TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

ფასი დაკარგა ამ ყველაფერმა - ყაველაშვილი სანქციებზე

ივანიშვილის არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
Google Images

ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისთვის "ღიმილისმომგვრელია", რა მიზეზითაც დაასანქცირა გაერთიანებულმა სამეფომ TV იმედი და POSTV. ამის შესახებ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ილაპარაკა.

"არ ვიცი, არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში რომელიმე მოქალაქე, რომ ამას სერიოზულად შეხედოს. ის, რომ აზიანებენ იმედი და POST TV უკრაინაში განწყობებს და ამის მიხედვით იქ იქმნებოდა ქაოსი, არ ვიცი, ეს რას შევადარო, თუმცა, ერთია, რომ ამას ჩვენ ღიმილით ვხვდებით, მაგრამ მეორე - ჩვენ ხომ ვიცით, რატომ აკეთებენ ამას - ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაზე, რიგით მოქალაქეებზე, მთლიანად ჩვენს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ერთერთი შემადგენელი ნაწილი, რომ რადგან ეს ტელევიზიები საკმაოდ პოპულარულია და აქვს ნდობა ჩვენს საზოგადოებას, ბევრი იფიქრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი.

თუმცა, იმედის პასუხი მე მგონი, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები და მათი შეფასება. ყველა ვხედავთ თუ როგორ მუშაობს ჩვენთან მედიასივრცე და იმედი არის ერთერთი წამყვანი ტელევიზია, პოსტივიც იკრებს თავის რეიტინგებს და სხვა ტელევიზიებიც, არა მაქვს ამაზე საუბარი, მაგრამ იმ მიზეზით რომ ასანქცირებ, თან სხვა ქვეყნის მთავრობა საქართველოში მოქმედ მედიაკომპანიებს, ეს არის ის გაგრძელება, რაზეც ვისაუბრეთ და მე მგონი, იმდენად არის ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება, რომ არ უკვირს, თუმცა, რეაგირება აუცილებელია, პასუხის გაცემა აუცილებელია, ჩვენ ვიცით, რატომ კეთდება, მთავარი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რატომ ხდება ეს ყველაფერი, მომზადებულია ამ ინფორმაციისთვის, ამგვარი ნაბიჯებისთვის, იგივე იყო ბიბისის ფილმი, იგივე დანიშნულება ჰქონდა, რომ აქ გამოიწვიონ არეულობა, ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და ეს პროცესი მიმდინარეობს, არ უნდა გაგვიკვირდეს" - თქვა ყაველაშვილმა.

ივანიშვილის პრეზიდენტის შეფასებით, სანქციებმა ფასი დაკარგა.

"მანამდე ხომ გვახსოვს, დაასანქცირეს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები, სასამართლოსი, ხელისუფლების წევრები, რის გამო, ჰო? აღარ ვსაუბრობ, რომ ბიძინა ივანიშვილია დასანქცირებული და ფასი დაკარგა ამ ყველაფერმა. მთავარი არის ჩვენთვის, რომ ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება თუ რატომ ხდება ეს,  რას ემსახურება ეს სანქციები და ვის მიერაა ეს განხორცუელებული. ერთია, რომ ბრიტანეთის მთავრობა ახმოვანებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ჯგუფი, არაერთხელ გვისაუბრია, ის ძალა, რომელიც ამ პროცესებში დიდ ძალას წარმოადგენს და სხვადასხვა სახელით მოვიხსენიებთ - დიფ სთეითს და გლობალური ომის პარტიასაც ხშირად არქმევენ, არამარტო საქართველოში, არამედ, სხვა ქვეყნებშიც" - ამბობს ყაველაშვილი.

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა.

სანქციების სიის დოკუმენტის მიხედვით, TV იმედსა და POSTV-ს შეეხებათ აქტივების გაყინვა, ტრასტის მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, რომელიც ინდივიდს კომპანიის დირექტორობას, მის დაარსებას ან მართვას გარკვეული პერიოდით უზღუდავს, სანქციის დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

კომენტარები