აშშ-ირანის დაპირისპირება

ABC News: ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ვარიანტები გააცნო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Kent Nishimura/AFP via Getty Images

ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა და სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა, ბრედ კუპერმა, 26 თებერვალს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ პოტენციური სამხედრო ვარიანტები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელემაუწყებელი "ტრამპთან დაახლოებულ პირზე" დაყრდნობით ავრცელებს. 

საკითხზე ინფორმირებული წყაროს მიხედვით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ს გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი დენ კეინიც. აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს არმიის მოწინავე მეთაურებს ტრამპი იმავე დღეს შეხვდა, როცა აშშ-სა და ირანის მაღალჩინოსნებმა ჟენევაში ერთმანეთთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს. 

სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ არცერთ მხარეს არ უთქვამს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე პროგრესი იყო და დაამატა, რომ ვენაში "ტექნიკური მოლაპარაკებები" მომდევნო კვირიდან გაგრძელდებოდა. 

ამავდროულად საკითხზე ინფორმირებული ორმა პირმა ABC News-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე რესპუბლიკელი და ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალჩინოსანი პირად საუბრებში მხარს უჭერდა იდეას, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმას ისრაელი გაუძღვეს, ნაცვლად იმისა, რომ სამხედრო მოქმედებები აშშ-მ დაიწყოს. 

ABC News-ის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, დაუჭირა თუ არა მხარი ტრამპმა ამ წინადადებას, თუმცა, წყაროების თქმით, ტრამპი უფრო და უფრო უკმაყოფილოა, რომ ირანის რეჟიმი არ თანხმდება მის მოთხოვნებს, შეწყვიტონ ურანის გამდიდრება და შეზღუდონ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. 

პარალელურად, გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ს წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ხამენეის რეჟიმს "მკაცრი მოთხოვნები' წაუყენეს იმ ფონზე, როცა ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესში რესპუბლიკელი "ქორებისგან" წნეხის ქვეშაა, რათა თეთრი სახლი არ დათანხმდეს ისეთ შეთანხმებას, რომელიც კრიტიკოსების მხრიდან სუსტად შეფასდება.

ჟენევაში თეირანისა და ვაშინგტონის დელეგაციებს შორის შეხვედრამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანს "ერთი კვირა აშორებს სამრეწველო დონის ბომბის დასამზადებელი მასალის მიღებისგან".

ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მობილიზაციას განაგრძობს. გავრცელებული ცნობებით, მეორე ამერიკულმა ავიამზიდმა, USS Gerald R. Ford-მა კრეტა უკვე დატოვა და მალე ისრაელს მიუახლოვდება.

ხოლო სამხედრო საჰაერო მიმოსვლის ალიანსის (MATA) მიხედვით, რომელიც ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) დაახლოებით 30-მდე ანალიტიკოსისგან შედგება, ბოლო პერიოდში აშშ-მ რეგიონში ათეულობით ავიაგამანადგურებელი, მათ შორის, F-35-ები, F-22-ები, F-16-ები და F-15-ები გაგზავნა. ახლო აღმოსავლეთში ასევე ჩაფრინდა 85-ზე მეტი ტანკერი და 170-ზე მეტი სატვირთო თვითმფრინავიც. ამასთან, რეგიონში სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში, აშშ-მ თერთმეტი F-22-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ისრაელის ავიაბაზაზე გაგზავნა.

კომენტარები