აშშ-ს საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი USS Delbert D. Black ისრაელში, ეილათის პორტში შევიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Ynet-ის ცნობით, საესკადრო ნაღმოსნის ჩასვლა აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილია, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი.
გასულ კვირაში, ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ სამხედროები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის და მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
ამასთან, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი გასულ კვირაში ისრაელში ჩავიდა. ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ მოკავშირეს შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.





