ირანი

ირანის ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო აქციები გაიმართა

29 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე აქციები გაიმართა.

New York Times წერს, რომ გასულ შაბათ-კვირას ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 დეკემბერს ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მოჰამად რეზა ფარზინმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

28 დეკემბერს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას კრიზისის მასშტაბი აღიარა.

"ამბობენ - 'ხელფასები გაზარდეთ' - საიდან მოვიტანოთ ფული?" - განაცხადა მან. არსებული მდგომარეობა პეზეშკიანმა წინა მთავრობების, პარლამენტებისა და ოფიციალური პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დააბრალა.

NYT წერს, რომ ირანის ლიდერებისთვის ეკონომიკური არასტაბილურობა დამატებითი გამოწვევაა, მაშინ როცა ისინი 92-მილიონიან ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობენ.

კომენტარები