ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი სამინისტროში ხვალ, 26 თებერვალსაა დაბარებული.
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ელჩისგან "მოითხოვენ განმარტებას", რის საფუძველზე დაასანქცირეს TV იმედი და POSTV.
"სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ყოველგვარი საფუძვლების გარეშე ასეთ ხელჩართულ ბრძოლაშია ჩვენი ქვეყანა და გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ასეთი შეტევებისგან. რა საფუძველი შეიძლება არსებობდეს იმისათვის, რომ დღეს ქართული ტელეარხები აღმოჩნდნენ სანქციების პაკეტში, რომელიც მიმართულია რუსეთის დასამარცხებლად, ჩვენ ასე გვესმის, რომ სანქციებს აწესებენ იმისათვის, რომ უკრაინას გაუმარტივდეს რუსეთთან ბრძოლა და მიზანი ამ სანქციების ხომ არის ის, რომ რუსეთი დაამარცხონ. ცინიკურია, არ ვიცი ამას სერიოზულად როგორ შეიძლება შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას.
ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანულ მხარესთან, ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების. გარდა სიტყვის თავისუფლებისა, მედიაზე საუბრისა, როდესაც სანქციებზეა საუბარი და დასანქცირებაზე, ამას სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი" . - თქვა ბოჭორიშვილმა სამთავრობო რუსთავი 2-ის ეთერში.
ბოჭორიშვილის თქმით, ცდილობენ ასეთი გზით "განახორციელონ ზეწოლა საქართველოზე".
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.





