აქციებზე დაკავებულები

ზინოვკინას კლინიკაში გადაყვანაზე ციხის ადმინისტრაციამ შესაბამის ორგანოს მიმართა – ადვოკატი

აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინა ციხიდან კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ზინოვკინას ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის და ხერხემლის პრობლემის გამო, შესაბამის სამსახურს მიმართა ციხის ადმინისტრაციამაც, თუმცა, დღეის მდგომარეობით, პასუხი არ მიუღიათ.

"ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლოს როდესაც შევხვდი, იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. მას აქვს ხერხემლის ე.წ. თიაქარი, რაც გამწვავებული ფორმით არის, ვინაიდან ციხეში მოგეხსენებათ არ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის იდენტურ გარემოს. აქედან გამომდინარე, იმ მუდმივი ტკივილებისთვის რაც გააჩნია, მხოლოდ ადგილობრივ დონეზე რაც შეუძლია ექიმს, არის რომ გაუყუჩოს, თუმცა არ ტარდება შესაბამისი მკურნალობა მის მიმართ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უკვე ტკივილის ატანის რეჟიმშია.

ანასტასიამ განმიმარტა, თავად ციხის ადმინისტრაციამაც მიმართა შესაბამის სამსახურს, რაზეც არ აქვს პასუხი დღემდე მიღებული, ასევე არც მე მაქვს პასუხი მიღებული". - თქვა ლომინაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.

12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა.

30 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ადვოკატმა, ალიონა ზაიცევამ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ზინოვკინა ამბობდა, რომ ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უჭირს გადაადგილება, გარდა ამისა, საუბრობდა ცუდ პირობებზე, რომელიც, მისი თქმით, პენიტეცნიურ დაწესებულებაშია. 

იოსელიანის უწყების ცნობით, ზინოვკინა 2024 წლის დეკემბრიდან აპარატის წარმომადგენლებმა 6-ჯერ მოინახულეს. აგრეთვე აღნიშნავს, რომ მათ მანდატში არ შედის მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

3 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს".

კომენტარები