გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ძალზე დასუსტებული ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ძალაუფლების კვლავ გამყარებას ცდილობს.
Reuters წერს, რომ ჰამასმა, სულ მცირე, 33 ადამიანი მოკლა იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებმაც ღაზაში მათი "ძალაუფლება გამოცადეს."
ღაზის სექტორის ორ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ჰამასმა თანდათანობით ქუჩებში თავისიანები გაგზავნა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა.
ხოლო 13 ოქტომბერს, ბოლო ცოცხალი მძევლების გათავისუფლების დროს, ჰამასმა ალ-კასამის ბრიგადების სამხედრო ფრთის წევრებიც გამოიყვანა, რომლებსაც, ჰამასის წყაროების თქმით, "მძევლების დაცვა" ევალებოდათ.
Reuters-ის წყაროების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ჰამასმა 32 პირი მოკლა, რომლებიც "ქალაქ ღაზაში ოჯახთან დაკავშირებული ბანდის" წევრები იყვნენ. თავის მხრივ, ჰამასმა 6 წევრი დაკარგა.
მოგვიანებით, 13 ოქტომბერსვე, სოციალურ მედიაში გავრცელდა ღაზის სექტორში გადაღებული მასობრივად სიკვდილით დასჯის ვიდეო, რომელშიც რამდენიმე შენიღბული პირი, სულ მცირე, შვიდ ადამიანს მუხლებზე დაჩოქებას აიძულებს და ცეცხლსასროლი იარაღით კლავს. ვიდეოში ჩანს ათეულობით მაყურებელი მოქალაქეც, რომლებიც ინციდენტის დროს "ღმერთი უდიდესიას" ყვიროდნენ და მოკლულებს "კოლაბორაციონისტებად" მოიხსენიებდნენ.
Reuters აღნიშნავს, რომ ვიდეოში მომხდარის, მისი თარიღისა და ადგილმდებარეობის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.





