CBS News-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების მოწინავე მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადეს, რომ აშშ-ს არმია ირანზე პოტენციური იერიშების მისატანად შაბათისთვისაც არის მზად, თუმცა, წყაროების თქმით, თეირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებისთვის ვადა, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას გადასცდება.
ტელეარხის წყაროების მიხედვით, ირანზე იერიშის მიტანასთან დაკავშირებით ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. მაღალჩინოსნების თქმით, დისკუსიები ცვალებადია და ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
პარალელურად გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ ბოლო პერიოდში აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში დიდი რაოდენობის ავიაგამანადგურებლები და მათი დამხმარე სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა, რაც 2003 წელს ერაყში შეჭრის შემდეგ აშშ-ს მიერ რეგიონში საჰაერო ძალების ყველაზე მასშტაბურ მობილიზაციას წარმოადგენს.
WSJ-ს მიხედვით, აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის უკვე მზადაა, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს იერიშების მიტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ამერიკელ მაღალჩინოსანსა და ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში F-35-ისა და F-22-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც გადაისროლა.
ხოლო ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკურმა წყაროებმა 18 თებერვალს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მეორე ამერიკული ავიამზიდი, რომელსაც ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა უბრძანა, მაროკოს სანაპიროსთან გამოჩნდა და გიბრალტარისკენ მიცურავს. ირანთან სიახლოვეს აშშ-ს ასევე განლაგებული ჰყავს ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი, რომელიც რეგიონში დაახლოებით სამი კვირის წინ ჩავიდა.
ამასთანავე, ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავენ ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები. ბოლო კვირების განმავლობაში კი აშშ-მ რეგიონში უკვე განალაგა კრიტიკული მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვითი სისტემები.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WSJ-ს დაუდასტურეს, რომ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სხვადასხვა სამხედრო ვარიანტები უკვე გააცნეს და ყველა მათგანის მიზანი ირანის რეჟიმისა და მისი რეგიონული პროქსი ძალებისთვის უკიდურესი ზიანის მიყენებაა.
გამოცემის წყაროების თქმით, ვარიანტები მოიცავს კამპანიას ირანის რეჟიმის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების დახოცვის მიზნით და ასევე საჰაერო იერიშს, რომლის მიზანიც მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების საწარმოებსა და ბირთვულ ობიექტებზე, საჰაერო იერიშებია. WSJ-ს ცნობით, ორივე შესაძლო ვარიანტი რამდენიმეკვირიან სამხედრო ოპერაციას გულისხმობს.





