიდევ მისი მსგავსი რამდენიმე ადამიანი. ამაზე ბევრი არ გვიფიქრია. ჩემი აზრით, შესაძლოა უმჯობესი ყოფილიყო ვიღაც [ირანის] შიგნიდან. ის ძალიან კარგი პიროვნება ჩანს, მაგრამ, ვფიქრობ [უკეთესი იქნებოდა] ვიღაც, ვინც იქაა, ვინც ამჟამად პოპულარულია, თუ არსებობს ასეთი პირი. გვყავს მსგავსი ხალხი. გვყავს ხალხი, რომლებიც უფრო ზომიერები არიან. ესენი რადიკალი შეშლილები იყვნენ. იცით, რას მიიღებენ? - არაფერს. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, ადამიანების ხოცვაა." - თქვა ტრამპმა.





