გამოკითხვა: უკრაინელთა 75%-ისთვის ტერიტორიული დათმობები ან არმიის შეზღუდვა მიუღებელია

 უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის სამ-მეოთხედზე მეტისთვის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა მიუღებელია.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 72% მზად არის ისეთი შეთანხმებისთვის, რომლის მიხედვითაც არსებული ფრონტის ხაზი გაიყინება და რომელიც გარკვეულ კომპრომისებს შეიცავს.

თუმცა, 75%-ის აზრით, რუსეთისთვის უფრო სასარგებლო გეგმა, რომელიც უკრაინის მხრიდან ტერიტორიის დათმობას ან არმიის ზომის შეზღუდვას გულისხმობს, "სრულად მიუღებელია".

ამავე გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 63% მზად არის ბრძოლა გააგრძელოს, ხოლო მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ ომი 2026 წლის დასაწყისამდე დასრულდება.

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების მხოლოდ 21% ენდობა ვაშინგტონს, მაშინ როცა გასული წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 41% იყო. ამავე პერიოდში ნატოს მიმართ ნდობაც 43%-დან 34%-მდე შემცირდა.

KIIS-ის გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების მხოლოდ 9%-ს სურს არჩევნების ჩატარება ომის დასრულებამდე. კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის 
აღმასრულებელი დირექტორის, ანტონ ჰრუშეცკის თქმით, ზელენსკისადმი ნდობა სავარაუდოდ გასულ თვეში მომხდარი დიდი კორუფციული სკანდალის შემდეგ შემცირდა, თუმცა მისი მთავარი მრჩევლის გათავისუფლებისა და აშშ-ს მხრიდან ახალი ზეწოლის ფონზე, ნდობა კვლავ გაიზარდა და 61%-ს მიაღწია.

გამომკითხველები აღნიშნავენ, რომ ეს იმ სირთულეს აჩვენებს, რომლის წინაშეც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დგას, როდესაც თეთრი სახლის ზეწოლის პირობებში რუსეთთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გამოკითხვა ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა და ის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მყოფ 547 რესპონდენტს მოიცავდა.

  • https://tabula.ge/ge/news/743829-trampis-tkmit-ukrainashi-omis-damtavreba-imaze 

კომენტარები