აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც

აბდოლრაჰიმ მუსავი

ირანის სამთავრობო ტელევიზიამ დაადასტურა, რომ აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავიც.

მუსავი ერთ-ერთია ირანის რეჟიმის იმ 30 მაღალჩინოსანსა და სამხედრო მეთაურს შორის, რომლებიც 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის ერთობლივ იერიშებს ემსხვერპლნენ. მათ შორის არის აიათოლა ალი ხამენეიც, რომლის სიკვდილის შესახებაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა.

ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური და ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანიც, თუმცა მანამდე მათი დაღუპვის შესახებ ცნობები ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) უკვე დადასტურებული ჰქონდა.

პარალელურად, ირანის სამთავრობო მედიამ დაადასტურა აშშ-სა და ისრაელის მიერ გავრცელებული ცნობა ხამენეის დაღუპვის შესახებ, რის შემდეგაც ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რეჟიმი "ყველა სცენარისთვის" არის მზად, მათ შორის, უზენაესი ლიდერის სიკვდილისთვისაც. 

ამავდროულად, ირანმა 40-დღიანი გლოვის პერიოდი გამოაცხადა, ხოლო ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა თქვა, რომ აიათოლას მკვლელობის შემდეგ გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რის ფარგლებშიც, "მალევე შეიქმნება ლიდერების დროებითი საბჭო".

ლარიჯანის თქმით, მომდევნო ლიდერის გამოცხადებამდე ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლები ირანის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მცველთა საბჭოს იურისტი იქნებიან.

კომენტარები