იაპონია

იაპონელი "რკინის ლედი", სანაე ტაკაიჩი შესაძლოა, იაპონიის პირველი ქალი პრემიერი გახდეს

იაპონიის ლიბერალ-დემოკრატიულ მმართველ პარტიას, ახალი ლიდერი ჰყავს - ეკონომიკური უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი, სანაე ტაკაიჩი, მკაცრი კონსერვატორი, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდება.

ტაკაიჩი, ყოფილი პრემიერმინისტრ შინძო აბეს კონსერვატიული ხედვის ერთგული მხარდამჭერია. ასევე, ის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თაყვანისმცემელია.

"ჩემი მიზანია, იაპონიის რკინის ლედი გავხდე" - თქვა ტაკაიჩიმ საკუთარი კამპანიის დროს.

AP News წერს, რომ 64 წლის ტაკაიჩის წინაშე მყისიერი ამოცანაა იპოვოს გზები, რათა მისი პარტია ხელისუფლებაში დარჩეს და ინფლაციისა და დიპლომატიური გამოწვევების, მათ შორის აშშ-სთან სავაჭრო დავის, გადაჭრის გზით საზოგადოების ნდობა კვლავ მოიპოვოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტაკაიჩიმ თავისი უკიდურესად კონსერვატიული ხედვების გამო შესაძლოა თავისი პარტიის ხანგრძლივი კოალიციური პარტნიორი, ბუდისტების მიერ მხარდაჭერილი ცენტრისტული პარტია "კომეიტო", დაკარგოს. 

ახალი პრემიერმინისტრის დასამტკიცებლად პარლამენტში კენჭისყრა თავდაპირველად 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ეს თარიღი სავარაუდოდ გადაიდება, რადგან შესაძლო კოალიციის პარტნიორებთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება - ამის შესახებ Reuters-ს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წყაროები უყვებიან.

მოსალოდნელია, რომ იაპონიის ახალი ლიდერი სწორედ ტაკაიჩი გახდება, რადგან ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ წაგებული არჩევნების შემდეგ პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობა აღარ აქვს, მაინც ყველაზე დიდი ძალაა პარლამენტის ქვედა პალატაში, რომელიც ქვეყნის პრემიერმინისტრს ირჩევს. ამ ფაქტს ასევე ემატება ის, რომ  ოპოზიციური ჯგუფები ძალიან დაქსაქსულია.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს იაპონიის პრემიერმინისტრმა, შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა.

კომენტარები