რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე რუსეთსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობა გაგრძელდება.
ლავროვის თქმით, ბუშერის ატომური სადგური ფართოვდება, ამავდროულად აქტიურად მიდის მუშაობა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო დერეფანზე რუსეთს, აზერბაიჯანსა და ირანს შორის.
"ვაჭრობა ისე გაგრძელდება, როგორც ეს გადავწყვიტეთ. ჩვენ კარგი სავაჭრო და საინვესტიციო გეგმები გვაქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. [...] ვერ ვხედავ მიზეზს, ჩვენ, ან ჩვენმა ირანელმა მეგობრებმა რატომ უნდა გავაჩეროთ ეს პროექტები" – ამბობს ლავროვი.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. HRANA-ს მიხედვით, დასტურდება 3 090 ადამიანის, მათ შორის, 2 885 დემონსტრანტის, დაღუპვა.
პარალალურად, ამერიკულმა ტელემაუწყებელმა, CBS News-მა ირანის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანში ხამენეის რეჟიმის მხრიდან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შედეგად 12 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული და ეს რიცხვი, შესაძლოა 20 000-საც აღწევდეს.





