BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ემბარგო დაუწესდეს საპოლიციო აღჭურვილობას – Amnesty BBC-ს სტატიაზე

Amnesty International

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International საქართველოში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ BBC-ს გამოძიებას ეხმაურება, ქართული ოცნების მიერ ჟურნალისტების, უფლებადამცველების, მოწმეებისა და ექსპერტების დაშინებას აკრიტიკებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ოცნებას საპოლიციო აღჭურვილობის სრული ემბარგო დაუწესონ

"Amnesty International ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველების დაშინების ტალღით მას შემდეგ, რაც BBC Eye-ს გამოძიების მიგნებები გამოქვეყნდა, რომლებიც მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლის ნოემბრისა და დეკემბრის მშვიდობიანი მშვიდობიანი მასობრივი აქციების წინააღმდეგ შეიძლება საზიანო და პოტენციურად მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები გამოეყენებინა. [...]

საგამოძიებო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მთავრობის მხრიდან უართან ერთად, გაამხილოს და განაახლოს ინფორმაცია, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს ფლობს არეულობის აღკვეთის მიზნით, ან წყლის ჭავლის მანქანებში რა ნივთიერება დაამატეს ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის (CWC) ვალდებულებების დარღვევით, ხაზს უსვამს ბრალდებებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მთავრობის ქცევის გამოსაკვლევად საერთაშორისო გამოძიების გადაუდებელ საჭიროებას.

Amnesty International მოუწოდებს, რომ 2024 წლის აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისა და უკანონო ძალის სხვაგვარი გამოყენების ბრალდებების გამოძიების საერთაშორისო მექანიზმები შეიქმნას და რომ ქიმიური იარაღების აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) გამოძიებას ყველაზე შესაფერისი მექანიზმით დაუჭიროს მხარი. ის ასევე მოუწოდებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მტკიცე ზომები მიიღონ, მათ შორის, საპოლიციო აღჭურვილობასა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იარაღზე სრული ემბარგო შემოიღონ ". - წერია განცხადებაში. 

Amnesty International აკრიტიკებს სუს-ის მიერ ექსპერტების, მოწმეებისა და ადამიანის უფლებადამცველების წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს "მტრული საქმიანობის" შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს მიზნად ისახავს, ადამიანები დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან შეაკავოს. 

"ძალის უკანონო გამოყენების ბრალდებების ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების ნაცვლად ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებმაც დაზიანებებს აღრიცხავდნენ, სამედიცინო მტკიცებულებებს აანალიზებდნენ ან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებაზე საჯაროდ საუბრობდნენ.

"უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" ბრალდებები, რომლებიც მათ წარუდგინეს, უსაფუძვლოა და, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ადამიანები დარღვევების შესახებ შეტყობინებისგან შეაკავოს, ლეგიტიმური აკადემიური თავისუფლება და ჟურნალისტური და უფლებადამცველთა სამუშაო და ასევე სახელმწიფოს ქმედებების განხილვა შეზღუდოს. საქართველოს ხელისუფლებამ მოწმეთა შევიწროება უნდა შეწყვიტოს, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენება ეფექტიანად და მიუკერძოებლად გამოიძიოს, დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს და მსხვერპლებს სამედიცინო დახმარება გაუწიოს და რეპარაციები გადასცეს". - წერია განცხადებაში. 

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა თქვა, რომ ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსხვერპლების "მტრულ საქმიანობასთან" დაკავშირებით დაბარებით ოცნება გამოძიების სანდოობას უთხრის ძირს.

"ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის გაზიარების "მტრულ საქმიანობად" შერაცხვით და ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსხვერპლების დაბარებით და მათი "სახელმწიფო ინტერესებისთვის" საფრთხედ შერაცხვით ხელისუფლება გამოძიების სანდოობას ძირს უთხრის და გამოხატვის თავისუფლებისთვის გამყინავ ეფექტს ქმნის. [...]

ექსპერტებისა და მოწმეთა დაშინება, ხელისუფლების მხრიდან ამ ბრალდებების გამოძიების თვითონ იდეის მიმართაც არასწორ დამოკიდებულებასთან ერთად, დამოუკიდებელ საერთაშორისო შესწავლას აუცილებელს ხდის. 

Amnesty International მოუწოდებს, რომ 2024 წლის პროტესტების დროს აქციის მონაწილეებისა წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერებების შესაძლო გამოყენებისა და საქართველოს პოლიციის მხრიდან უკანონო ძალის სხვა გამოყენების გამოძიების საერთაშორისო მექანიზმი შეიქმნას, ხოლო ქიმიური იარაღების აკრძალვის ორგანიზაციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ფაქტების დამდგენ მისიას დაუჭირონ მხარი". - თქვა კრივოშეევმა.

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები